საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საგადასახადო წლის განმავლობაში:
- I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
- 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა;
- III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება.
ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის ან/და საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე ნაკლები ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით.
აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც:
- სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის;
- სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ:
- საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;
- ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
- მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების;
- პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
- მარტოხელა დედის;
- პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
- პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.
საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
- ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
- იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;
- მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მიღებული სხვა ტიპის შემოსავლები, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში.
სავარაუდო დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
სავარაუდო დარიცხვის განხორციელების ძირითადი მიზანია დეკლარირების კულტურის ამაღლება და დროული დეკლარირების ხელშეწყობა.
სავარაუდო დარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს როდესაც გადასახადის გადამხდელმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის ვალდებულება.
