დაელოდეთ...

  საწარმო/ორგანიზაცია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადს იხდის  არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. ამასთანავე, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

თუ გადასახადის გადამხდელი საწარმო/ორგანიზაცია მხოლოდ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში არსებობს, იგი ქონებაზე გადასახადს იხდის ამ პერიოდის პროპორციულად.

საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

თუ იურიდიული პირი კალენდარული წლის დაწყების შემდეგ დაფუძნდა, მას შესაბამისი საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. ამასთანავე, მომდევნო საგადასახადო პერიოდის მიხედვით მიმდინარე გადასახდელის ოდენობა განისაზღვრება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის სრული ოდენობით.

 საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით .

  თუ ქონებაზე ქონების გადასახადში მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების ოდენობა, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასულ საგადასახადო წელთან შედარებით და აღნიშნულის შესახებ გადასახადის გადამხდელი არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 ივნისისა აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელის თანხა.

ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

გადამხდელს შეუძლია  საგადასახადო ორგანოში დეკლარაცია წარადგინოს:

პირადად

მოახდინოს ელექტრონული დეკლარირება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის საშუალებით

დეკლარაცია გაგზავნოს დაზღვეული საფოსტო გზავნილით. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის გადაცემის თარიღად ითვლება დაზღვეული საფოსტო გზავნილის გაგზავნის თარიღი. შემოსავლების სამსახურის მიერ მატერიალური ფორმის საგადასახადო დეკლარაციის მიღების მომსახურების საფასური განისაზღვრება ერთი დეკლარაციის ჩაბარებაზე 30 ლარით.

საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის დროს, სალიკვიდაციო კომისია ვალდებულია საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ქონების გადასახადის დეკლარაცია.

პირის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი) ვადის დარღვევის გამო პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება.

იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი ჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.


CRX