დაელოდეთ...

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო ანგარიშგება და ვალდებულებები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო ანგარიშგება და ვალდებულებები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ, კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6 000 ლარამდე ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ:

პირი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის განმავლობაში;

მის მიერ, წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აჭარბებს 50 000 ლარს;

      სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას, ან ხელფასის გაცემისას, (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვალდებულების არსებობისას) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

გადახდა და ანგარიშგება

სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული შემოსავლის ნაწილში საშემოსავლო გადასახადი გადაიხდევინება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამავე ვადაში ხორციელდება საგადასახადო ორგანოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა.

ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი დამატებით ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი წესით, საქმიანობის ამ ნაწილში იგი ვალდებულია საანგარიშო წლის მომდევნო 1 აპრილამდე წარადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია.

უფლებები და ვალდებულებები

 მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, შესაბამისი მონაცემები აღრიცხოს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით, მათ, შორის იმ შემთხვევაშიც თუ იგი ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები. 

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი ვალდებულია სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა აწარმოოს სპეციალურ ჟურნალში, რომელიც დამტკიცებულია „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  31.12.2010 წ. N999 ბრძანებით.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა აღრიცხვის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს საკასო ან დარიცხვის მეთოდი. ამასთან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად, იგი აღრიცხვას განახორციელებს დარიცხვის მეთოდით.  

CRX