დაელოდეთ...

მოგების გადასხადით დაბეგვრის მიზნებისთვის შპს მიერ შპს-სთვის (ესტონურიდან ესტონურზე ) გაცემული თანხა არ ითვლება განაწილებულ მოგებად:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  

მუხლი 983 

3:  მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის შემდეგი შემთხვევები: 

(ზ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

 შესაბამისად არ დაიბეგრება მოგების გადასხადით, ხოლო დღგ-ს მიზნებისთვის ფულის გადაცემა არ არის დასაბეგრი ოპერაცია.

არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს.

  არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან  მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი.

მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემის ცალკეული შემთხვევები. მათ შორის:

კალენდარული წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციაზე გაცემული შემოწირულება, რომელიც მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10 პროცენტს არ აღემატება;

უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც დაბეგრილია გადახდის წყაროსთან;

სახელმწიფოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის უსასყიდლოდ საქონლის  მიწოდება, მომსახურების  გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;

უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

თუ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის თანხის დაბრუნება განხორციელდა სესხის გაცემისგან განსხვავებულ პერიოდში, საწარმოს უფლება აქვს, ჩაითვალოს მოგების გადასახადის თანხა, სესხის გაცემის საანგარიშო პერიოდში არსებული კურსის შესაბამისად.

მოგების გადასახადით იბეგრება:

  ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა);

 შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირზე, აგრეთვე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირზე (გარდა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა.

აღნიშნული არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და  სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ცალკეულ შემთხვევებში საწარმოს მიერ გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა იბეგრება მოგების გადასახადით. მათ, შორის:

ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება;

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი;

შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე მოგების გადასახადისაგან  გათავისუფლებული პირისათვის ავანსის გადახდა;

და სხვა.

საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (გარდა იმ პირისა, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება მოგების განაწილებისას) ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საწარმო მოგების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს ყოველთვიურად არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხდის მოგების გადასახადს.

მოგების განაწილებად ითვლება:

  საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე;

 კონტროლირებული ოპერაციის განხორციელება, თუ ამ ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს;

საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან.


CRX