ზედნადების ჯარიმა: რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს დავაში
ზედნადებთან დაკავშირებული ჯარიმა მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სანქციაა. დავაში მისი ბედი ხშირად ფაქტებზე კი არა, არგუმენტის სწორ არჩევაზე დამოკიდებულია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ამბობს საგადასახადო კოდექსი, და ანონიმიზებული დავების პრაქტიკის მიხედვით — რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს, და რომელი — არა.
რას ამბობს საგადასახადო კოდექსი
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი სამ ქმედებას ითვალისწინებს: სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გაუცემლობას და საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარს. ჯარიმა 500 ლარია. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 5 000 ლარის ჯარიმას იწვევს (286-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში (269-ე მუხლის მე-8 ნაწილი).
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით.
რას აჩვენებს პრაქტიკა
ჩვენ მიერ დამუშავებული ზედნადებთან დაკავშირებული 9 გადაწყვეტილებიდან (ნაწილი ერთი და იმავე დავის სხვადსხვა ეტაპია) 3 გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა, 6 — ორგანოს სასარგებლოდ. ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე საქმეში მეორდება.
რა ეხმარება გადამხდელს
ოქმში ასახული ქმედების ყოველი ელემენტი მტკიცებულებით უნდა დასტურდეს. 286-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული სამი ქმედება სხვადსხვა ფაქტს მოითხოვს: ტრანსპორტირების შემთხვევაში — საქონლის ზედნადების გარეშე გადაზიდვას; ზედნადების გაუცემლობის შემთხვევაში — მყიდველის მოთხოვნას; ზედნადების მიღებაზე უარის შემთხვევაში — შეძენის ფაქტს და უარს. გადამხდელის სასარგებლოდ დასრულებულ საქმეებში ორგანო ოქმში ასახული ქმედების ერთ-ერთ ელემენტს მტკიცებულებით ვერ ადასტურებდა: ერთ შემთხვევაში — ზედნადების მიღებაზე უარის ფაქტს, მეორეში — ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, როცა ოპერაცია ზედნადებით და ჩეკით რეალურად დოკუმენტირებული იყო. ესე იგი, ოქმის მიღებისთანავე ჯერ სწორედ ეს უნდა შეამოწმოთ.
რა არ ეხმარება გადამხდელს
1. ხარვეზიანი ან არასრული ზედნადები. ზედნადები, რომელშიც საქონლის ნაწილი ასახული არ არის, ამ ნაწილს არ ფარავს; ხარვეზიანი ზედნადების არგუმენტი („ხარვეზი არ ნიშნავს ზედნადების არარსებობას“) ზემდგომ ინსტანციაში არ გაჭრა. ორივე შემთხვევაში ჯარიმა ძალაში დარჩა.
2. მითითება, რომ საქონელი ლეგალურია და ბიუჯეტს ზიანი არ მიადგა. ლეგალური იმპორტი, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა, საბაჟო დოკუმენტები ან სასაწყობო ნაშთი სამართალდარღვევის ფაქტს არ გამორიცხავს: 286-ე მუხლი ტრანსპორტირების მომენტში დოკუმენტის არსებობას ეხება, ზიანს — არა.
3. ზოგადი „ტექნიკური“ ან „ადამიანური“ შეცდომა და სუფთა ისტორია. სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნა, რომელშიც არ ჩანს, რაში გამოიხატა შეცდომა, ან რომელიც მხოლოდ წარსულში ჯარიმების არარსებობას ეყრდნობა, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
პრაქტიკული რჩევები
- ოქმის მიღებისთანავე შეამოწმეთ, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელი ქმედებაა ოქმში ასახული, და ადასტურებს თუ არა ორგანოს მტკიცებულება მის ყოველ ელემენტს.
- ზედნადებში ყოველთვის ასახეთ საქონლის სრული ჩამონათვალი — ერთი ერთეულის აუსახაობაც კი ჯარიმას იწვევს.
- სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნაში კონკრეტული შეცდომა დაასახელეთ, და საქონლის ლეგალურობის დოკუმენტები (სერტიფიკატი, ინვოისი) თანდართეთ.
- გაითვალისწინეთ ვადა: 12 თვის განმავლობაში იგივე ქმედება 5 000 ლარით ჯარიმდება (286-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 269-ე მუხლის მე-8 ნაწილი), ასე რომ უსაფუძვლო ოქმის გაუსაჩივრებლობა მომდევნო ჯარიმას ზრდის.
წყაროები
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 286 (ნაწილები 1 და 2) და მუხლი 269 (ნაწილები 7 და 8) — მოქმედი რედაქცია.
- Elite Audit-ის ანონიმიზებული დავების ბარათები (ზედნადებთან დაკავშირებული 9 გადაწყვეტილება, 17.09.2026-ის დათვლა). ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოვიყვანთ.
ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. 📞 ზედნადების ოქმის შემოწმება და გასაჩივრება: 598 21 27 01
