დაელოდეთ...

მცირე ბიზნესის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ვალდებულება.

თუ ფიზიკური პირი არ არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ და Aაპირებს სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას:

ვალდებულია დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

რეგისტრაციის შემდეგ, მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი უფლებამოსილია, განცხადებით  მიმართოს საგადასახადო ორგანოს .

თუ ფიზიკური პირს სურს სამეცნიერო ან სახელოვნებო საქმიანობის განხორციელება, იგი მიმართავს საგადასახადო ორგანოს:

  • საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით;
  • მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით.

 მცირე ბიზნესის სტატუსი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის „მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული თარიღიდან.

მომსახურების საფასური- მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მომსახურების საფასური შეადგენს - 20 ლარს ანგარიშის რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

ბანკის კოდი - TRESGE22;

მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707017021

შენიშვნა: სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია მისი აღდგენა განაცხადის  - ,,მიკრო/მცირე ბიზნესის სერთიფიკატის აღდგენა (ავტომატური+)“ წარმოდგენის საშუალებით.

ფიზიკურ პირს მცირე ბიზნესის სტატუსი არ მიენიჭება, თუ იგი:

  •  არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს;
  • ახორციელებს მცირე ბიზნესისათვის აკრძალულ საქმიანობას;
  • ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რაზეც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ფიქსირებული გადასახადი. მას სტატუსი არ მიენიჭება მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში.

მცირე ბიზნესისათვის დადგენილი რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი შედგება  საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა (გადაჭარბების თვის დასაწყისიდან იმავე კალენდარული წლის ბოლომდე).  

მცირე ბიზნესის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება მცირე ბიზნესის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემოსავლის სახეები, რომელიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას საერთო წესით.

 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, სპეციალური რეჟიმით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის გარდა, დამატებით, შესაძლებელია იღებდეს  საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემოსავლებს. ასეთი შემოსავლის სახეები არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ შემოსავალში. ამასთან, ასეთი ტიპის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადით იბეგრება საერთო წესით.

ასეთი შემოსავლებია:

  • ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა;
  • სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი;
  • სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები;
  • ჩუქება;
  • ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია უძრავი ქონე­ბის, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით;
  • მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შე­მო­სავალი;
  • დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი;
  • პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • როიალტის სახით მიღებული შემოსავალი;
  • ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი;
  • პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

 თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირმა შეიცვალა ან დაიმატა მცირე ბიზნესის სტატუსისთვის ნებადართულ საქმიანობა, მას შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი -,,მიკრო/მცირე ბიზნესის საქმიანობის ცვლილების შესახებ“ რის საფუძველზეც გაცემულ სერტიფიკატში განხორციელდება შესაბამისი ცვლილება.

მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ:

პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს მიმართა კალენდარული წლის დასრულებამდე.

მცირე ბიზნესის სტატუსი გაუქმებულად მიიჩნევა კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, თუ :

პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარს გადააჭარბა;

ამასთან, თუ ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა, 2 კალენდარული წლის მონაცემების მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში გადააჭარბა 500 000 ლარს, მაგრამ იგი მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობდა მხოლოდ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, აღნიშნული არ  ჩაითვლება მისთვის სტატუსის გაუქმების საფუძვლად.

  თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი განახორციელებს მცირე ბიზნესისთვის აკრძალულ საქმიანობას, მას სტატუსი უუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის  დასაწყისიდან.

  თუ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის, მას სტატუსი გაუუქმდება მიმდინარე კალენდარული წლის  დასაწყისიდან.

  ფიზიკური პირი მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების  მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ელექტრონული განცხადებით - „მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმება“


იხილეთ მცირე ბიზნესის მიერ 2022 წლის საშამოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია


 


 

CRX