დაელოდეთ...

ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:

  • საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
  • საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია:

  • ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის ნაყოფიერი ფენაც სანახევროდ ან მეტადაა დაზიანებული სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
  • „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონება – დროებით, კონფლიქტის მოგვარებამდე და ეკონომიკური სიტუაციის მოწესრიგებამდე;
  • პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა, რომელიც მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
  • პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონება და მასზე დამაგრებული მიწა, თუ იგი ამ ქონებით ვერ სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით;
  • ფიზიკური პირები, რომლებმაც მიიღეს ახალასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, – მიღებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • ნასოფლარის ტერიტორიაზე, აგრეთვე განსახლების სახელმწიფო ღონისძიებათა შესაბამისად დასახლებულ მოქალაქეთა ოჯახები ამ ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – დასახლებიდან 5 წლის განმავლობაში;
  • 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
  • შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც;
  • მეორე მსოფლიო ომის ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები პრივატიზების წესით მიღებულ მიწის ნაკვეთებზე; 
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში არსებული, მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით;
  • მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
  • თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  •  სხვა.

 დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).

  ფიზიკური პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი) ვადის დარღვევის გამო პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება.

 იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

თუ გადასახდელი თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

 საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული  თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.

 რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

 ფიზიკური პირის, რომელიც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.

დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, გარდა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ცალკეული სახის შემოსავლებისა;

აღნიშნული განაკვეთისგან განსხვავებული განაკვეთით იბეგრება შემდეგი სახით შემოსავალი:

საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება;

ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

ფიზიკური პირის მიერ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 10 პროცენტით იბეგრება.

გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება შემდეგი სახის შემოსავლები:

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

დივიდენდები;

პროცენტები;

 როიალტი, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირის მიღებული როიალტისა;

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა)  მონაწილე პირის მიერ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა;

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, მიერ 1000 ლარზე მეტი ქონების უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული შემოსავალი;

ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი.

 ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

 ფიზიკური პირი, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება აზარტულ თამაშობაზე/თამაშობებზე მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობიდან, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს.

განსხვავებული წესით იბეგრება საქართველოში არსებული დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი.

საქართველოში არსებულ დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, ასევე, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს არ ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო აგენტის ფუნქციის შესრულება.

მოცემულ შემთხვევაში დაქირავებული პირის მიერ საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.


CRX