დაელოდეთ...

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი

არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი

შემოსავლების სამსახურის უფროსმა  2021 წლის 29 აპრილს გამოსცა ბრძანება №13617, რომლის მიხედვითაც:

არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება:

  • დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებულ პირს, რომელიც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია.

ასევე   არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება პირს რომელსაც:

  • შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი (აღნიშნული ჩანაწერი ძალაშია 2021 წლის პირველი მაისიდან)
  • კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი გააჩნია და რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული საგადასახადო დავალიანება აღიარებული აქვს.

რა შეზღუდვები აქვს ორგანიზაციას არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის დროს?

  •  აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში ორგანიზაცია ვერ მოახდენს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ასევე ნსაფ-ის და საგადასახადო დოკუმენტის) როგორც გამოწერას, ასევე დადასტურებას;

რა პროცედურა უნდა გაიაროს ორგანიზაციამ, რომ მიიღოს  კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი?

თუ არის ახლად რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელი და ავტომატურად მიენიჭა არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, ასევე თუ სტატუსი ჩამოერთვა იმის გამო, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე არ უფიქსირდებოდა ბრუნვა - თავისი პირადი rs გვერდიდან  უნდა დაწეროს "განცხადება კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ", ასევე სასურველია დამატებით ინფორმაციის ველში აღწეროს ორგანიზაციის საქმიანობის სახე, ოპერაციები, უნდა ახსნას თუ რისთვის სჭირდება კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭება, საყურადღებოა, რომ კითხვების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დაუკავშირდება და მოითხოვს ორგანიზაციის საქმიანობის მოკლე აღწერას ასევე მეტი დამაჯერებლობისთვის ხელშეკრულებას მომწოდებელთან/მყიდველთან ან მსგავს დოკუმენტაციას.

  არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.

  აღნიშნული ბრძანების თანახმად დამატებით განიმარტა, რომ იმ საანგარიშო პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, პროგრამულად განხორციელდება ზემოაღნიშნულ პერიოდში/პერიოდებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შეზღუდვა. აღნიშნულ შემთხვევაში  საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა დასაშვებია გადასახადის გადამხდელის შემოსავლების სამსახურში განცხადების და შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელსაც შეისწავლის აუდიტის დეპარტამენტი და სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს, მიეცემა საშუალება მოახდინოს, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა (აღნიშნული ჩანაწერი ძალაში შევა შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის შექმნისთანავე).

  დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თუ ორგანიზაცია შეიძენს საქონელს ან მომსახურებას არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტიდან ვერ შეძლებს აღნიშნულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლას, ვინაიდან მომწოდებელი ვერ შეძლებს ანგარიშ ფაქტურის გამოწერას, შესაბამისად, რომ არ დადგეს ორგანიზაცია მსგავსი გაუგებრობის წინაში საჭიროა კონტრაქტორის სტატუსი გადაამოწმოს შემოსავლების სამსახურის პორტალზე ქვემოთ მოცემული ლინკის გამოყენებით:

კვალიფიციური დღგს გადამხდელის სტატუსის შემოწმება ხდება ლინკით: https://rs.ge/CheckUnqualifiedStatus

CRX