დაელოდეთ...

დღგ-ს მიზნებისთვის ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

დღგ-ს მიზნებისთვის ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრა

შესავალი:

 1. ოპერაციები, რომელბიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 1601 მუხლის მე-5 ნაწილით, ხოლო აღნიშნული ნორმების გამოყენების წესი განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებული, ტერმინები განმარტებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში, კერძოდ:

ა) მიმწოდებელი – დასაბეგრი პირი, რომელიც აწვდის ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

ბ) შემძენი – დასაბეგრი პირი, რომელიც იძენს ყველა აქტივს ან აქტივების ნაწილს (დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ქვედანაყოფს);

გ) ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება – ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს;

დ) დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი − დასაბეგრი პირის აქტივების ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე;

ე) საწარმოს კაპიტალში აქტივის შეტანა - საწარმოს მომავალი ან მოქმედი აქციონერის/პარტნიორის მიერ საწარმოს აქციის/ კაპიტალში წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ კაპიტალის მქონე საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც აისახება ამ საწარმოს ბალანსში;

ვ) ამხანაგობაში აქტივის შეტანა - ამხანაგობისთვის (ამხანაგობის მონაწილეთა საერთო საკუთრებაში) ქონების გადაცემა მასში მონაწილეობის სანაცვლოდ, ამ ამხანაგობის სამეურნეო ან/და სხვა მიზნების მისაღწევად.

ზ) რეორგანიზაცია - იურიდიული პირის:

ზ.ა) გარდაქმნა;

ზ.ბ) შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);

ზ.გ) გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).

თ) აქტივის მიმწოდებლის უფლებამონაცვლე - პირი, რომელმაც ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდების, საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივების შეტანის ან რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღო აქტივი.

 შესავალი:

 1. ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის წესი რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1603 მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავით.

 2. წინამდებარე მაგალითებში გამოყენებული, ტერმინები განმარტებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XII2 თავში, კერძოდ:

ა) ვაუჩერთან დაკავშირებული საქონელი/მომსახურება – საქონელი/მომსახურება, რომლის მიწოდების/გაწევის სანაცვლოდ შესაძლებელია მთლიანად ან ნაწილობრივ ანაზღაურების სახით მიღებული იქნას ვაუჩერი;

ბ) აგენტი – საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირი, რომელიც არ წარმოადგენს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს;

გ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც ახორციელებს ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას;

დ) დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია – დასაბეგრი ოპერაციების ერთ-ერთი შემდეგი კატეგორია:

დ.ა) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც დღგ-ით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრული განაკვეთით;

დ.ბ) დასაბეგრი ოპერაციები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXV თავის შესაბამისად, დღგ-საგან ჩათვლის უფლებით/ჩათვლის უფლების გარეშე არის გათავისუფლებული.

ე) ვაუჩერი - ელექტრონული ან მატერიალური ფორმის მქონე ინსტრუმენტს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ე.ა) ვაუჩერი წარმოშობს ერთი ან რამდენიმე დასაბეგრი პირის ვალდებულებას, მიიღოს იგი, როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის სანაცვლოდ;

ე.ბ) ვაუჩერით ან მასთან დაკავშირებული დოკუმენტით იდენტიფიცირებადია მასთან დაკავშირებული მისაწოდებელი საქონელი/ გასაწევი მომსახურება ან პოტენციური მიმწოდებელი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტის გამოყენების პირობები;

ვ) ერთჯერადი ვაუჩერი - ვაუჩერი, რომლის გამოშვების მომენტში იდენტიფიცირებადია ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ;

ზ) მრავალჯერადი ვაუჩერი - ვაუჩერი, რომლის გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

 ნაწილი 01. ერთჯერადი ვაუჩერები

 1. მაგალითი 1. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზია, რომელიც არის ვაუჩერის გამომცემი და ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი, 100 ლარის ნომინალური ფასის მქონე ერთჯერად ვაუჩერს აწვდის აგენტ №1-ს 80 ლარად. აგენტი №1 ვაუჩერს ჰყიდის აგენტ №2-ზე 90 ლარად, ხოლო აგენტი №2 აღნიშნულ ვაუჩერს ყიდის საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• მაღაზიის მიერ ვაუჩერის აგენტ №1-ისთვის მიწოდება ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მომსახურების მიწოდებად და, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 67,8 (80/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 12,2 ლარი;

 • აგენტი №1-ის მიერ ვაუჩერის აგენტი N2-სთვის მიწოდება, ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად და, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 76,3 (90/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 13,7 ლარი;

 • აგენტი №2-ის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ასევე განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

 • საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების შეძენა მაღაზიისგან აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად, რამდენადაც, მაღაზიამ უკვე მიაწოდა საქონელი/გაუწია მომსახურება აგენტი №1-ს.

 2. მაგალითი 2. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზიამ 100 ლარის ნომინალური ფასის მქონე ერთჯერადი ვაუჩერი, მიაწოდა საბოლოო მომხმარებელს 100 ლარად. შემდგომში, საბოლოო მომხმარებელმა მაღაზიისგან შეიძინა 120 ლარის ღირებულების საათი, რა დროსაც ანაზღაურება განხორციელდა კომბინირებულად - 100 ლარიანი ვაუჩერით და 20 ლარის ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• მაღაზიის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ითვლება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

• საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ მაღაზიისგან საქონლის ფაქტობრივი მიღება აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად.

• საბოლოო მომხმარებლის მიერ საათის შესაძენად გადახდილ 20 ლარს მაღაზია დაბეგრავს საერთო წესის შესაბამისად.

 3. მაგალითი 3. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

მაღაზია არის ერთჯერად ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი. შუამავალი, რომელიც მოქმედებს მაღაზიის სახელით, გამოსცემს 100 ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ვაუჩერს და მაღაზიის დავალებით აწვდის მას აგენტს 90 ლარად, ხოლო აგენტი ამავე ვაუჩერს ყიდის საბოლოო მომხმარებელზე 100 ლარად.

 თავის მხრივ, მაღაზია უნაზღაურებს შუამავალს ვაუჩერის რეალიზაციის საკომისიოს - 1 ლარს, საბოლოო მომხმარებელი აღნიშნული ვაუჩერით იძენს საქონელს/მომსახურებას მაღაზიისგან.

 ფასები მოცემულია დღგ-ის ჩათვლით.

 შეფასება:

• შუამავლის მიერ ვაუჩერის აგენტისთვის მიწოდება ითვლება მაღაზიის მიერ ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად/ მომსახურების გაწევად და, შესაბამისად, მაღაზიისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 76,3 (90/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 13,7 ლარი;

 • აგენტის მიერ ვაუჩერის საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება ასევე განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად. შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება 84,75 (100/1,18) ლარი, ხოლო დარიცხული დღგ - 15,25 ლარი;

 • საბოლოო მომხმარებლის მიერ ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მაღაზიისგან შეძენა აღარ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ ოპერაციად;

 • მაღაზიის მიერ შუამავლისთვის გადახდილი ვაუჩერის გამოცემის და რეალიზაციის საკომისიო - 1 ლარი, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ასეთი მომსახურებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. მაგალითი 4. (ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

შპს „A” წარმოადგენს მობილური საკომუნიკაციო მომსახურების გამწევ პირს, ხოლო შპს „B“ ეწევა ავტომანქანების სერვისს. თავიანთი საქმიანობის ფარგლებში აღნიშნული პირები გამოსცემენ ერთჯერად ვაუჩერებს, რომლებიც შპს „A”-ს შემთხვევაში მომხმარებლების მიერ გამოიყენება მობილური ტელეფონის ბალანსის შესავსებად, ხოლო შპს „B“-ს შემთხვევაში - ავტომანქანების სერვისის რეგულარულად მისაღებად.

 შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც, ერთჯერადი ვაუჩერით შესაძენი მომსახურება წარმოადგენს უწყვეტ/ რეგულარულ მომსახურებას, ამ ვაუჩერის მიწოდებაზე არ გავრცელდება ვაუჩერებისთვის განსაზღვრული დღგ-ით დაბეგვრის წესები და მომსახურება დაიბეგრება უწყვეტი/რეგულარული მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრისთვის გათვალისწინებული წესებით.

 5. მაგალითი 5. (ერთჯერადი ვაუჩერები)

 პირობა:

კომპანია A და B შეთანხმდნენ, რომ B კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით A კომპანია გამოუშვებს და გაანაღდებს (რეალიზაციას გაუკეთებს) ერთჯერად ვაუჩერებს.

 A კომპანიამ თავის მხრივ C კომპანიას (სტამბას) შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ შეუკვეთა ვაუჩერების დამზადება.

 შეფასება:

კომპანია C (სტამბა) შემთხვევაში:

გამომდინარე იქედან, რომ სტამბა არ წარმოადგენს საკუთარი სახელით მოქმედი ვაუჩერების მიმწოდებელ კომპანიას და მხოლოდ მოქმდებს კლიენტის დაკვეთით, კერძოდ მისი მოთხოვნის შესაბამისად ბეჭდავს ვაუჩერებს, მის მიერ განხორციელებული ოპერაცია არ ექცევა სსკ-ის 1603 მუხლით რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად სტამბა დღგ-ით დაბეგრავს მომსახურებისათვის მიღებულ ანაზღაურებას.

 კომპანია A (ვაუჩერის გამნაღდებელი):

კომპანია A-ს მიერ ვაუჩერების მიწოდება მომხმარებლებზე განიხილება ამ ვაუჩერებთან დაკავშირებული საქონლის/მომსახურების მიწოდებად და მის მიერ დაბეგვრას ექვემდებარება ერთჯერადი ვაუჩერის მიწოდების მომენტში მიღებული/მისაღები ანაზღაურება.

 კომპანია B: (საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი):

გამომდინარე იქედან, რომ კომპანია B-ს მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი მიწოდება არ განიხილება დამოუკიდებელ დასაბეგრ

ოპერაციად, კომპანია B-ს მიერ საქონლის/მიწოდების ოპერაცია კომპანია A-ს მიმართ დღგ-ით დაიბეგრება, ამ უკანასკნელის მიერ აღნიშნულ საქონელთან/მომსახურებასთან დაკავშირებული ერთჯერადი ვაუჩერების მიწოდების მომენტში, ხოლო დასაბეგრი თანხა განისაზღვრება კომპანია A-სგან მიღებული/მისაღები ანაზღაურებიდან გამომდინარე.

 6. მაგალითი 6. (საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი)

 პირობა:

შპს A, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით, კონკრეტული ბრენდის პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით, გამოსცემს ერთჯერად ვაუჩერებს. ვაუჩერის გამოყენების პირობების მიხედვით, მისი გამოყენება პოტენციურად შესაძლებელია აღნიშნული ბრენდის პროდუქციის რეალიზატორ ერთზე მეტ დასაბეგრ პირთან.

 შეფასება

შპს A-ს მიერ ერთჯერადი ვაუჩერის სხვა პირისათვის გადაცემა, სსკ-ის 1603 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განიხილება ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რეალიზატორი დასაბეგრი პირის (რომელიც იღებს ვაუჩერს, როგორც ანაზღაურებას ან ანაზღაურების ნაწილს საქონლის მიწოდების სანაცვლოდ) მიერ საქონლის ფაქტობრივად მიწოდების მომენტში, მიიჩნევა შპს A-ზე ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდებად.

 ნაწილი 02. მრავალჯერადი ვაუჩერი

 7. მაგალითი 1. (საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი)

 პირობა:

სავაჭრო ცენტრი, რომლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები, გამოსცემს და ყიდის სხვადასხვა ნომინალის მქონე სასაჩუქრე ბარათებს. აღნიშნულ მაღაზიებში სასაჩუქრე ბარათები მიიღება როგორც ანაზღაურება ან ანაზღაურების ნაწილი საქონლის მიწოდების სანაცვლოდ

შეფასება:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 508 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვაუჩერი მრავალჯერადია, თუ მისი გამოშვების მომენტში არ არის იდენტიფიცირებადი ამ ვაუჩერთან დაკავშირებული საქონლის მიწოდების/ მომსახურების გაწევის ადგილი ან/და ამ ოპერაციასთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ.

ზემოხსენებული დებულების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, სასაჩუქრე ბარათი წარმოადგენს მრავალჯერად ვაუჩერს, რადგან იდენტიფიცირებადი არ არის ამ ვაუჩერთან დაკავშირებით დასარიცხი დღგ. კერძოდ, ვაუჩერის მიწოდების მომენტში არ არის ცნობილი ვაუჩერის სანაცვლოდ მისაწოდებელი საქონლის დაბეგვრის რეჟიმი (დასაბეგრი ოპერაციის კატეგორია).

CRX