რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „საწარმოს კაპიტალი“ ასახვას ?
მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში („სესხისა და კაპიტალის აღრიცხვა“), კერძოდ, ჩანართში, „საწარმოს კაპიტალი“, ასახვას ექვემდებარება საწარმოს დამფუძნებლ(ებ)ის/პარტნიორ(ებ)ის მიერ ამავე საწარმოს კაპიტალში ფაქტობრივად განხორციელებული ნებისმიერი ფულადი ან/და არაფულადი ფორმის შენატანი. მათ შორის, შესაბამისი საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პოლიტიკით განსაზღვრული პერიოდულობით, საწარმოს გაუნაწილებელი მოგების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადატანა ამავე საწარმოს კაპიტალში.
მაგალითი
ფაქტობრივი გარემოება
2023 წლის იანვარის თვეში, A და B პირის მიერ დაფუძნდა საწარმო, რომელმაც, შესაბამის ორგანოში გაიარა აღრიცხვა (სახელმწიფო რეგისტრაცია) და რომლის განთავსებული კაპიტალი განისაზღვრა 200 000 ლარით (თითოეული დამფუძნებლის წილად 100 000 ლარის შენატანის ოდენობით). ამასთან, ამავე თვეში, საწარმოს კაპიტალში A დამფუძნებლის მიერ ფაქტობრივად განხორციელებულმა შენატანმა შეადგინა 100 000 ლარი. მოგვიანებით, ივლისის საანგარიშო პერიოდში, B დამფუძნებლის შენატანის შედეგად შეივსო საწარმოს კაპიტალი - შეტანილ იქნა 80 000 ლარის საქონელი.
შეფასება და შედეგი
საწარმო ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები ასახოს ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში: „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“. კერძოდ, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ჩანართში, „საწარმოს კაპიტალი“, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს შემდეგი პრინციპით:
● „საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით A დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში ფაქტობრივად განხორციელებული ფულადი შენატანების ოდენობა - 100 000 ლარი.
● „ზრდა საანგარიშო პერიოდში, სულ“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის საანგარიშო პერიოდში B დამფუძნებლის მიერ საწარმოს კაპიტალში ფაქტობრივად განხორციელებული არაფულადი შენატანების ოდენობა - 80 000 ლარი.
● „საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით არსებული საწარმოს კაპიტალის ფაქტობრივი ოდენობა - 180 000 ლარი (იხ. ნიმუში ).
ნიმუში
შინაარსი | საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი | ზრდა საანგარიშო პერიოდში | შემცირება საანგარიშო პერიოდში | საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი | ||
სულ | სულ | |||||
საწარმოს კაპიტალი | 100,000 | 80,000 | 0 | 180,000 |