საგადასახადო შეთანხმება: რას იღებთ და რას თმობთ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
დიდი საგადასახადო დავალიანება გაქვთ და ფიქრობთ, რომ სახელმწიფოსთან მისი შემცირება შეიძლება? შეიძლება — ამ ინსტრუმენტს საგადასახადო შეთანხმება ჰქვია. თუმცა ხელმოწერამდე ზუსტად უნდა იცოდეთ, რას იღებთ და რას თმობთ.
რამდენად ხშირია
სტატისტიკური ინფორმაციით, 2014–2024 წლებში 2,9 მილიარდი ლარის დავალიანებაზე 8 088 საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა; ეს შეთანხმებები დავალიანების 946 მილიონ ლარამდე შემცირებას ითვალისწინებდა. შესრულებულ შეთანხმებებში გადამხდელებმა 2,3 მილიარდის ნაცვლად 627 მილიონი ლარი გადაიხადეს, ჩამოწერილი დავალიანება კი 1,7 მილიარდი ლარია. ამ პერიოდში წელიწადში, ძირითადად, 300-დან 600-მდე შეთანხმება ფორმდებოდა. გამონაკლისი 2021 წელი იყო, როცა 3 000-ზე მეტი შეთანხმება გაფორმდა: იმ წლის მაისში მთავრობამ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო გადამხდელებს შესაძლებლობა მისცა, ძირითადი თანხის გადახდის პირობით ჯარიმა-საურავი სრულად შეემცირებინათ. 2014–2024 წლებში პირობების შეუსრულებლობის გამო 1 577 შეთანხმება გაუქმდა.
რა არის საგადასახადო შეთანხმება
საგადასახადო შეთანხმებას შემოსავლების სამსახური და გადამხდელი აფორმებენ საგადასახადო დავალიანების ან მისი ნაწილის შესამცირებლად. შეთანხმებით შეიძლება შემცირდეს იმ მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავიც, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს. შეთანხმება არ ვრცელდება მიმდინარე გადასახდელებზე — გასული წლის წლიური დეკლარაციით დარიცხული მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადების მიმდინარე გადასახდელებზე (საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლი).
