ავტომობილი საბაჟოზე ვადაში ვერ წარადგინეთ: სად რჩება ჯარიმა, სად იხსნება პირობით და სად იცვლება გაფრთხილებით
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
ავტომობილი საზღვარზე გადმოვიდა — უცხოური ნომრით, ტრანზიტით ან რეექსპორტისთვის, — მაგრამ საბაჟოზე განსაზღვრულ ვადაში არ წარდგა. მოდის ოქმი: საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი, ჯარიმა.
განვიხილეთ შემოსავლების სამსახურის ათი ბრძანება და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ხუთი გადაწყვეტილება — 14 დავა (ერთ დავაზე ორივე ინსტანციის დოკუმენტია). ათიდან შვიდ ბრძანებაში საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა — ჯარიმისგან გათავისუფლება პირობის შესრულებას დაუკავშირდა; სამში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭომ ოთხ გადაწყვეტილებაში ჯარიმა უპირობოდ შეცვალა გაფრთხილებით — ოთხივეში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სხდომაზე დაადასტურა, რომ დარღვევა პირველი იყო.
რას ამბობს ნორმა
ჯარიმა. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი: „საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.“ შენიშვნის მიხედვით, ამ მუხლით პასუხისმგებლობა არ ეკისრება, როცა დეკლარირების ვადის დარღვევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას იწვევს. განხილულ ბრძანებებში ეს შენიშვნა არ განხილულა.
