დაელოდეთ...

ფუნქციონირებადი საწარმო

ფუნქციონირებადი საწარმო

  ფინანსური  ანგარიშგების  შედგენის  პროცესში  საწარმოს  ხელმძღვანელობამ  სტანდარტზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს,  აქვს თუ არა საწარმოს საქმიანობის გაგრძელების უნარი, როგორც ფუნქციონირებად საწარმოს.  ანალიზისას  ხელმძღვანელობამ  უნდა გაითვალისწინოს  ნებისმიერი  ხელმისაწვდომი  საპროგნოზო  ინფორმაცია  საწარმოს  მომავალი საქმიანობის შესახებ. საპროგნოზო ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ბოლო საანგარიშგებო თარიღიდან სულ მცირე თორმეტ კალენდარულ თვეს.

საწარმო ფუნქციონირებადია, თუ მისი:

    ხელმძღვანელობა არ აპირებს საწარმოს ლიკვიდაციას ან საქმიანობის შეწყვეტას; ან

    ხელმძღვანელობას არ გააჩნია საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის რეალური ალტერნატივა.

ფუნქციონირებადი საწარმოს დაშვების  შეფასებისას საჭიროა ყველა საპროგნოზო ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც მოიცავს სულ მცირე თორმეტ თვეს საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან. კერძოდ, ხელმძღვანელობამ უნდა გაითვალისწინოს:

    საწარმოს უნარი, თავისი ვალდებულებები დაფაროს მათი დაფარვის ვადის დადგომისას;

    მისი ფულადი სახსრების ნაკადისა და მოგების საპროგნოზო სიდიდე; და

    საანგარიშგებო პერიოდის შემდეგი მოვლენები 

ხშირად მარტივია საწარმოს ფუნქციონირებადობის შეფასება, მაგალითად:

 •    მოგებიანი საწარმო, რომელიც არ განიცდის ფინანსურ სირთულეებს, როგორც წესი, ფუნქციონირებადი საწარმოა, თუ მესაკუთრეები არ მიიღებენ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას;

    თუ  საწარმოს მესაკუთრეები გადაწყვეტენ მისი საქმიანობის შეწყვეტას და ლიკვიდაციის დაწყებას დაგეგმავენ საანგარიშგებო თარიღიდან 12 თვეში, მაშინ საწარმო ვერ იქნება ფუნქციონირებადი საწარმო.

საწარმოს     ფუნქციონირებადობის     შეფასებისათვის     საჭიროა     განსჯის   გამოყენება.  თუმცა,  საწარმოს,  როგორც  ფუნქციონირებადი  საწარმოს მიერ საქმიანობის გაგრძელების შესახებ ეჭვის არსებობა, თავისთვად არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ფინანსური ანგარიშგება არ იყოს შედგენილი ფუნქციონირებადობის პრინციპის საფუძველზე.

  როდესაც ხელმძღვანელობა დაადგენს, რომ საწარმო არ არის ფუნქციონირებადი საწარმო, მან ფინანსური ანგარიშგება უნდა მოამზადოს ანაზღაურებადი ღირებულების საფუძვლით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლიკვიდაციის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა. აღნიშნული საფუძველი ითვალისწინებს რომ, აქტივები შეფასებულია ანაზღაურებადი ღირებულებით და ვალდებულებები შეფასებულია იმ თანხის ოდენობით, რაც საჭიროა ვალდებულებების დასაფარად საანგარიშგებო თარიღის მდგომარეობით.

მაგალითი 1- არაფუნქციონირებადი საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება

A საწარმომ 01/01/20x1 თარიღისთვის შეიძინა ერთი მანქანა-დანადგარი 60,000 ლარად, რომელსაც გააჩნია 6 წლიანი სასარგებლო მომსახურების ვადა და ნულოვანი ნარჩენი ღირებულება. მანქანა-დანადგარზე ცვეთის დარიცხვა ხდება წრფივი მეთოდით.

A საწარმომ 01/01/20x1 თარიღისთვის აიღო საბანკო სესხი 30,000 ლარი, რომ ნაწილობრივ დაეფინანსებინა მანქანა-დანადგარის შეძენა. ხელშეკრულების თანახმად, სასესხო ვალდებულების ვადამდელი დაფარვა (განურჩევლად იმისა, ნებაყოფლობით ხდება ეს თუ აღსრულების მოთხოვნით) იწვევს 10%-იან ჯარიმას დარჩენილ სასესხო ვალდებულებაზე (თანხის ძირისა და დარიცხული პროცენტის ჯამზე)

31/12/20x3 თარიღისთვის:

    მანქანა-დანადგარის საბალანსო ღირებულება შეადგენს 30,000 ლარს (ე.ი. 60,000/6=10,000 ლარი წლიური ცვეთა, სამ წელზე - 30,000).

    Covid-19-ის პანდემიის გამო ეკონომიკური და სოციალური გარემო პირობები გაუარესდა და იმ პროდუქციის ბაზრის დაკეტვა გამოიწვია, რომლის წარმოებასა და რეალიზაციასაც ახდენს A საწარმო. შედეგად A საწარმოს აღარ შესწევს უნარი დაფაროს მიმდინარე სასესხო ვალდებულება, შემდეგი დაფარვის თარიღისთვის, რომელიც 01/01/20x4 უწევს. ეს კი სავარაუდოდ აქტივის დაყადაღებას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, საწარმოს ლიკვიდაციამდე მიიყვანს. ხელმძღვანელობას არ გააჩნია სხვა რეალური ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ უახლოეს მომავალში დაადგინოს - A საწამო აღარ არის ფუნციონირებადი და შეწყვიტოს მისი საქმიანობა.

    სასეხო ვალდებულების საბალანსო ღირებულება არის 20,000 ლარი, ე.ი ძირი თანხისა და დარიცხული პროცენტის ჯამი.

A საწარმომ მანქანა-დანადგარი უნდა შეაფასოს ანაზღუარებადი ღირებულებით. ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მანქანა-დანადგარის რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ჯართად ჩაბარების გზით, რაც კომპანიას მოუტანს 11,000 ლარს (მთლიანი თანხა). მოცემული მანქანა- დანადგარის გაყიდვისთვის საჭირო დანახარჯი შეადგენს 1,000 ლარს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, A საწარმო 31/12/20x3 თარიღისთვის ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს არაფუნქციონირებადი საწარმოს

პრინციპით, რა დროსაც ხელმძღვანელობამ უნდა შეაფასოს:

    მანქანა-დანადგარი ანაზღაურებადი ღირებულებით, რაც არის 10,000 ლარი (ე.ი. 11,000 ლარი ჯართის გაყიდვით მიღებული სრული თანხა, შემცირებული გაყიდვისათვის საჭირო 1,000 ლარის დანახარჯით) და

    სასესხო ვალდებულება 22,000 ლარად, ე.ი. თანხა, რომელიც საჭიროა ვალდებულის დასაფარად საანგარიშგებო თარიღისთვის (20,000 ლარი საბალანსო ღირებულებას დამატებული 2,000 ლარი ვადამდელი გადახდის ჯარიმა).

თუ საწარმო ლიკვიდაციის პროცესშია და მისი ხელმძღვანელობა ფინანსური ანგარიშგების მომზადებას გადაწყვეტს. ამ შემთხვავაში ფინანსური ანგარიშგების მომზადება ხდება ანაზღაურებადი ღირებულების საფუძვლით.

ანაზღაურებადი ღირებულის საფუძველი ლიკვიდაციის პროცესში, როგორც წესი, ასახავს შემდეგ ეკონომიკურ ბუნებას:

    საწარმოს აქტივების ლიკვიდაციას მათი მესამე მხარეზე გაყიდვის გზით;

    აქტივების ლიკვიდაციიდან მიღებული ფულადი სახსრების გამოყენებას საწარმოს ვალდებულებების დასაფარად და

    დანარჩენი ფულადი სახსრების, თუ ასეთი არსებობს, განაწილებას საწარმოს მესაკუთრეებზე.

CRX