საქართველოს საგადასახადო კოდექსი — სტატიაში მითითებული ნაწილები, მოქმედი რედაქცია (01.10.2026).
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge

მუხლი 162¹. მომსახურების გაწევის ადგილი

ნაწილი 2

2. მომსახურების გაწევის ადგილის განსაზღვრის მიზნისთვის, პირი (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) დასაბეგრ პირად განიხილება მისთვის გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასთან დაკავშირებით.

ნაწილი 3

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი:

ა) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღებს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს;

ბ) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების გამწევის ფიქსირებული დაწესებულების მიერ, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების გამწევია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი. დაფუძნების ადგილის ან ფიქსირებული დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევს აქვს მუდმივი მისამართი, ან, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს.

ნაწილი 8

8. მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მისი ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ არადასაბეგრი პირისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:

ა) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება, რაც მოიცავს ჩატვირთვას, გადმოტვირთვას, გადაფუთვას, დასაწყობებას და საქონლის შენახვას გადაზიდვისას, საქონლის შეფუთვას ტრანსპორტირების მიზნით, დოკუმენტაციის მომზადებას საბაჟო ფორმალობების დასრულებამდე, ინსპექტირებას, შემოწმებასთან დაკავშირებულ მომსახურებას და სხვა მსგავს მომსახურებებს;

ბ) მოძრავი ნივთის შეფასება ან ასეთ ქონებასთან დაკავშირებული სამუშაო/მომსახურება.

მუხლი 175. ჩათვლის უფლება

ნაწილი 2

2. დასაბეგრ პირს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლება აქვს ჩაითვალოს საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გაწეულ ხარჯთან დაკავშირებული დღგ-ის თანხა, თუ საქონელი ან მომსახურება გამოიყენება:

ა) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის/ საქონლის მიწოდებისთვის;

ბ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებში;

გ) ფინანსური მომსახურებისთვის/ოპერაციისთვის, თუ მომხმარებელი საქართველოს ფარგლების გარეთაა დაფუძნებული ან თუ ეს ოპერაციები უშუალოდ არის დაკავშირებული საქონელთან, რომელიც საქართველოდან უნდა იქნეს ექსპორტირებული.