დაელოდეთ...

 სავარაუდო დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

 სავარაუდო დარიცხვის განხორციელების ძირითადი მიზანია დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა.

 სავარაუდო დარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს როდესაც გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

 სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება შესაბამისი დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ.

სავარაუდო დარიცხვა უქმდება შესწორებითი დარიცხვით, რაც გულისხმობს:

ა) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;

ბ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას საგადასახადო შემოწმების შედეგების

შესაბამისად მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  თუ შესწორებითი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, პასუხისმგებლობის/სანქციის ზომა განისაზღვრება მის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით სსკ-ის 274-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა) შესაბამისად. 

  თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება: ა) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით (დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა), ხოლო  ბ) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ( გადასახადის თანხის შემცირება).

 

სავარაუდო დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლებია:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 661 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 67-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაცია) მე-4 ნაწილი;

3.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების  221 მუხლი (სავარაუდო დარიცხვა);

4.საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“  ბრძანების 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი (გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია), მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი (მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია) და 74-ე მუხლის (დღგ-ის დეკლარაცია) მე-2 ნაწილი.

CRX