რა ექვემდებარება მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართის სვეტში: „გაცემული სესხ(ებ)ი“ ასახვას ?
მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში („სესხისა და კაპიტალის აღრიცხვა“), კერძოდ, ჩანართში, „გაცემული სესხ(ებ)ი“, ასახვას ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა იურიდიულ, ფიზიკურ და ა.შ. პირ(ებ)ზე გაცემული სესხ(ებ)ი (იგულისხმება სესხის ძირი თანხები). ამასთან, უჯრა: „მათ შორის, გადაფასება“ შესაძლებელია შეივსოს ყოველთვიურად, კვარტალურად, წლიურად და ა.შ. - გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე.
მაგალითი
ფაქტობრივი გარემოება
2023 წლის ივნისის თვემდე, საწარმოს არ უფიქსირდება გაცემული სესხი, ხოლო ივნისის თვეში ფიზიკურ პირზე გასცა 20 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობის სესხი. ამასთან, სესხის გაცემის დღეს (პირობითად 30 ივნისი), დოლარის გაცვლითმა კურსმა ლართან მიმართებაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მონაცემების მიხედვით, შეადგინა 2.60
მოგვიანებით, ამავე წლის ივლისის თვეში, საწარმომ დამატებით გასცა სესხი 70 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, ივლისის ბოლოს (31 რიცხვში), საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკიდან გამომდინარე, განხორციელდა ივნისში გაცემული სესხის (20 000$) გადაფასება ამ დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსით (2.55).
შეფასება და შედეგი
საწარმო ვალდებულია აღნიშნული ოპერაციები ასახოს ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის N3 დანართში: „სესხების და კაპიტალის აღრიცხვა“. კერძოდ, აღწერილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ჩანართში, „გაცემული სესხ(ებ)ი“, შესაბამისი ინფორმაცია უნდა აისახოს შემდეგი პრინციპით:
● „საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის საწყისი თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხის ოდენობა ლარში, რაც შეადგენს 52 000 ლარს (20 000 * 2.60), (P.S ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ივნისის თვეში საწარმოს უნდა მოეხდინა ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის თანხის მოგების გადასახადით დაგებვრა 52 000/0,85*0,15=9176,47ლ ბიუჯეტში გადახდა, ამასთანავე როცა ფიზ. პირი დაუბრუნებს სესხის თანხას, ამავე მოგების დეკლარაციაში გადახდილი თანხის დაბრუნება სსა 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად;)
● „ზრდა საანგარიშო პერიოდში, სულ“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვეში გაცემული სესხი - 70 000 ლარი.
● „შემცირება საანგარიშო პერიოდში, სულ“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივნისის თვეში აშშ დოლარში გაცემული სესხის (20 000 $) გადაფასებით მიღებული სხვაობის თანხა - 1 000 ლარი ((20 000 $ * 2,60) - (20 000 $ * 2,55), ანუ 52 000 - 51 000). ამასთან, აღნიშნული სხვაობა (1 000 ლარი) ასევე აისახება უჯრაში „მათ შორის, გადაფასება“.
● „საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი“ - აღნიშნულ უჯრაში აისახება ივლისის თვის ბოლო თარიღის მდგომარეობით გაცემული სესხის ჯამური ოდენობა ლარში, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 121 000 ლარს (52 000 – 1 000 + 70 00) (იხ. ნიმუში ).
ნიმუში
შინაარსი | საანგარიშო პერიოდის საწყისი ნაშთი | ზრდა საანგარიშო პერიოდში | შემცირება საანგარიშო პერიოდში | საანგარიშო პერიოდის საბოლოო ნაშთი | ||
სულ | მათ შორის, გადაფასება | სულ | მათ შორის, გადაფასება | |||
გაცემული სესხ(ებ)ი | 52,000 | 70,000 | 0 | 1,000 | 1,000 | 121,000 |