დაელოდეთ...

 იმ შემთხვევაში, როდესაც ერთსა და იმავე დასაბეგრ ქონებას (მიწას) ფლობს რამდენიმე პირი და ამონაწერში არ არის გამიჯნული წილები, მაშინ თითოეულ პირზე ქონების გადასახადი დაიანგარიშება თანაბარი პროპორციით. 

მაგალითად: 20 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეა 4 პირი (ამონაწერში წილები არ არის გამიჯნული). თითოეულისთვის მიწაზე ქონების გადასახადი დაიანგარიშება 5 ჰექტარზე (25%-ის ოდენობით). ამასთან, თუ პირები არიან ერთი ოჯახის წევრები, შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება ყველას მაგივრად.

 ქონების გადასახადის გადამხდელები არიან რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დასაბეგრი ქონება.

ფიზიკური პირისათვის ქონების, გარდა მიწისა, გადასახადით დასაბეგრია:

  • საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები; 
  • არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;

ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივები, დაუმონტაჟებელ მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება

ფიზიკური პირისათვის მიწაზე ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით: 

  • მის საკუთრებაში არსებული მიწა; 
  •  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; 

მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი) ქონების გადასახადის გადამხდელია:

• თუ საქართველოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების მფლობელია და ამ პირის ოჯახის  წინა წლის  შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს. 

• თუ  საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა.

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

  • 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
  • 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები  კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

  • გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  0.24 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი .

  ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.

  ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი,  მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ: 

  •   ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის −  სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი  შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო სხვა დასაბეგრი შემოსავალი − სრული ოდენობით; 
  •  ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
  • დარიცხული ხელფასი.

ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში  არ შეიტანება:

  • ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
  • ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
  • დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; 
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
  • მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
  • დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.

 საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. 


CRX