დაელოდეთ...

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი უქმდება, თუ:

პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;

პირი ახორციელებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას;

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში.

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების ერთ-ერთი პირობის  დადგომისას პირი ვალდებულია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია და არარეზიდენტი საწარმო.

 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამასთან, მხოლოდ უძრავი ქონების საბალანსო ნარჩენი ღირებულება 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე უნდა გაიზარდოს 3-ჯერ, 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ, 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ, ხოლო იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება უნდა გაიზარდოს  3-ჯერ.  


 აღნიშნული აფასება არ ვრცელდება ისეთ საწარმოზე, რომელიც მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის  ვადით.

  ლიზინგით გაცემული დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება არის ქონების გაცემის მომენტისათვის არსებული ღირებულება, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის ქონების ღირებულებად ითვლება აღნიშნული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულება, რომელიც ამ ქონებას ექნებოდა ლიზინგით არგაცემის შემთხვევაში.

  სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არა უმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივების ღირებულება გამოიანგარიშება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.

 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები  კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:

 გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე  0.24 ლარის ოდენობით;

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით,  შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

  ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისთვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოყოფილი მიწა იბეგრება ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 3 ლარით.


CRX