დაელოდეთ...

საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრა

საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე
irakli

ირაკლი მანაგაძე

2004 წ გაცვლით პროგრამით გაიარა აშშ Oglethorpe university -ში გადამზადების კურსი ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2002-2006 წლებში დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით 2007-2009 წლებში წარმატებით დაასრულა ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - MBA
მეტი ინფორმაცია | Linkedin

2011-2017 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახელმწოფო უნივერსიტეტში - PHD ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით; 2005 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა წამყვან აუდიტორულ კომპანიებში მთ. ბუღალტერის, დამხმარე აუდიტორის, აუდიტის მენეჯერის პოზიციებზე; 2012 წლიდან დღემდე არის ელიტ აუდიტის გარიგების პარტნიორი და ხელმძღვანელი.


2020 წ 5 მაისს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა  საჯარო გადაწყვეტილება საიჯარო აქტივის გამოყენების უფლების ქონების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“

აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტავს იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომლის მიხედვითად საიჯარო აქტივის გამოყენების უფლებით ფლობა საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის არ წარმოშობს ქონების გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებას

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (ფასს) 16-ის 47-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: 

„მოიჯარემ შემდეგი ინფორმაცია ან ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში უნდა წარმოადგინოს, ან გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში: 

ა) აქტივების გამოყენების უფლებები სხვა აქტივებისგან განცალკევებით. თუ მოიჯარე აქტივების გამოყენების უფლებებს განცალკევებით არ წარადგენს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, მაშინ მოიჯარემ: 

(i) აქტივების გამოყენების უფლებები უნდა ჩართოს ანგარიშგების იმ მუხლში, რომლის შემადგენლობაშიც აისახებოდა შესაბამისი საიჯარო აქტივები იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს საკუთრებაში იქნებოდა; და 

(ii) გაამჟღავნოს ინფორმაცია იმის შესახებ, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების რომელ მუხლებში არის ასახული ამგვარი აქტივების გამოყენების უფლებები“. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული მატერიალური აქტივის (მაგალითად, შენობა-ნაგებობის) გამოყენების უფლება აღრიცხული ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ძირითადი საშუალებების მუხლის შემადგენლობაში. 

გასათვალისწინებელია, რომ სსკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არამატერიალური აქტივი წარმოადგენს ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებად არაფულად აქტივს, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები. 

სსკ-ის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილი განმარტავს, რომ ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. 

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 16-ის მე-6 პუნქტის მიხედვით, ძირითადი საშუალებები არის მატერიალური აქტივები, რომლებიც: 

ა) იმყოფება საწარმოს მფლობელობაში და გამოიყენება: საქონლის ან მომსახურების წარმოებაში ან მისაწოდებლად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და 

ბ) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშგებო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად. 

ამდენად, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 31-ე ნაწილისა და ბასს 16-ის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ძირითადი საშუალება განმარტებულია როგორც მატერიალური აქტივი. 

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები. ამასთან, აქტივის ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში ასახვის საკითხი რეგულირდება და განისაზღვრება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 

ამრიგად, როგორც საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით, აქტივის გამოყენების უფლება არ წარმოადგენს მატერიალურ აქტივს და, შესაბამისად, სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნსთვის, არ უნდა იქნას განხილული ძირითად საშუალებად. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელს ამგვარი აქტივები, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში აღრიცხული აქვს ძირითადი საშუალებების ჯგუფში, ამ გადამხდელისათვის არ წარმოშობს სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. 

CRX