დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციას წარმოადგენს:
• დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება (გარდა ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრისა), თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
• დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.
2021 წლის პირველი იანვრიდან თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით
ამასთან, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია მომსახურების გაწევამდე და ანაზღაურების მომენტში თანხის მიმღები პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე მიღებულ ანაზღაურებასთან მიმართებაში, დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ მომსახურების გაწევის მომენტი.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის (100 000 ლარის) განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ავანსი, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
• საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა;
• დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა;
• სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა.
2021 წლის 1 იანვრიდან დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება, დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებული საკუთარი ძირითადი საშუალების (შენობა/ნაგებობის) რემონტი მისი საქმიანობის მიზნისთვის, თუ:
• პირი, დღგ-ის ჩათვლას სრულად ვერ მიიღებდა, ამ მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში;
• პირი, სარემონტო მომსახურების/სამუშაოებს იძენს იმ პირისგან, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად.