სალარო აპარატი და POS-ტერმინალი: როცა ერთი გადახდა ბრუნვაში ორჯერ ითვლება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
მაღაზიაში, აფთიაქში ან ავტოგასამართ სადგურზე სალარო აპარატი და POS-ტერმინალი ხშირად ერთად მუშაობს. შემოწმების დროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეიძლება ასე დადგინდეს: სალარო აპარატის მონაცემები + ტერმინალის მონაცემები + საბანკო ამონაწერი. თუ ბარათით გადახდილი თანხა სალარო აპარატშიც გატარდა, ერთი და იგივე გადახდა ბრუნვაში ორჯერ ჩაითვლება, და დარიცხვაც შესაბამისად გაიზრდება.
ამ სტატიაში, დავების პრაქტიკის მიხედვით, განვიხილავთ, რა ეხმარება გადამხდელს ასეთ დავაში და რა — არა.
რას აჩვენებს პრაქტიკა
2026 წელს ჩვენ მიერ დამუშავებული 9 გადაწყვეტილებიდან (ნაწილი ერთი და იმავე დავის სხვადსხვა ეტაპია) 5 შემთხვევაში საქმე ხელახლა გაანგარიშებისთვის დაბრუნდა, 4 შემთხვევაში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარიცხვა სრულად არც ერთ გადაწყვეტილებით არ გაუქმდა. „ნაწილობრივ დაკმაყოფილდა“ ამ თემაზე, როგორც წესი, ნიშნავს ხელახლა შესწავლის დავალებას — თანხის შემცირება ამ ეტაპზე ჯერ უცნობია.
ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე დავაში მეორდება.
რა ეხმარება გადამხდელს
1. დუბლირების შეჯერება დღეების და ოპერაციების დონეზე. საქმე ხელახლა გაანგარიშებისთვის დაბრუნდა, როცა გადამხდელმა ახსნა, როგორ მოხდა დუბლირება (რომელ ორ მოწყობილობაში და რატომ გატარდა ერთი და იგივე გადახდა), და წარმოადგინა ცხრილი: რომელ დღეს, რომელ მოწყობილობაზე და რომელ თანხაზე ემთხვევა ოპერაციები ერთმანეთს. სადაც დღიური შეჯერება სრულად არ წარდგინდა, მომდევნო ეტაპზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ადრე ხელახლა შესწავლისთვის დაბრუნდა.
განახლება (13.10.2026): იგივე ხაზი დაადასტურა ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ოქტომბრის გადაწყვეტილებამაც. მეწარმეს ბრუნვა სალარო აპარატის, ტერმინალისა და საბანკო ჩარიცხვების ჯამით დაუდგინეს, რის გამოც დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს გადააჭარბა. მეწარმე ამტკიცებდა, რომ ბარათით მიღებული თანხის ნაწილი თანამშრომელმა სალაროზეც გაატარა, თუმცა ოპერაციების შეჯერება არც ერთ ეტაპზე არ წარადგინა — ორივე ინსტანციამ საჩივარი არ დააკმაყოფილა. რეგისტრაციამდე პერიოდის ჩათვლაც მხოლოდ სისტემაში არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით აღიარდა.
2. დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება — თითოეულ ოპერაციაზე დოკუმენტით. თუ ბრუნვის ნაწილი დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდებაა (მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია), ორგანოს შესწავლის ვალდებულება ჩნდება, როცა ეს მიწოდება სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით დასტურდება — ასეთ საქმეში ეს ნაწილი აუდიტს ხელახლა შესასწავლად დაევალა. მითითება, რომ „შემოსავლის უმეტესი ნაწილი ხილ-ბოსტნეულის მიწოდებაა“, დოკუმენტების გარეშე დავას არსებითი განხილვამდე არ მიიყვანა.
