აღსრულების საჩივარი — რატომ არ იწყებს დავას თავიდან და რა მუშაობს „მეორე წრეზე“
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
საგადასახადო დავაში ყველაზე ხშირი „ნაწილობრივი მოგება“ ასე გამოიყურება: დავების განხილვის საბჭო ბრძანებაში წერს, რომ გადამხდელს ეძლევა ვადა მტკიცებულებების წარსადგენად, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს ევალება მათი შესწავლა და, საფუძვლის არსებობისას, ვალდებულების კორექტირება. აუდიტი გადაანგარიშების დასკვნას წერს, გადამხდელი კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას იღებს — და თუ შედეგი არ მოსწონს, ისევ საბჭოს მიმართავს.
სწორედ ამ „მეორე წრის“ საჩივარზე ბოლო ერთი წლის პრაქტიკა ძალიან ერთგვაროვანია. ოთხი გადაწყვეტილება, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ, ერთსა და იმავე კითხვას პასუხობს: რას ამოწმებს ორგანო, როცა გასაჩივრებულია არა თავდაპირველი დარიცხვა, არამედ წინა გადაწყვეტილების აღსრულება.
ნორმა, რომელიც ყველაფერს წყვეტს
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 2¹ ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ საკითხს განიხილავს ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების მიხედვითაც გამოიცა გასაჩივრებული აქტი.
