- გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების გადახდა ეკისრება მის მემკვიდრეს სამკვიდრო ქონებაში მისი წილის პროპორციულად, სამკვიდრო მოწმობის მიღების დღიდან.
- გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
- გარდაცვლილი პირის მემკვიდრე ვალდებულია შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, თუ მისთვის ცნობილია გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე.
- საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს არაუგვიანეს 30 დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პირის მიერ სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ, გაუგზავნოს შეტყობინება საგადასახადო დავალიანების თაობაზე.
- გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ:
ა) გარდაცვლილ პირს არ ჰყავს მემკვიდრე; ბ) მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროზე; გ) გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას − საგადასახადო დავალიანების დარჩენილი თანხის ოდენობით.
- მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია:
ა) ამის შესახებ აცნობოს საგადასახადო ორგანოს; ბ) ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად, ხოლო თუ გარდაცვლილი პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი იყო − დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად; გ) გადაიხადოს გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება; დ) შეასრულოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა ვალდებულებები.
- მემკვიდრეს, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს გარდაცვლილი პირის მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნება ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლა; ბ) გარდაცვლილი პირის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები გამოიყენოს საგადასახადო ანგარიშგების დროს; გ) წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები (მათ შორის, შესწორებული) გარდაცვლილი პირის საქმიანობის პერიოდზე; დ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარდაცვლილი პირის შესაბამისი დოკუმენტები გამოიყენოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დასადასტურებლად და აქციზის/დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის მისაღებად; ე) გააგრძელოს გარდაცვლილი პირის მიერ დაწყებული საგადასახადო დავა; ვ) ისარგებლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის სხვა უფლებებით.
- საგადასახადო ორგანო ვალდებულია გააერთიანოს გარდაცვლილი პირისა და მისი მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათები, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას.
- მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩათვლის მოთხოვნის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვისა:
ა) ვალდებულია გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა ასახოს მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე; ბ) უფლებამოსილია დაადგინოს პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის, საგადასახადო შემოწმების ჩატარებით; გ) უფლებამოსილია გარდაცვლილი პირის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადასახადის დარიცხვა განახორციელოს: გ.ა) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; გ.ბ) მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, არსებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის ფარგლებში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას; დ) ვალდებულია ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრუნოს ან მომავალი გადასახადის ანგარიშში ჩაუთვალოს გარდაცვლილი პირის ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა.
- ამ მუხლის მე-9 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მემკვიდრის მიმართ ამ კოდექსით განსაზღვრული სანქციები (მათ შორის, საბაჟო სანქცია) არ გამოიყენება.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6446 – ვებგვერდი, 25.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.