საბაჟო ლუქი და „მწვანე დერეფანი“: ორი შეცდომა, რომლის ფასი ჯარიმაა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
სექტემბრის ბოლოს შემოსავლების სამსახურმა ორი საბაჟო საჩივარი არ დააკმაყოფილა. პირველში იმპორტიორი ამტკიცებდა, რომ ლუქიანი ტვირთი მის საწყობში გადამზიდის შეცდომით აღმოჩნდა. მეორეში აეროპორტის მგზავრი ამბობდა, რომ „მწვანე დერეფანი“ არცოდნით აირჩია. ორივე შემთხვევაში ჯარიმა დარჩა. ოქტომბრის დასაწყისში იმავე ხაზით გადაწყდა მესამე საქმეც — „მწვანე დერეფნით“ შემოტანილ ოქროს მონეტებზე.
სამივე საქმეს საერთო ლოგიკა აქვს. საბაჟო სანქცია ფორმალური დარღვევისთვის ეკისრება, ხოლო შეცდომით ან არცოდნით ჩადენილ დარღვევაზე სანქციისგან გათავისუფლება ორგანოს უფლებაა და არა ვალდებულება. ქვემოთ ვნახავთ, რას ამბობს კანონი, რატომ არ გაჭრა არგუმენტებმა და რა შეგიძლიათ დროულად გააკეთოთ.
1. საბაჟო ლუქი საკუთარ საწყობში
რა მოხდა
იმპორტიორის კონტეინერი საბაჟო ლუქით და აღრიცხვის მოწმობით გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ გაიგზავნა. ზონის ნაცვლად სატრანსპორტო საშუალება კომპანიის საწყობში გამოცხადდა, სადაც ლუქი საბაჟოს თანხმობის გარეშე მოიხსნა და საქონელი გადმოიტვირთა. კომპანიამ ამის შესახებ საბაჟოს რამდენიმე დღეში თავად აცნობა, თუმცა დათვალიერებისას საქონლის იდენტიფიცირება ვეღარ მოხერხდა.
