დაელოდეთ...

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს ბალანსში

• მსს ფასს არ განსაზღვრავს ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მუხლების წარდგენის ფორმატს ან თანამიმდევრობას, თუმცა განსაზღვრულია ფინანსური ანგარიშგებაში სულ მცირე ცალკე წარსადგენი მუხლები:

მაგალითად, ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში შინაარსით ან ფუნქციებით საკმარისად განსხვავებული მუხლები ცალ-ცალკე მუხლებად წარდგება (ფულადი სახსრები, მარაგები, ძირითადი საშუალებები, საინვესტიციო ქონება ასახული რეალური ღირებულებით, საინვესტიციო ქონება ასახული თვითღირებულებით, სავაჭრო ვალდებულებები, ანარიცხები და ა.შ). (იხ. პუნქტი 4.2)

• ფინანსური ანგარიშგების დამატებითი მუხლების, ქვესათაურებისა და ქვეჯგუფების ჯამური თანხების წარდგენა აუცილებელია, თუ ეს საჭიროა საწარმოს ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების გასაგებად.

• აგრეგირებისა და დისაგრეგირების მსჯელობებისას, გასათვალისწინებელია:

• აქტივების თანხობრივი სიდიდე, ხასიათი და ლიკვიდურობა

• აქტივების ფუნქციები საწარმოში

• ვალდებულებების თანხობრივი სიდიდე, ხასიათი და მათი დაფარვის ვადები.

მოკლევადიან/გრძელვადიან მუხლებად კლასიფიკაცია

• საწარმომ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში განცალკევებულად უნდა ასახოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივები და მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები, თუ ლიკვიდურობის მიხედვით წარდგენა უფრო სანდო და შესაბამისი არ არის.

• ლიკვიდურობის მიხედვით წარდგენისას აქტივებისა და ვალდებულებების წარდგენა ხდება ლიკვიდურობის გათვალისწინებით (ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით).

აქტივი კლასიფიცირდება, როგორც მოკლევადიანი, თუ:

• ნავარაუდევია აქტივის გაყიდვა, ან აქტივი გამიზნულია გასაყიდად ან მოხმარებისთვის ჩვეულებრივი საოპერაციო 

ციკლის განმავლობაში;

• გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით;

• ნავარაუდევია მისი გაყიდვა საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში;

• ფულადი სახსრები და ფულადი სახსრების ეკვივალენტები, თუ გამოყენება არ არის შეზღუდული საანგარიშგებო თარიღიდან სულ მცირე 12 თვით მაინც.

• ყველა სხვა აქტივები  გრძელვადიანია

 მაგალითად. საწარმო აწარმოებს ვისკის ქერისგან, წყლისა და საფუარისგან, გამოხდის 24-თვიანი პროცესით. მარაგები მოიცავს 

ქერსა და საფუარს, როგორც ნედლეულს, ასევე ნაწილობრივ გამოხდილ ვისკის და სრულად გამოხდილ ვისკის.

საწარმოს რომელი აქტივებია მოკლევადიანი?

ყველა მოკლევადიანი აქტივია. მოკლევადიანია აქტივები, თუ ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის განმავლობაში ნავარაუდევია 

აქტივის გაყიდვა (ე.ი გარდაიქმნება ფულადი სახსრების ერთეულებად).

მაგალითად. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, ფერმერის პომიდვრის ძირებზე მოსხმული პომიდორი ნახევრად დამწიფებულია. პამიდვრის ძირების სასარგებლო მომსახურების ვადა შეადგენს 6 თვეს. საწარმოს აქტივები მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი?ნაყოფის მიღების მომენტამდე, ძირები და ნაყოფი, რომელსაც ისინი ისხამენ, წარმოადგენს მოკლევადიან აქტივს, რადგან ისინი რეალიზდება, როგორც საწარმოს ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის ნაწილი.

მაგალითად. საწარმო ფლობს მანქანა-დანადგარს, რომლითაც აწარმოებს გასაყიდ პროდუქციას. ის ასევე ფლობს შენობას, 

რომელშიც ახორციელებს კომერციულ საქმიანობას. საწარმოს აქტივი მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი?

მანქანა-დანადგარი და შენობა წარმოადგენს გრძელვადიან აქტივებს. იმ შემთხვევაშიც, თუ მანქანა-დანადგარს ან შენობას, დარჩენილი აქვს 1 წელზე ნაკლები სასარგებლო მომსახურების ვადა, ის მაინც არ დაკლასიფიცირდება, როგორც მოკლევადიანი აქტივი.

მაგალითად. 20X0 წლის 31 დეკემბერს, საწარმომ შეცვალა წარმოების ხაზის მანქანა-დანადგარი. ჩანაცვლებული მანქანა-დანადგარი მიჰყიდა კონკურენტს 200,000 ლ-ად. გადახდა განხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 14 თვეში. 

საწარმოს აქტივი მოკლევადიანია თუ გრძელვადიანი?

მოთხოვნა წარმოადგენს გრძელვადიან აქტივს , არ არის მოსალოდნელი მისი რეალიზება საანგარიშგებო პერიოდის 

დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: თუ გადახდა განხორციელდებოდა საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში, ის აღირიცხებოდა, როგორც მოკლევადიანი აქტივი.

მოკლევადიანი ვალდებულებები 

ვალდებულება კლასიფიცირდება, როგორც მოკლევადიანი, თუ:

• მისი დაფარვა მოსალოდნელია ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის განმავლობაში 

• გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით 

• უნდა დაიფაროს საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში 

• საწარმოს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება, საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ სულ მცირე 12 თვის განმავლობაში მაინც;

მაგალითად: საწარმოს აქვს მომწოდებლების მიმართ ვალდებულება 100,000 ლ-ის ოდენობით, რომელიც წარმოიქმნა ნედლეულის შესყიდვით. წარმოადგენს თუ არა აღნიშნული საწარმოს მოკლევადიან ვალდებულებას?

დიახ, მოკლევადიანი ვალდებულებაა. დამოკიდებულია თუ არა თქვენი პასუხი იმაზე, დაიფარება თუ არა ვალდებულება საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი 12 თვის განმავლობაში?

არა, მაინც მოკლევადიანი ვალდებულება იქნებოდა, ვინაიდან იგი საწარმოს სამუშაო კაპიტალის ნაწილია.

მაგალითად. 31/12/2018 თარიღისთვის, საწარმომ დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, სესხი დაფარვადი იყო 3 წლის შემდგომ. ხელშეკრულება უფლებას აძლევს ბანკს (მაგრამ არ ავალდებულებს), რომ მოითხოვოს სესხის დაუყოვნებლივ დაფარვა.არის თუ არა საწარმოს ვალდებულება მოკლევადიანი?

დიახ, საწარმოს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება.

მაგალითად. პირობები იგივეა, რაც წინა მაგალითში, თუმცა საანგარიშგებო პერიოდის დასრულების შემდგომ (31/12/2018) და 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების გამოსაცემად დამტკიცებამდე, ბანკი ფორმალურად დათანხმდა, რომ არ მოითხოვდა სესხის ნაადრევად დაფარვას. 

არის თუ არა 31/12/2018 თარიღისთვის საწარმოს ვალდებულება მოკლევადიანი?

დიახ, მაინც მოკლევადიანია. საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება. შემდგომში შეთანხმების გაფორმება არ არის მაკორექტირებელი მოვლენა.

ინფორმაცია, რომელიც აისახება ბალანსში ან განმარტებით შენიშვნებში

შემდეგი მუხლების ქვეჯგუფები:

(ა) ძირითადი საშუალებები კლასების მიხედვით; 

(ბ) სავაჭრო და სხვა მოთხოვნები, განცალკევებულად დაკავშირებული მხარეებისა და სხვა მხარეებისგან მისაღები თანხები, ასევე დარიცხული შემოსავლებიდან მოთხოვნები, რომლისთვისაც საწარმოს ჯერ არ წარუდგენია გადახდის ანგარიშები; 

(გ) მარაგი, ცალ-ცალკე მზა პროდუქცია, დაუმთავრებელი წარმოება და ნედლეული და მასალები

(დ) სავაჭრო და სხვა ვალდებულებები, განცალკევებულად მომწოდებლებისა და დაკავშირებული მხარეებისთვის გადასახდელ თანხები, გადავადებული შემოსავალი და დარიცხვები; 

(ე) დაქირავებულ პირთა გასამრჯელოების რეზერვები და სხვა რეზერვები; და 

(ვ) საკუთარი კაპიტალის კატეგორიები, როგორიცაა სააქციო კაპიტალის ანაზღაურებული ნაწილი, საემისიო კაპიტალი, გაუნაწილებელი მოგება, გადაფასების რეზერვი და სხვა რეზერვები.

საწარმომ, რომელსაც გააჩნია სააქციო კაპიტალი, უნდა გაამჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია: 

(ა) ყველა ტიპის სააქციო კაპიტალისათვის: 

• ნებადართული აქციების რაოდენობა; 

• გამოშვებული და მთლიანად ანაზღაურებული აქციების და გამოშვებული, მაგრამ ნაწილობრივ ანაზღაურებული აქციების 

რაოდენობა; 

• ერთი აქციის ნომინალური ღირებულება; 

• მიმოქცევაში გაშვებული აქციების რაოდენობის შეჯერება პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვის. ამგვარი შეჯერების წარმოდგენა საწარმოს არ ევალება წინა პერიოდებისთვის და ა.შ 

(ბ) საკუთარი კაპიტალის განყოფილებაში ასახული თითოეული რეზერვის აღწერა.

შედარება სრულ ფასს-თან

• უფრო ადვილი ენით არის გადმოცემული, მოიცავს ნაკლებ მითითებებს აღრიცხვის პრინციპების გამოსაყენებლად.

• ფასს 5-ის მიხედვით ცალკე მუხლად აისახება გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები. მსს ფასს-ით ამგვარი მუხლები ცალკე არ გამოიყოფა, თუმცა აქტივის ვადაზე ადრე ამოღება ექსპლუატაციიდან გაუფასურების ინდიკატორია.

• სრული ფასს ითხოვს მიმოქცევაში გაშვებული აქციების რაოდენობის შეჯერებას შესადარისი პერიოდის დასაწყისისა და ბოლოსათვისაც. მსს ფასს ითხოვს მხოლოდ მიმდინარე პერიოდისთვის. 

• მსს ფასს ითხოვს ცალ-ცალკე ასახვას საინვესტიციო და ბიოლოგიური აქტივებისა, რომლებიც შეფასებულია რეალური ღირებულებით და თვითღირებულებით. სრული ფასს არ ითხოვს ცალკე ასახვას.

• სრული ფასს ითხოვს განმარტებით შენიშვნებში ქტივებისა და ვალდებულებების თითოეული მუხლისათვის იმ თანხების ცალკე ასახვას, რომელთა მიღება ან დაფარვა მოსალოდნელია თორმეტი თვის შემდეგ, თუ ამგვარი მუხლი ასევე მოიცავს თანხებს, რომელთა მიღება ან დაფარვა მოსალოდნელია საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ არა უმეტეს თორმეტ თვეში. მსს ფასს არ მოითხოვს ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნებას.


CRX