დაელოდეთ...

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ:

- საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

-   ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე: 

  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების; 
  • პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; 
  • მარტოხელა დედის; 
  • პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); 
  • პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი; 
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:

  • ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
  • იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და  სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მიღებული სხვა ტიპის შემოსავლები, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში.

 სავარაუდო დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

 სავარაუდო დარიცხვის განხორციელების ძირითადი მიზანია დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა.

 სავარაუდო დარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს როდესაც გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.

 სავარაუდო დარიცხვა ხორციელდება შესაბამისი დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი სავადო თარიღის შემდეგ.

სავარაუდო დარიცხვა უქმდება შესწორებითი დარიცხვით, რაც გულისხმობს:

ა) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;

ბ) სავარაუდო დარიცხვის გაუქმებას საგადასახადო შემოწმების შედეგების

შესაბამისად მიღებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

  თუ შესწორებითი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, პასუხისმგებლობის/სანქციის ზომა განისაზღვრება მის მიერ შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით სსკ-ის 274-ე მუხლის (საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვადის დარღვევა) შესაბამისად. 

  თუ შესწორებითი დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება: ა) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც არ აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით (დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა), ხოლო  ბ) შემოწმებით დარიცხული თანხის იმ ნაწილზე, რომელიც აღემატება სავარაუდო დარიცხვის ოდენობას, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ( გადასახადის თანხის შემცირება).

 


CRX