დაელოდეთ...

 საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

 რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 ფიზიკური პირის, რომელიც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;

აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით შემოსავალი:

საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება;

ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 10 პროცენტით იბეგრება.

გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი სახის შემოსავლები:

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

დივიდენდები;

პროცენტები;

 როიალტი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიღებული როიალტისა;

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა)  მონაწილე პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, მიერ 1000 ლარზე მეტი ქონების უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

 ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

 ფიზიკური პირი, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

განსხვავებული წესით იბეგრება საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი.

საქართველოში არსებულ დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

მიმდინარე გადასახდელების გადახდა ევალება მეწარმე ფიზიკურ პირს წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით შემდეგი ოდენობით:

არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;

არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში:

  • I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
  •  1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;
  • III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.

 ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის ან/და საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით  მიღებული ნამეტი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:

  •  სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
  • სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.


CRX