- დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება:
ა) საგადასახადო აგენტისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა დასაბეგრი პირის მიერ, რომელიც არ არის დაფუძნებული ან ჩვეულებრივ არ ცხოვრობს საქართველოში, ან საქართველოში არ გააჩნია ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც მონაწილეობს ამ მომსახურების გაწევაში; ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა; გ) საბაჟო საწყობში ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირისგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა; დ) ამ კოდექსის 164¹ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი უცხოური საქონელი, რომელიც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ექცევა.
- ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − ნებისმიერი პირი, რომელიც დაფუძნებულია საქართველოში (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა და თიზ-ის საწარმოსი) ან საქართველოში აქვს ფიქსირებული დაწესებულება, რომლის მეშვეობით განხორციელდა ამ მომსახურების შეძენა; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს); გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნისთვის − პირი, რომელიც საქონელს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში აქცევს.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას:
ა) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მომსახურებისთვის გასაცემ თანხაზე; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე; გ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: გ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; გ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე; დ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: დ.ა) თუ საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხაზე; დ.ბ) თუ საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება − თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებაზე.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტის მიერ საგადასახადო ორგანოში ანგარიშგების წარდგენისა და დარიცხული გადასახადის ბიუჯეტში გადახდის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
- ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
- დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით არ იბეგრება:
ა) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული საცხოვრებელი ბინის/სახლის გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.