საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება №24602/2/2025
თარიღი: 07.03.2025 · შედეგი: არ დაკმაყოფილდა · ოფიციალური შეჯამება (შემოსავლების სამსახურის მიერ ანონიმიზებული). სტატიისთვის რელევანტური ნაწილი ყვითლადაა გამოყოფილი.
სრული ტექსტი: infohub.rs.ge
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის ოდენობა;
2. თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯის თანამშრომლის ხელფასად ჩათვლა;
3. სხვადასხვა მომსახურებების შეძენაზე გადახდილი თანხების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა.
 
ფაქტობრივი გარემოებები
1.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებული ჰქონდა სიგარეტი. დოკუმენტური რეალიზაციიდან იდენტიფიცირებულ იქნა 4%-იანი ფასნამატი სიგარეტზე და აღნიშნული სიგარეტი რეალიზებულ იქნა ამ ფასნამატით. იგივე პრინციპი იქნა გამოყენებული შეძენილი ალკოჰოლური სასმელების და ცემენტის მიმართ, რომლებიც რეალიზებულად ჩაითვალა დოკუმენტური ფასნამატით. შედეგად გაიზარდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანს უფიქსირდება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის პერიოდში. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერიდან დადგინდა თანხის შემოსვლა, რომელზეც არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გამოწერილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება შეძენილი კვებითი მომსახურება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კომპანია კვებით უზრუნველყოფდა თანამშრომლებს. კვების ხარჯი ჩაითვალა შრომის ანაზღაურების ნაწილად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
3.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სარესტორნო, სასტუმრო, სარეკლამო და გრაფიკული დიზაინის მომსახურებების შეძენა, რაც ვერ დაკავშირდა პირის მიერ მიღებულ/დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, პირს შეუმცირდა აღნიშნულ მომსახურებებზე ჩათვლილი დღგ-ის თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
 
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
 
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ბ); 101; 154; 159; 175; 176