ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 56. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას

კარი IV · თავი VIII

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით.
  2. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
  3. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.
  4. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.
  5. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.
  6. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
  7. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.
  8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს უფლებამონაცვლეს/უფლებამონაცვლეებს (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

← მუხლი 55 · მუხლი 57 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01