ელიტ აუდიტი — აუდიტორული, საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურება თბილისში | Eaudit.ge

ერთი ბონუსი, სამი გადასახადი — ნებართვა წყვეტს ყველაფერს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე

სათამაშო ბიზნესში ბონუსი, ფეიბექი და პრომო-ჟეტონი ყოველდღიური მარკეტინგული ინსტრუმენტია. ბუღალტრული კითხვა კი, რომელიც მათ უკან დგას, სულაც არ არის ერთგვაროვანი: ერთი და იგივე წამახალისებელი ტექსტი რეგლამენტში სამ სხვადასხვა ფინანსურ შედეგს იძლევა.

განსხვავება ბონუსის სახელში ან მის ოდენობაში არ არის. განსხვავება ნებართვაშია. საგადასახადო კოდექსს სათამაშო ბიზნესისთვის რამდენიმე დამოუკიდებელი დაბეგვრის ობიექტი აქვს, და ისინი ერთსა და იმავე კომპანიაში ერთდროულად თანაარსებობს — თუ კომპანია ორ ან სამ ნებართვას ფლობს, თითოეულ სეგმენტში ერთი და იგივე ბონუსი სხვადასხვაგვარად იმუშავებს.

ქვემოთ ეს სამი რეჟიმი შემოსავლების სამსახურის ოფიციალური განმარტებების მიხედვითაა გაშლილი.

1. სამორინე და აზარტული კლუბი — ბონუსი დაბეგვრის ობიექტს არ ბადებს

ამ სეგმენტში სპეციალური დაბეგვრის ობიექტი არ არსებობს: მოქმედებს მოგების გადასახადის ზოგადი წესი — სსკ 97-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ერთ განხილულ შემთხვევაში კომპანია, რომელიც სამორინისა და სათამაშო აპარატების სალონის ნებართვებს ფლობდა, გეგმავდა ორ პროდუქტს:

„დისკაუნტი“ — თუ მოთამაშე ერთ სათამაშო დღეს დადგენილ მინიმუმზე მეტს წააგებდა, მას უფლება ჰქონდა წაგებულის განსაზღვრული პროცენტი დაებრუნებინა არაფულადი თამაშის უფლების (ჟეტონის) სახით. ჟეტონის განაღდება და მესამე პირზე გადაცემა აკრძალული იყო.

„პრომო“ — მენეჯერის გადაწყვეტილებით პოტენციურ ან ერთგულ მოთამაშეზე გადაცემული უფასო თამაშის უფლება.

შემოსავლების სამსახურმა სამივე გადასახადზე უარყოფითად უპასუხა:

მოგების გადასახადი — ობიექტი არ წარმოიშობა. ვინაიდან ორივე პროდუქტის დოკუმენტირებული მიზანი მოთამაშეთა ლოიალობის და, შედეგად, კომპანიის საკუთარი შემოსავლის ზრდაა, ისინი არც არაეკონომიკურ ხარჯად ითვლება (სსკ 98².1.„ბ“) და არც უსასყიდლო მიწოდებად (სსკ 98³.1).

საშემოსავლო გადასახადი წყაროსთან — დაკავების ვალდებულება არ ჩნდება. „დისკაუნტი“ ფასდაკლებული მომსახურების ფორმაა და არა მოთამაშის „მოგება“ სსკ 154.1.„ე“-ის მნიშვნელობით, „პრომო“ კი მარკეტინგული აქტივობაა. გადამწყვეტი არგუმენტი: თამაშის უფლების ჟეტონს დამოუკიდებელი სამომხმარებლო ღირებულება არ გააჩნია — ის მხოლოდ თამაშში გამოიყენება.

დღგ — გათავისუფლებულია. სათამაშო ჟეტონის მიწოდება აზარტული თამაშობის მიწოდების ფორმაა და სსკ 171.1.„ბ“-ით დღგ-ისგან თავისუფლდება ჩათვლის უფლების გარეშე. ფულადი დისკაუნტის მოთხოვნისას კი ეს უბრალოდ მომსახურების ღირებულების შემცირებაა.

რაზე დგას მთელი დასკვნა: ბონუსის მიზანი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ყველა ოპერაცია — აღრიცხული მოთამაშის იდენტიფიკაციით. სწორედ ეს ორი გარემოება გამორიცხავს არაეკონომიკური ხარჯის კვალიფიკაციას.

2. ონლაინ ტოტალიზატორი — ბონუს-ფსონი ახალი ფსონია

სისტემურ-ელექტრონული (ონლაინ) ტოტალიზატორის დაბეგვრის ობიექტი სულ სხვაა: სსკ 97.9 → 309.16 — თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი (ბრუტო), 7%.

განხილულ შემთხვევაში ორგანიზატორი მოთამაშეს ფსონის განსაზღვრულ პროცენტს (მაგალითში 15%) უბრუნებდა არა ფულით, არამედ ახალი ფსონის დადების უფლებით. კომპანია თვლიდა, რომ ეს პირველადი ფსონის კორექტირება იყო.

შემოსავლების სამსახურმა არ დაეთანხმა: პირველადი ფსონი და დაბრუნებული თანხის ახალ ბილეთზე განთავსება ორი დამოუკიდებელი, დასრულებული ტრანზაქციაა. შესაბამისად, ბონუს-ფსონის ხელახალი განთავსება ახალ მიღებულ ფსონად ითვლება და მეორედ იბეგრება 7%-ით. პირველადი ფსონის უკუქცევითი კორექტირება დაუშვებელია — სსკ 69.1-ით დეკლარაციაში ცვლილება მხოლოდ შეცდომისას შედის.

პრაქტიკული შედეგი: ფსონის დაბრუნების პროგრამა ტოტალიზატორში 7%-იან გადასახადს ბაზის ზრდით ხდის უფრო ძვირს — ეს ბონუსის ღირებულების გაანგარიშებაში თავიდანვე უნდა ჩაიდოს.

P2P ტურნირის საპრიზო ფონდი. იმავე გადაწყვეტილებაში: როცა კომპანია საკუთარი სახსრებით ავსებს გამოცხადებულ საპრიზო ფონდს, მოგების გადასახადის ობიექტი არ წარმოიშობა (მიზანი მომხმარებლის მოზიდვა და შენარჩუნებაა). მაგრამ ვინაიდან პრიზი მოთამაშის კონკრეტულ თამაშურ შესრულებაზე არ არის დამოკიდებული — ფონდი მოთამაშისთვის უცნობად, ადრევე ფორმირდება — ეს საჯარო დაპირებით დაწესებული ჯილდოა (სამოქალაქო კოდექსის 755-ე მუხლი). შედეგად 1 000 ლარზე მეტი პრიზი წყაროსთან დაკავების ვალდებულებას წარმოშობს (სსკ 154.1.„მ“), ხოლო დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება პროპორციულად — კომპანიის სახსრების წილით ჯამურ საპრიზო ფონდში.

3. სათამაშო აპარატების სალონი — ბონუსი ბაზას არ ამცირებს

მესამე რეჟიმი ყველაზე მკაცრია. დაბეგვრის ობიექტი სსკ 97.9¹-ია: მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. „მოგება“ კი სსკ 8.27-ით არის მოთამაშის მიერ ერთ ბილეთზე, ჟეტონზე ან სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის დადებითი სხვაობა.

შემოსავლების სამსახურმა დაადგინა, რომ ფსონებით მიღებული შემოსავალი მცირდება მხოლოდ მოთამაშეებზე გაცემული მოგებით და მას არ აკლდება საწარმოს სხვა ხარჯები — მათ შორის სარეკლამო და მარკეტინგული, რომლებიც მოთამაშეთა წასახალისებლად ან მოსაზიდად გაიწევა. „მოგება“ მკაცრად განიმარტება და მოიცავს მხოლოდ იმას, რაც კონკრეტულ აპარატზე დაფიქსირებული შედეგის შესაბამისად გაიცემა.

შედეგად: ბონუს ქულა, ფეიბექი და კომპანიის საკუთარი ჯეკპოტი მოთამაშეზე გაცემულ მოგებად არ ითვლება და დასაბეგრ ბაზას არ ამცირებს.

ერთი გამონაკლისი: აპარატის მწარმოებლის ჯეკპოტი — ის გათამაშებისას ავტომატურად აისახება მრიცხველის out-მონაცემში და ბაზას ისედაც აკლდება.

ცალკე ფენა — მოთამაშის დაბეგვრა. იმავე გადაწყვეტილებაში ორგანომ დაადგინა, რომ სალონის პერსონალური ბარათიდან გატანილი ნებისმიერი თანხა იბეგრება 5%-ით, წარმომავლობის მიუხედავად — იმის მიუხედავად, მოგებაა ის თუ თავად შეტანილი და დაუთამაშებელი ფული. არც ერთი შესაბამისი ნორმა გატანილი თანხის წარმომავლობას არ აკონკრეტებს; ვინაიდან ბარათზე თანხის განთავსების ერთადერთი მიზანი თამაშობაში მონაწილეობაა, გატანა ყოველთვის თამაშობის შედეგად არსებული თანხის გატანას ნიშნავს. ჟეტონზე გადაცვლაც გატანად ითვლება — სამორინე სალონის ნებართვისგან დამოუკიდებელი სანებართვო საქმიანობაა. დაკავების ვალდებულება სალონის მომწყობს ეკისრება.

მაგალითი განხილული გადაწყვეტილებიდან: ბარათზე განთავსდა 1 000 ლარი, მოთამაშემ ითამაშა 1 ლარის ფსონით, მოიგო 400 და გაიტანა 1 399 ლარი. დაბეგვრას ექვემდებარება მთლიანი 1 399 ლარი — და არა 399-ლარიანი ნამეტი.

2026 წლის სიახლე: ფასდაკლებული ბრუნვა და ბონუსის ყიდვა

2026 წლის ივლისის განმარტება სამ კითხვაზე, რომელიც ონლაინ ოპერატორებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ:

ფასდაკლებული ბრუნვა GGR-ში სრული ნომინალით შედის. როცა ორგანიზატორი 100-ლარიან პაკეტს 70 ლარად ყიდის, დაბეგვრის მიზნებისთვის რელევანტურია ფსონის განთავსების ფაქტი და არა ის, რეალურად რა თანხა გადაიხადა მოთამაშემ. იგივე ეხება ბონუს რაუნდში უფასოდ გადაცემულ ბრუნვას — ისიც სრული ღირებულებით ითვლება მიღებულ ფსონებში.

ბონუსის ყიდვა ფსონი არ არის. ბონუს რაუნდში შესვლისთვის გადახდილი თანხა ფსონის განთავსება არ არის — ის მოგების ალბათობის გაზრდას ემსახურება. შედეგად ეს თანხა GGR-ში არ შედის და იბეგრება საერთო წესით, სსკ 97.1-ით.

და აქ არის ხაფანგი: იმავე მიზეზით ბონუს რაუნდის ანაზღაურება არ ექცევა სსკ 171.1.„ბ“-ის დღგ-ის შეღავათში და დღგ-ით საერთო წესით იბეგრება. გადამხდელის საპირისპირო დაშვება ორგანომ პირდაპირ უარყო.

ყურადღება: ძველი გადაწყვეტილებები 15%-ს ასახელებს, განაკვეთი კი 20%-ია

ეს ის ადგილია, სადაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად იკარგება ფული.

სათამაშო აპარატების სალონზე გაცემული ადრინდელი განმარტებები განაკვეთად სსკ 98.1-ს, ანუ 15%-ს ასახელებს. მოქმედ რედაქციაში კი:

სსკ 98.1 — „15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“;

სსკ 98.6 — სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან ან/და სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშობების ორგანიზებიდან მიღებული დასაბეგრი მოგება იბეგრება 20 პროცენტით (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობით მიღებული ნაწილისა — მასზე სსკ 97.9³ და 98.5-ით 5% მოქმედებს).

ამას 2026 წლის ივლისის გადაწყვეტილებაც პირდაპირ ადასტურებს. ქეისის მსჯელობა ბაზაზე — რა აკლდება და რა არა — ძალაშია; განაკვეთი კი აღარ. თუ ბუღალტრული პოლიტიკა ძველ განმარტებაზე დგას, განაკვეთი ცალკე უნდა გადამოწმდეს.

პრაქტიკული ნაბიჯები

ჯერ ნებართვა, მერე ბონუსი. სანამ წამახალისებელ პროგრამას გაუშვებთ, დაადგინეთ, რომელი ნებართვის ფარგლებში გაიცემა. თუ კომპანია რამდენიმე ნებართვას ფლობს, ბონუსი სეგმენტების მიხედვით ცალ-ცალკე უნდა დაიგეგმოს და აღირიცხოს.

მიზანი დოკუმენტში ჩაწერეთ. მარკეტინგული მიზნის (ლოიალობა, მოზიდვა, შემოსავლის ზრდა) წერილობითი დასაბუთება სწორედ ის არგუმენტია, რომელიც არაეკონომიკური ხარჯის და უსასყიდლო მიწოდების კვალიფიკაციას გამორიცხავს.

ჟეტონი განაღდებადი არ უნდა იყოს. დამოუკიდებელი სამომხმარებლო ღირებულების არარსებობა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისგან თავისუფლების საფუძველია. განაღდების ან მესამე პირზე გადაცემის დაშვება ამ არგუმენტს ანგრევს.

ტოტალიზატორში ბონუს-ფსონი ორჯერ ჩათვალეთ. 7% პირველად ფსონზეც დაერიცხება და ბონუს-ფსონზეც — ეს პროგრამის თვითღირებულებაშია ჩასადები.

სალონში ბონუსი ბაზიდან არ გამოაკლოთ. ბონუსი, ფეიბექი და საკუთარი ჯეკპოტი მარკეტინგული ხარჯია; ბაზას მხოლოდ აპარატზე დაფიქსირებული მოგება აკლდება.

გატანის 5% ყველა გატანაზე დააკავეთ. მათ შორის მაშინ, როცა მოთამაშემ საერთოდ არ უთამაშია, და მაშინაც, როცა თანხა ჟეტონზე გადაიცვალა.

განაკვეთი გადაამოწმეთ. სალონისა და სისტემურ-ელექტრონული აზარტული თამაშობის დასაბეგრ მოგებაზე 20% მოქმედებს, არა 15%.

წყაროები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი — მუხლები 8 (ნაწ. 27), 69 (ნაწ. 1), 97 (ნაწ. 1, 9, 9¹, 9³), 98 (ნაწ. 1, 5, 6), 154 (ნაწ. 1), 171 (ნაწ. 1, ქვეპუნქტი „ბ“), 309 (ნაწ. 16) — მოქმედი რედაქცია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 755 (საჯარო დაპირება).

შემოსავლების სამსახურის 4 ოფიციალური განმარტება აზარტული და მომგებიანი თამაშობების დაბეგვრაზე (2022–2026), ანონიმიზებული. ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოგვყავს.

ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. ოფიციალური განმარტება მხოლოდ იმ პირისთვისაა სავალდებულო, რომელზეც გაიცა. 📞 სათამაშო ბიზნესის ბონუს-პროგრამის საგადასახადო შემოწმება: 598 21 27 01

არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვა: რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე

არაპირდაპირი მეთოდი საგადასახადო შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე სადავო ინსტრუმენტია: ორგანო ბრუნვას ან შემოსავალს დოკუმენტებიდან კი არა, ფასნამატის, საბაზრო ფასის, მსგავსი საწარმოს მონაცემების ან აქტივების ზრდის მიხედვით ითვლის. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ამბობს საგადასახადო კოდექსი, და ანონიმიზებული დავების პრაქტიკის მიხედვით — რა ეხმარება გადამხდელს ასეთ დავაში.

რას ამბობს საგადასახადო კოდექსი

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით — აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, სხვა საგადასახადო პერიოდის ან სხვა ამგვარი გადამხდელის მონაცემებთან შედარების და სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. ამის საფუძვლებია:

„ა“ ქვეპუნქტი: პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

„ბ“ ქვეპუნქტი: ერთზე მეტი შემდეგი პირობა — აქტივების დაუსაბუთებელი ზრდა; ხარჯი, რომელიც დეკლარირებულ შემოსავალს აჭარბებს; შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილი ორი ან მეტი სამართალდარღვევა; არსებითი სხვაობა დეკლარირებულ და მიმდინარე კონტროლით დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

რას აჩვენებს პრაქტიკა

ჩვენ მიერ დამუშავებული 70 გადაწყვეტილებიდან (მათი უმეტესობა 2026 წლისაა) 5 გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა, 48 — ნაწილობრივ, 17 — უარით. „ნაწილობრივ დაკმაყოფილდა“ ამ თემაზე, როგორც წესი, ნიშნავს, რომ საქმე ხელახლა შესწავლისთვის დაბრუნდა; თანხის შემცირება ამ ეტაპზე ჯერ უცნობია.

ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე დავაში მეორდება.

რა ეხმარება გადამხდელს

1. მეთოდის გამოყენების საფუძვლის შემოწმება. ჯერ უნდა დადგინდეს, რომელ ფაქტზე ეყრდნობა ორგანო, როცა ამბობს, რომ აღრიცხვა არ არსებობს ან დაბეგვრის ობიექტი დოკუმენტებით ვერ დგინდება. თუ აქტში ასეთი ფაქტი არ ჩანს, დავის მთავარი კითხვა 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველია, არა ციფრები. თუმცა, მხოლოდ ბუღალტრული პროგრამის არსებობა ამ საფუძველს არ გამორიცხავს: ორგანო ამოწმებს, შესაძლებელია თუ არა მისი მეშვეობით ობიექტის რეალური დადგენა.

2. არითმეტიკა. გადამხდელის სასარგებლოდ დასრულებული საქმეებში ხშირად გადამწყვეტი აღმოჩნდა მარტივი გაანგარიშება: რამდენად შეცვალა მეთოდმა დეკლარირებული ბრუნვა, და რა ნაწილს შეადგენს სადავო მოცულობა დოკუმენტურ ბრუნვაში. თუ სხვაობა უმნიშვნელოა, მეთოდის გამოყენების აუცილებლობა ეჭვქვეშ დგება.

3. კონკრეტული შეცდომა, არა მეთოდის ზოგადი კრიტიკა. შედეგს იძლევა ორგანოს გაანგარიშებაში კონკრეტული შეცდომის ჩვენება: ატიპური საბაზისო დოკუმენტი, ოფიციალური საპირწონე მონაცემი (მაგალითად, საბაჟო დეკლარაციის ფასი) და ალტერნატიული გაანგარიშება ორგანოს საკუთარ დაშვებებზე. საბაზრო ფასის დავებში ასევე შეამოწმეთ, რომელი წყაროა გამოყენებული, რომელ თარიღზე და რომელი კურსით.

4. დამოუკიდებელი ექსპერტიზა. საბაზრო ფასის ან ფასნამატის ზეპირი კრიტიკა დარიცხვას არ ცვლის. უფრო ძლიერია დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც ჯობია დავის დაწყებამდე შეკვეთილი იყოს.

რა არ ეხმარება გადამხდელს

1. ზოგადი მითითება, რომ ფასნამატი „არარეალურია“. პროცენტზე ზოგადი კამათი, კონკრეტული მონაცემების გარეშე, შედეგს არ მოიტანა.

2. „აგენტის სქემაზე“ მხოლოდ დეკლარაციული მითითება. თუ ხელშეკრულებები და ფულადი ნაკადი აგენტულ ურთიერთობას არ ადასტურებს, ან გადამხდელმა საკუთარ დეკლარაციაში სრული ბრუნვა ასახა, ეს არგუმენტი შედეგს არ იძლევა.

3. ხელახლა შესწავლის ეტაპზე დოკუმენტების წარუდგენლობა. საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, როგორც წესი, დოკუმენტების წარდგენისთვის ვადას (ხშირად 15 დღეს) ითვალისწინებს. თუ ეს ვადა გაიშვა, ან ცხრილი ორგანოსთვის მიუწვდომელ ფორმით წარდგინდა, გადაანგარიშება ძველ დარიცხვას ადასტურებს.

სანქციისგან გათავისუფლება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით. ეს მოთხოვნა პირველივე საჩივარში უნდა დაყენდეს და კონკრეტულ გარემოებებზე ეყრდნობოდეს; ზოგადი ეკონომიკური ახსნა, როგორც წესი, საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრაქტიკული რჩევები

აქტის მიღებისთანავე დაადგინეთ, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელ საფუძველზე გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, და რომელი ფაქტი ადასტურებს ამ საფუძველს.

დაითვალეთ სადავო მოცულობის წილი დოკუმენტურ ბრუნვაში.

ალტერნატიული გაანგარიშება ორგანოს დაშვებებზე მოამზადეთ, და ოფიციალური საპირწონე წყარო დაასახელეთ.

ექსპერტიზა შეუკვეთეთ დავის დაწყებამდე.

ხელახლა შესწავლის ეტაპზე ვადა არ გაუშვეთ, და ცხრილი ორგანოსთვის ხელმისაწვდომი ფორმით წარადგინეთ.

წყაროები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 73 (ნაწილი 5, „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები) და მუხლი 269 (ნაწილი 7) — მოქმედი რედაქცია.

Elite Audit-ის ანონიმიზებული დავების ბარათები (70 გადაწყვეტილება, 17.09.2026-ის დათვლა). ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოვიყვანთ.

ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. 📞 არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვის შემოწმება და გასაჩივრება: 598 21 27 01

ფულის ნაშთი დირექტორის ხელფასად: როგორ მიეცეს მას სხვა კვალიფიკაცია
ავტორი: ირაკლი მანაგაძე

საგადასახადო შემოწმების შემდეგ ხშირად ასეთი დარიცხვა ვხედავთ: სალაროში ნაშთი, რომლის წყარო და გამოყენება ახსნილი არ არის, დებიტორული დავალიანება, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება, ან დირექტორისთვის გაცემული სესხი — დირექტორის ხელფასად ფასდება. ამ თანხაზე ერიცხება წყაროსთან დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ამბობს საგადასახადო კოდექსი, და ანონიმიზებული დავების პრაქტიკის მიხედვით — რა შემთხვევაში შეიძლება ასეთ თანხას სხვა კვალიფიკაცია მიეცეს.

რას ამბობს საგადასახადო კოდექსი

73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი: საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

101-ე მუხლის პირველი ნაწილი: ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება პირს, რომელიც დაქირავებულს ხელფასს უხდის.

ამ ნორმებიდან გამომდინარე, დავის მთავარი კითხვა ფაქტობრივია: დარჩა თანხა კომპანიის საქმიანობაში, თუ ის დირექტორის პირად განკარგვაში გადავიდა? სხვა კვალიფიკაცია მხოლოდ მაშინ შესაძლებელია, როცა პირველი ვერსია დოკუმენტებით დასტურდება.

რას აჩვენებს პრაქტიკა

ჩვენ მიერ დამუშავებული 78 გადაწყვეტილებიდან (მათი უმეტესობა 2026 წლისაა) 12 გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა, 50 — ნაწილობრივ, 15 — უარით, 1 — შერეული შედეგით. ამ თემაზე „ნაწილობრივ დაკმაყოფილდა“ ხშირად ნიშნავს, რომ საქმე ხელახლა შესწავლისთვის დაბრუნდა. ეს თანხის შემცირება ჯერ არ არის, და ზოგჯერ მომდევნო ეტაპზე ისევ უარით მთავრდება.

ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე დავაში მეორდება.

რომელი მტკიცებულება ცვლის კვალიფიკაციას

1. დოკუმენტების უწყვეტი ჯაჭვი კონკრეტულ ნაშთზე. ყველაზე ძლიერი პოზიცია ისეთია, სადაც თანხის ყოველი ნაბიჯი დოკუმენტით დასტურდება: ნაშთი → ბანკში შეტანა → ვალუტის შეძენა ან გადარიცხვა → კონკრეტული ვალდებულების დაფარვა. იგივე წესი ვრცელდება დებიტორულ დავალიანებაზე: მოთხოვნის შემდეგ დაფარვა ხელფასის კვალიფიკაციას გამორიცხავს, თუ დოკუმენტებით ჩანს, რომ სწორედ ეს დაფარვა ეხება ამ მოთხოვნას.

2. სესხის შემთხვევაში — სამი მტკიცებულება ერთად. საჭიროა თარიღიანი წერილობითი ხელშეკრულება, თანხის გაცემისა და დაბრუნების საბანკო ამონაწერი და მხარეთა ურთიერთდამოუკიდებლობა. ცალ-ცალკე ეს მტკიცებულებები საკმარისი არ არის; ერთად ისინი სესხის რეალურობას ადასტურებენ.

3. დასაბეგრი ბაზის გადაანგარიშება. თუ თანხა ბანკის მეშვეობით დაბრუნდა, ან ავანსის სანაცვლოდ საქონელი რეალურად მიღებულ იქნა, საბანკო ამონაწერი ან საქონლის მიღების დოკუმენტი ამ ნაწილს ბაზიდან გამორიცხავს.

რა არ ცვლის კვალიფიკაციას

1. ზოგადი ახსნა. „ეს ბიზნესის ხარჯი იყო“, „პანდემიის გამო ასე მოხდა“, „კონტრაგენტთან სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს“ — ხარჯების ჩამონათვალი ან ურთიერთობის აღწერა პირველადი დოკუმენტების გარეშე თანხას ხელფასად ტოვებს.

2. ცალკეული დოკუმენტი. ხელშეკრულება ან სალაროს ორდერი, თუ მას ფულის რეალური მოძრაობა არ ადასტურებს, კვალიფიკაციას არ ცვლის. შედეგს იძლევა ფულადი ნაკადის სრული აღდგენა.

3. ხელახლა შესწავლის ეტაპზე დოკუმენტების წარუდგენლობა. საქმის ხელახლა შესწავლისთვის დაბრუნება მხოლოდ შესაძლებლობაა. თუ მოთხოვნილი დოკუმენტები გადაანგარიშებამდე არ წარდგინდა, მომდევნო ეტაპზე დარიცხვა უცვლელი რჩება — მაშინაც კი, როცა საჩივარი ორჯერ ზედიზედ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

სანქციისგან გათავისუფლება და საჩივრის ფარგლები

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით. ეს ორგანოს უფლებაა, არა ვალდებულება. პრაქტიკაში ასეთი მოთხოვნა შედეგს იძლევა, როცა ის თითოეულ გადასახადზე და ფაქტზე ცალკე დასაბუთებულია და პირველივე საჩივარში დაყენებულია. მომდევნო ეტაპზე პირველად დამატებული მოთხოვნა შეიძლება განუხილველი დარჩეს.

პრაქტიკული რჩევები

სალაროს ნაშთი ყოველ თვე შეაჯერეთ ბანკთან ან კონკრეტულ ვალდებულებასთან. ნაშთი, რომლის წყარო და გამოყენება ახსნილი არ არის, ხელფასად კვალიფიკაციის პირველი რისკია.

დირექტორისთვის სესხის გაცემისას გააფორმეთ თარიღიანი ხელშეკრულება, თანხა გაეცით და დაიბრუნეთ ბანკის მეშვეობით; ამ ოპერაციებზე ნაღდი ანგარიშსწორებას ნუ გამოიყენებთ.

დებიტორული დავალიანება, რომელიც დიდი ხანია არ იცვლება, ან დაფარვით უნდა დასრულდეს, ან ბუღალტრულ აღრიცხვაში სწორად უნდა აისახოს. ურთიერთშედარების აქტი ფაქტობრივ დაფარვას არ ჩაანაცვლებს.

ხელახლა შესწავლის ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტები ვადაზე წარადგინეთ, და წარდგენის ფაქტი წერილობით დააფიქსირეთ.

წყაროები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 73 (ნაწილი 9, „ბ“ ქვეპუნქტი), მუხლი 101 (ნაწილი 1), მუხლი 154 (ნაწილი 1, „ა“ ქვეპუნქტი), მუხლი 269 (ნაწილი 7) — მოქმედი რედაქცია.

Elite Audit-ის ანონიმიზებული დავების ბარათები (78 გადაწყვეტილება, 17.09.2026-ის დათვლა). ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოვიყვანთ.

ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. 📞 ხელფასად კვალიფიკაციის შემოწმება და გასაჩივრება: 598 21 27 01

სალარო აპარატი და POS-ტერმინალი: როცა ერთი გადახდა ბრუნვაში ორჯერ ითვლება
ავტორი: ირაკლი მანაგაძე

მაღაზიაში, აფთიაქში ან ავტოგასამართ სადგურზე სალარო აპარატი და POS-ტერმინალი ხშირად ერთად მუშაობს. შემოწმების დროს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეიძლება ასე დადგინდეს: სალარო აპარატის მონაცემები + ტერმინალის მონაცემები + საბანკო ამონაწერი. თუ ბარათით გადახდილი თანხა სალარო აპარატშიც გატარდა, ერთი და იგივე გადახდა ბრუნვაში ორჯერ ჩაითვლება, და დარიცხვაც შესაბამისად გაიზრდება.

ამ სტატიაში, ანონიმიზებული დავების პრაქტიკის მიხედვით, განვიხილავთ, რა ეხმარება გადამხდელს ასეთ დავაში და რა — არა.

რას აჩვენებს პრაქტიკა

2026 წელს ჩვენ მიერ დამუშავებული 9 გადაწყვეტილებიდან (ნაწილი ერთი და იმავე დავის სხვადსხვა ეტაპია) 5 შემთხვევაში საქმე ხელახლა გაანგარიშებისთვის დაბრუნდა, 4 შემთხვევაში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დარიცხვა სრულად არც ერთ გადაწყვეტილებით არ გაუქმდა. „ნაწილობრივ დაკმაყოფილდა“ ამ თემაზე, როგორც წესი, ნიშნავს ხელახლა შესწავლის დავალებას — თანხის შემცირება ამ ეტაპზე ჯერ უცნობია.

ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე დავაში მეორდება.

რა ეხმარება გადამხდელს

1. დუბლირების შეჯერება დღეების და ოპერაციების დონეზე. საქმე ხელახლა გაანგარიშებისთვის დაბრუნდა, როცა გადამხდელმა ახსნა, როგორ მოხდა დუბლირება (რომელ ორ მოწყობილობაში და რატომ გატარდა ერთი და იგივე გადახდა), და წარმოადგინა ცხრილი: რომელ დღეს, რომელ მოწყობილობაზე და რომელ თანხაზე ემთხვევა ოპერაციები ერთმანეთს. სადაც დღიური შეჯერება სრულად არ წარდგინდა, მომდევნო ეტაპზე საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ადრე ხელახლა შესწავლისთვის დაბრუნდა.

2. დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება — თითოეულ ოპერაციაზე დოკუმენტით. თუ ბრუნვის ნაწილი დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდებაა (მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია), ორგანოს შესწავლის ვალდებულება ჩნდება, როცა ეს მიწოდება სასაქონლო ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით დასტურდება — ასეთ საქმეში ეს ნაწილი აუდიტს ხელახლა შესასწავლად დაევალა. მითითება, რომ „შემოსავლის უმეტესი ნაწილი ხილ-ბოსტნეულის მიწოდებაა“, დოკუმენტების გარეშე დავას არსებითი განხილვამდე არ მიიყვანა.

რა არ ეხმარება გადამხდელს

1. ტერმინალის შემოსავლის ბრუნვიდან სრულად გამორიცხვა. POS-ტერმინალით მიღებული თანხა თავად ბრუნვის ნაწილია. მოთხოვნა, რომ ეს შემოსავალი ბრუნვიდან სრულად ამოირიცხოს, ან თანხა გადაანგარიშების გარეშე მოიხსნოს, არ დაკმაყოფილდა. ბრუნვა მცირდება მხოლოდ კონკრეტული, დოკუმენტით დადასტურებული დუბლირების ნაწილში.

2. სანქციისგან გათავისუფლების ზოგადი მოთხოვნა. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა მისი შეცდომით ან არცოდნით გამოწვეულია. ეს უფლებაა, არა ვალდებულება. მოთხოვნა, რომელშიც კონკრეტული შეცდომა დასახელებული არ იყო, არ დაკმაყოფილდა.

ორი რამ, რაც დავის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ

ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე ბრუნვა ფისკალური და საბანკო მონაცემებით დგინდება. თუ ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებდა, ბრუნვა სალარო აპარატის, ტერმინალისა და საბანკო ამონაწერის მონაცემებით დადგინდა, და ამ ჯამსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის სხვაობა პირდაპირ ჩაირთო დასაბეგრ ბრუნვაში. „სამართლიანი“ დარიცხვის მოთხოვნა ასეთ დროს არ დაკმაყოფილდა.

ყველა მოთხოვნა პირველივე საჩივარში უნდა შევიდეს. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში. ესე იგი, საბჭოში პირველად წარდგენილი დამოუკიდებელი მოთხოვნა (მაგალითად, დღგ-ის ჩათვლის) შეიძლება განუხილველი დარჩეს.

პრაქტიკული რჩევები

ბარათით მიღებული თანხა სალარო აპარატში უნაღდო ანგარიშსწორების სახით გაატარეთ, და ყოველდღე შეაჯერეთ Z-ანგარიში ტერმინალის ამონაწერთან. ასეთი ცხრილი დავაში ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა.

დღგ-ისგან გათავისუფლებული მიწოდება ოპერაციების დონეზე დოკუმენტურად ასახეთ (ზედნადები, შესყიდვის აქტი). ბრუნვის პროცენტზე ზოგადი მითითება დავაში საკმარისი არ არის.

სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნაში კონკრეტული შეცდომა დაასახელეთ; ზოგადი მითითება კეთილსინდისიერებაზე საკმარისი არ აღმოჩნდა.

საჩივრის ფარგლები პირველივე ეტაპზე სრულად განსაზღვრეთ (302-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

წყაროები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 269 (ნაწილი 7) და მუხლი 302 (ნაწილი 3) — მოქმედი რედაქცია.

Elite Audit-ის ანონიმიზებული დავების ბარათები (2026 წლის 9 გადაწყვეტილება, 17.09.2026-ის დათვლა). ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოვიყვანთ.

ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. 📞 სალარო-ტერმინალის ბრუნვის დარიცხვის შემოწმება და გასაჩივრება: 598 21 27 01

ზედნადების ჯარიმა: რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს დავაში
ავტორი: ირაკლი მანაგაძე

ზედნადებთან დაკავშირებული ჯარიმა მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სანქციაა. დავაში მისი ბედი ხშირად ფაქტებზე კი არა, არგუმენტის სწორ არჩევაზე დამოკიდებულია. ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ამბობს საგადასახადო კოდექსი, და ანონიმიზებული დავების პრაქტიკის მიხედვით — რომელი არგუმენტი ეხმარება გადამხდელს, და რომელი — არა.

რას ამბობს საგადასახადო კოდექსი

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი სამ ქმედებას ითვალისწინებს: სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გაუცემლობას და საქონლის შეძენისას ზედნადების მიღებაზე უარს. ჯარიმა 500 ლარია. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, 5 000 ლარის ჯარიმას იწვევს (286-ე მუხლის მე-2 ნაწილი). სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში (269-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლებას აძლევს, კეთილსინდისიერი გადამხდელი სანქციისგან გაათავისუფლოს, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით ან არცოდნით.

რას აჩვენებს პრაქტიკა

ჩვენ მიერ დამუშავებული ზედნადებთან დაკავშირებული 9 გადაწყვეტილებიდან (ნაწილი ერთი და იმავე დავის სხვადსხვა ეტაპია) 3 გადამხდელის სასარგებლოდ დასრულდა, 6 — ორგანოს სასარგებლოდ. ქვემოთ მოცემული დასკვნები ერთ საქმეს არ ეყრდნობა — თითოეული რამდენიმე საქმეში მეორდება.

რა ეხმარება გადამხდელს

ოქმში ასახული ქმედების ყოველი ელემენტი მტკიცებულებით უნდა დასტურდეს. 286-ე მუხლის პირველ ნაწილში ასახული სამი ქმედება სხვადსხვა ფაქტს მოითხოვს: ტრანსპორტირების შემთხვევაში — საქონლის ზედნადების გარეშე გადაზიდვას; ზედნადების გაუცემლობის შემთხვევაში — მყიდველის მოთხოვნას; ზედნადების მიღებაზე უარის შემთხვევაში — შეძენის ფაქტს და უარს. გადამხდელის სასარგებლოდ დასრულებულ საქმეებში ორგანო ოქმში ასახული ქმედების ერთ-ერთ ელემენტს მტკიცებულებით ვერ ადასტურებდა: ერთ შემთხვევაში — ზედნადების მიღებაზე უარის ფაქტს, მეორეში — ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას, როცა ოპერაცია ზედნადებით და ჩეკით რეალურად დოკუმენტირებული იყო. ესე იგი, ოქმის მიღებისთანავე ჯერ სწორედ ეს უნდა შეამოწმოთ.

რა არ ეხმარება გადამხდელს

1. ხარვეზიანი ან არასრული ზედნადები. ზედნადები, რომელშიც საქონლის ნაწილი ასახული არ არის, ამ ნაწილს არ ფარავს; ხარვეზიანი ზედნადების არგუმენტი („ხარვეზი არ ნიშნავს ზედნადების არარსებობას“) ზემდგომ ინსტანციაში არ გაჭრა. ორივე შემთხვევაში ჯარიმა ძალაში დარჩა.

2. მითითება, რომ საქონელი ლეგალურია და ბიუჯეტს ზიანი არ მიადგა. ლეგალური იმპორტი, ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა, საბაჟო დოკუმენტები ან სასაწყობო ნაშთი სამართალდარღვევის ფაქტს არ გამორიცხავს: 286-ე მუხლი ტრანსპორტირების მომენტში დოკუმენტის არსებობას ეხება, ზიანს — არა.

3. ზოგადი „ტექნიკური“ ან „ადამიანური“ შეცდომა და სუფთა ისტორია. სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნა, რომელშიც არ ჩანს, რაში გამოიხატა შეცდომა, ან რომელიც მხოლოდ წარსულში ჯარიმების არარსებობას ეყრდნობა, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრაქტიკული რჩევები

ოქმის მიღებისთანავე შეამოწმეთ, 286-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელი ქმედებაა ოქმში ასახული, და ადასტურებს თუ არა ორგანოს მტკიცებულება მის ყოველ ელემენტს.

ზედნადებში ყოველთვის ასახეთ საქონლის სრული ჩამონათვალი — ერთი ერთეულის აუსახაობაც კი ჯარიმას იწვევს.

სანქციისგან გათავისუფლების მოთხოვნაში კონკრეტული შეცდომა დაასახელეთ, და საქონლის ლეგალურობის დოკუმენტები (სერტიფიკატი, ინვოისი) თანდართეთ.

გაითვალისწინეთ ვადა: 12 თვის განმავლობაში იგივე ქმედება 5 000 ლარით ჯარიმდება (286-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 269-ე მუხლის მე-8 ნაწილი), ასე რომ უსაფუძვლო ოქმის გაუსაჩივრებლობა მომდევნო ჯარიმას ზრდის.

წყაროები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 286 (ნაწილები 1 და 2) და მუხლი 269 (ნაწილები 7 და 8) — მოქმედი რედაქცია.

Elite Audit-ის ანონიმიზებული დავების ბარათები (ზედნადებთან დაკავშირებული 9 გადაწყვეტილება, 17.09.2026-ის დათვლა). ეთიკისა და კონფიდენციალურობის მიზეზით კონკრეტული საქმეები არ მოვიყვანთ.

ეს სტატია ანონიმიზებული პრაქტიკის ზოგადი შეჯამებაა და კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ ანალიზს არ ჩაანაცვლებს. 📞 ზედნადების ოქმის შემოწმება და გასაჩივრება: 598 21 27 01

ქონების გადასახადი: ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება — ვის ეხება და რა გავაკეთოთ 1 ნოემბრამდე
სტატუსი 16.09.2026: ეს ჯერ კანონპროექტია, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება. კანონი მიღებული არ არის — მიღებამდე მოქმედებს დღევანდელი 40 000-ლარიანი ზღვარი. სტატიას განვაახლებთ მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე.

2026 წლის 15 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაჟღერდა და შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა ინიციატივა: ფიზიკური პირის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი — ოჯახის წლიური შემოსავალი — 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შემოსავლების სამსახურის უფროსის, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ცვლილება დაახლოებით 81 000 ოჯახს შეეხება, რომლებსაც ჯამში 22 მილიონი ლარის ვალდებულება მოეხსნება. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რომ ცვლილება უკვე მიმდინარე, 2026 წლის ქონების გადასახადზე გავრცელდეს.

ქვემოთ განვმარტავთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად, ვისთვის იცვლება რამე და რა უნდა გააკეთოს ბუღალტერმა ან თავად მოქალაქემ 1 ნოემბრამდე.

როგორ მუშაობს დღეს მოქმედი წესი

ფიზიკური პირის ქონების გადასახადი ოჯახის წინა წლის შემოსავალზეა მიბმული. საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა) გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება.

ვინც ამ ზღვარს აჭარბებს, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილით ორ ზოლში ხვდება:

40 000 ლარამდე — 0%, გათავისუფლებულია (მუხ. 206.1.„ა“);

40 000-დან 100 000 ლარამდე — ქონების საბაზრო ღირებულების 0,05%-დან 0,2%-მდე;

100 000 ლარი და მეტი — 0,8%-დან 1%-მდე.

კონკრეტულ განაკვეთს ამ ზოლებში მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს. ოჯახის შემოსავალში 202-ე მუხლის მე-6 ნაწილით ოჯახის ყველა წევრის შემოსავალი შედის, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად — ხელფასი, ეკონომიკური საქმიანობის შემოსავალი, ქონების გაყიდვიდან და გაქირავებიდან მიღებული თანხები და სხვა.

ვადები რჩება უცვლელი: დეკლარაცია — არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, გადახდა — არაუგვიანეს 15 ნოემბრისა (rs.ge, „ქონების გადასახადი“). გადასახადს დეკლარაციის საფუძველზე თავად საგადასახადო ორგანო ითვლის.

რა იცვლება

ინიციატივის მიხედვით, გათავისუფლების ზღვარი 100 000 ლარზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ შუა ზოლი — 40 000-დან 100 000 ლარამდე, 0,05–0,2%-იანი განაკვეთით — ქრება: ვისი ოჯახის შემოსავალიც 2025 წელს 100 000 ლარს არ აღემატებოდა, 2026 წელს ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადს აღარ გადაიხდის.

ვისი შემოსავალიც 100 000 ლარი და მეტია, მათთვის არაფერი იცვლება — 0,8–1%-იანი განაკვეთი რჩება.

ყურადღება ორ რამეზე:

მიწა არ თავისუფლდება. 206.1.„ა“ ქვეპუნქტი ყოველთვის „გარდა მიწისა“ ამბობს, და ინიციატივაც ამ ლოგიკას არ ცვლის. სასოფლო თუ არასასოფლო ნაკვეთზე გადასახადი ოჯახის შემოსავალზე დამოკიდებული არ არის — მიწის დეკლარაცია და გადახდა 100 000 ლარამდე შემოსავლიან ოჯახსაც რჩება.

ეს ჯერ კანონპროექტია. მიღებამდე მოქმედი ნორმა 40 000-ლარიანი ზღვარია. კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც საბოლოო ტექსტი, ამოქმედების თარიღი და ის, ეხება თუ არა ზუსტად 2026 წლის ვალდებულებას, მაცნეზე გამოქვეყნებული რედაქციით უნდა გადამოწმდეს.

რა გავაკეთოთ 1 ნოემბრამდე — სამი სიტუაცია

ოჯახის შემოსავალი 2025 წელს 40 000 ლარამდე იყო. არაფერი იცვლება: ქონებაზე (გარდა მიწისა) დეკლარაცია არ გჭირდებათ არც დღეს და არც ცვლილების შემდეგ. მიწა თუ გაქვთ — მიწის ნაწილი ჩვეულებრივ ივსება.

ოჯახის შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო. სწორედ თქვენ ხართ ის 81 000 ოჯახი. თუ კანონი 1 ნოემბრამდე ამოქმედდება, ქონებაზე გადასახადი და დეკლარაცია მოგეხსნებათ. თუ არ ამოქმედდა — დეკლარაცია 1 ნოემბრამდე და გადახდა 15 ნოემბრამდე მოქმედი წესით რჩება, 0,05–0,2%-იანი განაკვეთით. ჩვენი რჩევა: ოქტომბრის ბოლომდე დაელოდეთ, მაგრამ დეკლარაციისთვის საჭირო მონაცემები (ქონების ჩამონათვალი, ოჯახის წევრების შემოსავალი, ფლობის თვეები) ახლავე შეაგროვეთ, რომ ბოლო კვირაში არ მოგიწიოთ.

ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარი და მეტი იყო. ცვლილება არ გეხებათ. დეკლარაცია 1 ნოემბრამდე, გადახდა 15 ნოემბრამდე, განაკვეთი 0,8–1%. ხშირი შეცდომა ამ ზოლში ოჯახის შემოსავლის არასრული დათვლაა — ერთჯერადი შემოსავალი (ბინის გაყიდვა, დივიდენდი) ზღვარს ხშირად ერთი წლით გადააბიჯებინებს.

რატომ არის ეს ცვლილება ბუღალტრებისთვის სამუშაო

ცვლილება მარტივად ჟღერს, მაგრამ ორ სამუშაოს აჩენს. ჯერ ერთი, ოჯახის შემოსავლის სწორი დათვლა ახლა უფრო ბევრ ოჯახს „ნულის“ ან „0,8–1%-ის“ ზოლში აგდებს — შუალედური ზოლი აღარ არსებობს, ამიტომ 100 000-ის ზღვართან ერთი ხელფასის ან ერთი გაყიდვის სხვაობა გადასახადს ნულიდან ათასობით ლარამდე ცვლის. მეორე, დეკლარაციის ტიპი და პერიოდი — საოჯახო თუ ინდივიდუალური, რომელი წლის მდგომარეობით, ფლობის რამდენი თვე — უცვლელი რჩება და შეცდომები სწორედ აქ ხდება.

პრაქტიკული დასკვნა

Elite Audit ფიზიკური პირებისა და მათი ბუღალტრებისთვის ამოწმებს ოჯახის შემოსავლის ზოლს, ადგენს დეკლარაციას და, თუ სამსახურმა გადასახადი არასწორ ზოლში დაითვალა, ასაჩივრებს. დაგვიკავშირდით: 598 21 27 01, info@eaudit.ge.

წყაროები: საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხ. 202 (ნაწ. 5–6), 205, 206.1.„ა“ — მოქმედი რედაქცია (matsne.gov.ge/ka/document/view/1043717); rs.ge — ქონების გადასახადი (ვადები); შემოსავლების სამსახურის უფროსის განცხადება, 15.09.2026; საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება, 15.09.2026. კანონპროექტის ტექსტი მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე დაემატება.

მთელ ბიზნესს ყიდი? დღგ შეიძლება საერთოდ არ დაგერიცხოს — 160.7.„ა"-ის სამი პირობა
წარმოიდგინეთ, რომ ყიდით მოქმედ ბიზნესს: შენობა, დანადგარები, მარაგი, ლიცენზია, ხელშეკრულებები — ყველაფერი, რაც ამ საქმეს ამუშავებს. ჯამური ფასი რამდენიმე მილიონია. თუ ეს ჩვეულებრივი მიწოდებაა, ზემოდან 18% დღგ-ს ამატებთ და მყიდველს უზარმაზარი თანხის დაფინანსება უწევს იმისთვის, რომ მერე იგივე თანხა ჩათვლაში დაიბრუნოს.

საგადასახადო კოდექსს სწორედ ამ უაზრობის თავიდან ასაცილებლად აქვს ცალკე ნორმა: მოქმედი ბიზნესის (ან მისი დამოუკიდებელი ნაწილის) გადაცემა დღგ-ის მიზნებისთვის საერთოდ არ ითვლება მიწოდებად. არც დღგ ერიცხება, არც ჩათვლა კეთდება — ოპერაცია უბრალოდ დღგ-ის სფეროს გარეთაა.

ხაფანგი ისაა, რომ ეს ნორმა ავტომატურად არ მუშაობს. ის მოითხოვს სამ ფორმალურ პირობას და ერთ არსებით ტესტს — და პრაქტიკაში სწორედ ეს არსებითი ტესტი ვარდება ყველაზე ხშირად. ქვემოთ განხილულია ოთხი რეალური ქეისი: სამში შეღავათი დადასტურდა, ერთში — არა.

რას ამბობს კანონი

საფუძველი ერთი წინადადებაა:

სსკ მუხლი 160, ნაწილი 7, ქვეპუნქტი „ა“ (რედ. 10.06.2026): საქონლის მიწოდებად არ განიხილება „დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება“.

იმავე მუხლის შენიშვნით, აქტივის მიმღები განიხილება მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ. მომსახურებაზეც იგივე ვრცელდება — სსკ მუხლი 160¹, ნაწილი 4, ქვეპუნქტი „ა“ და ნაწილი 5.

მუხლი 160-ის მე-8 ნაწილი დეტალებს ფინანსთა მინისტრს გადასცემს, ამიტომ ნამდვილი სამუშაო წესები ბრძანება №996-ის ინსტრუქციის მუხლ 50¹-შია (რედ. 11.06.2026). სწორედ იქ წერია, რას ნიშნავს „ყველა აქტივის მიწოდება“:

ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „გ“: ეს არის „ანაზღაურების სანაცვლოდ ან მის გარეშე იმ აქტივთა ერთობლიობის მიწოდება, რომლებიც წარმოადგენენ მიმწოდებლის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ და საკმარის აქტივებს“.

ხოლო „დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფი“ (იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) — აქტივების ის ნაწილია, რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და თანმხლები კომუნიკაციების ერთობლიობას და რომლის დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მესაკუთრის შეცვლაზე.

სამი პირობა, რომელთაგან ერთის დარღვევაც კმარა

ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 4 სამივე პირობას ერთდროულად ითხოვს:

ფუნქციური ერთობლიობა. აქტივები გადაეცემა ისე, რომ შემძენს იმავე ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას აძლევს (ქვეპუნქტი „ა“).

ერთიანი წერილობითი გარიგება ამომწურავი ნუსხით. ერთი დოკუმენტი, რომელშიც ყველა გადასაცემი აქტივი სახელდებით ჩამოთვლილია (ქვეპუნქტი „ბ“).

დეკლარაციაში ასახვა ორივე მხარეს. მიმწოდებელსაც და შემძენსაც მიწოდება შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში უნდა ჰქონდეს ასახული (ქვეპუნქტი „გ“).

ამას ერთი წინაპირობაც ემატება: ორივე მხარე მიწოდების მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული უნდა იყოს — თუ არა, ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 6, ქვეპუნქტი „ა“ შეღავათს პირდაპირ გამორიცხავს.

მეორე და მესამე პირობა ტექნიკურია — მათი დაცვა იურისტისა და ბუღალტრის საქმეა. პრობლემა პირველზეა.

მთავარი ტესტი: შემძენს იმავე საქმიანობის გაგრძელება უნდა შეეძლოს

ეს არის ის ადგილი, სადაც კონსტრუქცია ყველაზე ხშირად იშლება.

ერთ რეალურ ქეისში სამშენებლო კომპანიამ გაყიდა თავისი ერთადერთი აქტივი — მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე მშენებარე შენობით, „შავი კარკასის“ მდგომარეობაში, ექსპლუატაციაში ჯერ მიუღებელი. ლოგიკა მარტივი ჩანდა: თუ ეს კომპანიის მთელი ქონებაა, ესე იგი „ყველა აქტივის მიწოდებაა“ და დღგ არ ერიცხება.

პასუხი უარყოფითი იყო. ორგანომ განმარტა, რომ 160.7.„ა“-ის მიზანი ბიზნესის ან მისი დამოუკიდებელი ნაწილის გადაცემაა — და ეს ცნება არ მოიცავს ცალკეული აქტივის, თუნდაც ძალიან ძვირფასის, ჩვეულებრივ გასხვისებას. გადამწყვეტი ორი გარემოება აღმოჩნდა: ობიექტი დაუსრულებელი იყო და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებდა, ხოლო მყიდველი მას სრულიად სხვა საქმიანობისთვის იძენდა — არა მშენებლობის გასაგრძელებლად, არამედ დანიშნულების შეცვლისა და შემდგომი გაქირავებისთვის.

გასაღები ფრაზაა „იმავე“. კითხვა არ არის „ყველა აქტივს ვყიდი თუ არა“ — კითხვაა, „შეუძლია თუ არა მყიდველს ხვალვე გააგრძელოს ზუსტად ის საქმიანობა, რომელსაც მე ვეწეოდი, დამატებითი აწყობის გარეშე“.

სამი შემთხვევა, სადაც შეღავათი მაინც მუშაობს

პრაქტიკაში ხშირად ჰგონიათ, რომ ესა თუ ის გარემოება შეღავათს ავტომატურად კლავს. სამი ასეთი ვარაუდი რეალურ ქეისებში უარყოფილია.

1. აქტივები ჯერ შემოსავალს არ იძლევა. სასოფლო-სამეურნეო კომპანიამ გაყიდა მთელი მრავალწლიანი კულტურის ბაღი სრული ინფრასტრუქტურით — სარწყავი სისტემით, რეზერვუარებით, ელექტროგადამცემი ხაზებით, სასაწყობო-ადმინისტრაციული შენობებითა და სპეცტექნიკით. ბაღი მსხმოიარებაში ჯერ არ იყო შესული: მოსავალს წლების შემდეგ გამოიღებდა და მანამდე მხოლოდ ხარჯს აძლევდა კომპანიას.

პასუხი დადებითი იყო. გადამწყვეტია აქტივების ფუნქციური ერთობლიობა და შემძენის შესაძლებლობა გააგრძელოს იგივე საქმიანობა, არა უკვე მიღებული შემოსავალი. ეს პირდაპირ ეხმიანება ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 5, ქვეპუნქტ „ა“-ს, რომლის მიხედვითაც შეღავათი ვრცელდება მაშინაც, როცა მიწოდების მომენტისთვის აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება შეჩერებულია.

2. აქტივის ნაწილი შენი საკუთრება საერთოდ არ არის. სარესტორნო ქსელმა დაკავშირებულ კომპანიას ერთიანი ხელშეკრულებით გადასცა ყველა აქტივი, რაც საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდებოდა — მათ შორის ლიზინგით აღებული დანადგარები, რომელთა იურიდიული მესაკუთრეც სალიზინგო კომპანიაა. ფიზიკურად გადაცემული აქ არა თავად აქტივი, არამედ სალიზინგო ხელშეკრულებაში მხარის ჩანაცვლების უფლებაა, სამმხრივი შეთანხმებით.

ესეც ჯდება შეღავათში. ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 3 პირდაპირ ჩამოთვლის, რომ გადასაცემი შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივი, რომელსაც მიმწოდებელი ამ საქმიანობაში იყენებს — ძირითადი საშუალებები („ა“), სასაქონლო მატერიალური ფასეულობები („ბ“) და არამატერიალური ქონება, მათ შორის გუდვილი, ინტელექტუალური საკუთრება, მოთხოვნები და ხელშეკრულებებში ჩანაცვლების უფლება („გ“).

3. გაყიდვა-უკუიჯარა და ურთიერთდამოკიდებული მხარეები. სასტუმროს ოპერატორმა მთელი კომპლექსი — მიწა, შენობები, ინვენტარი — ერთიანი გარიგებით მიჰყიდა ურთიერთდამოკიდებულ ინვესტორ კომპანიას და იქვე უკან იჯარით აიღო: იმავე სასტუმროს ოპერირებას თავად აგრძელებდა, უკვე მოიჯარის სტატუსით.

არც უკუიჯარამ და არც ურთიერთდამოკიდებულობამ შეღავათი არ მოკლა. ნორმა არ განასხვავებს იმის მიხედვით, შემძენი თავად გამოიყენებს აქტივებს თუ ისევ გამყიდველზე გასცემს იჯარით — მთავარია, გადაცემული ერთობლიობა საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლეოდეს. ურთიერთდამოკიდებულობა ცალკე შესამოწმებელი საკითხია სსკ მუხლი 164, ნაწილი 7-ის კუთხით (საბაზრო ფასის სავალდებულო გამოყენება), მაგრამ როცა ორივე მხარეს სრული ჩათვლის უფლება აქვს, ეს ნაწილი არ ამოქმედდება.

როდის არ ვრცელდება — ხუთი გამონაკლისი

ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 6 ხუთ შემთხვევას გამორიცხავს:

მხარეები მიწოდების მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არიან;

ფასიანი ქაღალდისა და კაპიტალში წილის/აქციის გადაცემა — გარდა იმ შემთხვევისა, როცა თავად ეს აქტივები გამოიყენება იმ საქმიანობაში, რომელთან დაკავშირებითაც მიწოდება ხდება;

საინვესტიციო ქონება — აქტივები, რომლებსაც მიმწოდებელი მხოლოდ იჯარით გაცემის ან კაპიტალის ღირებულების ზრდის მიზნით ფლობდა;

რეორგანიზაციის მხარეებს შორის აქტივების გადაცემა (ეს ცალკე ნორმაა — სსკ 160.7.„გ“);

კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა (სსკ 160.7.„ბ“).

მესამე გამონაკლისი პრაქტიკაში ყველაზე მეტ კითხვას ბადებს. ერთ ქეისში გადასაცემი ფართის უმნიშვნელო ნაწილი მესამე პირებზე იჯარით იყო გაცემული — საიჯარო შემოსავალი მთლიან ერთობლივ შემოსავალში დაახლოებით 0.25%-ს შეადგენდა და ეს ფართები ცალკე საკადასტრო კოდით გამოყოფილიც კი არ იყო. დასკვნა: ასეთი ფართები ცალკე „საინვესტიციო ქონებად“ არ კვალიფიცირდება, ისინი ოპერაციული ბიზნესის ნაწილია და შეღავათს არ არღვევს. ე.ი. ტესტი რაოდენობრივია — მთავარია, რა მიზნით ფლობდით აქტივს და რა წილი უჭირავს ამ მიმართულებას თქვენს შემოსავალში.

რა უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში

მეორე პირობა — „ერთიანი წერილობითი გარიგება ამომწურავი ნუსხით“ — ტექნიკურად მარტივია, მაგრამ სწორედ ის ვარდება ყველაზე ხშირად ფორმალურ შემოწმებაზე, რადგან გარიგებას ხშირად ნაწილებად შლიან: უძრავ ქონებას ცალკე ნოტარიუსთან აფორმებენ, დანადგარებს — ცალკე ნასყიდობით, ხელშეკრულებების გადაცემას კი მესამე დოკუმენტით. ფორმალურად სამი გარიგებაა და ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 4, ქვეპუნქტი „ბ“ აღარ სრულდება.

სწორი კონსტრუქცია ერთი ხელშეკრულებაა, რომელსაც დანართად ერთვის აქტივების სრული ნუსხა კატეგორიების მიხედვით: ძირითადი საშუალებები (საკადასტრო კოდებით, საინვენტარო ნომრებით), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, არამატერიალური აქტივები — ლიცენზიები, სასაქონლო ნიშნები, გუდვილი — და ცალკე სექციად ის ხელშეკრულებები, რომლებშიც მხარის ჩანაცვლება ხდება. თუ ჩანაცვლება მესამე მხარის თანხმობას მოითხოვს (სალიზინგო ან საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში), ეს თანხმობა იმავე პაკეტში, სამმხრივი შეთანხმების სახით უნდა გაფორმდეს.

ნუსხაში ისეთი აქტივის შეტანაც შეიძლება, რომელიც საქმიანობისთვის მკაცრად აუცილებელი არ არის, ოღონდ მას უკავშირდება და შემძენს გაგრძელებაში ეხმარება — ამას ინსტრუქციის მუხლი 50¹, პუნქტი 5, ქვეპუნქტი „ბ“ პირდაპირ უშვებს. ანუ „ზედმეტის“ შიშით სიის გამოფიტვა საჭირო არ არის; საშიშია მხოლოდ საპირისპირო — როცა ნუსხიდან ის აკლია, რის გარეშეც ბიზნესი არ მუშაობს.

რა გადადის მყიდველზე — უფლებამონაცვლეობა

ეს პუნქტი გარიგების ღირებულებაზეც აისახება. ინსტრუქციის მუხლი 50⁴-ის მიხედვით, აქტივის მიმღები მიმწოდებლის უფლებამონაცვლეა დღგ-ის ნაწილში: მიმწოდებელს უნარჩუნდება აქტივებზე ხარჯების გაწევისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლა, ხოლო მიმღებზე გადადის ყველა ის უფლება და ვალდებულება, რომლითაც მიმწოდებელს უნდა ესარგებლა, აქტივები მასთან რომ დარჩენილიყო.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ დღგ-ის ჩათვლის კორექტირების მიმდინარე ვადები (მაგალითად, ძირითად საშუალებებზე) მყიდველთან გრძელდება — ისინი გარიგებით არ იშლება. მყიდველმა ეს დიუ-დილიჯენსში უნდა გაითვალისწინოს.

პრაქტიკული დასკვნა

სანამ ხელშეკრულების ფორმაზე იმსჯელებთ, ხუთ კითხვას გაეცით პასუხი:

შეუძლია მყიდველს ხვალვე გააგრძელოს ზუსტად ჩემი საქმიანობა? თუ პასუხი „ჯერ უნდა დაასრულოს / გადააკეთოს / სხვა რამეს გამოიყენებს“ — შეღავათი არ მუშაობს და 18% უნდა ჩაითვალოს ფასში.

ერთი წერილობითი გარიგებაა და აქტივების ამომწურავი ნუსხა ერთვის? რამდენიმე ცალკე ხელშეკრულება ამ პირობას არღვევს.

ორივე მხარე დღგ-ის გადამხდელია და დეკლარაციაში აისახება?

გადასაცემში ხომ არ არის საინვესტიციო ქონება არსებითი წილით?

მყიდველმა იცის, რომ ჩათვლის კორექტირების ვალდებულებაც მასზე გადადის?

და ერთი გაფრთხილება: 160.7.„ა“ მხოლოდ დღგ-ის ნორმაა. მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და საბაჟო ვალდებულებების მიმართ გარიგება ჩვეულებრივ გასხვისებად რჩება — ეს შეღავათი მათ არ ეხება.

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი (რედ. 10.06.2026), მუხლები 158, 159, 160, 160¹, 164; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“, ინსტრუქციის მუხლები 50¹ და 50⁴ (რედ. 11.06.2026); შემოსავლების სამსახურის განმარტებები ოთხ რეალურ ქეისზე.

წილს ყიდი უძრავი ქონების ნაცვლად? დღგ მაინც დაგერიცხება
დეველოპერულ ბიზნესში გავრცელებული სქემაა: ობიექტი ცალკე კომპანიაზეა რეგისტრირებული — მიწა, შენობა, სამშენებლო ნებართვები — და გაყიდვისას მყიდველს არა უძრავი ქონება, არამედ ამ კომპანიის 100%-იანი წილი გადაეცემა. მოტივი ხშირად სავსებით ლეგიტიმურია: ნებართვები და თანხმობები თავად საწარმოზეა გაცემული და პირდაპირი გაყიდვისას თავიდან უნდა გადაფორმდეს.

პრობლემა ის არის, რომ ორ ფორმას სრულიად განსხვავებული საგადასახადო შედეგი აქვს. წილის მიწოდება დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციაა; შენობის მიწოდება — 18%-ით დასაბეგრი. სწორედ ამიტომ არის ეს კონსტრუქცია საგადასახადო ორგანოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნე.

ეს სტატია ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის ორ ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებას ერთი და იმავე რეალური გარიგების ორ მხარეზე — გამყიდველზე და მყიდველზე. ორივე მხარის პასუხის გვერდიგვერდ წაკითხვა აჩვენებს, რომ ორგანოს პოზიცია თანმიმდევრულია: ერთი გარიგება ორივესთვის ერთნაირად კვალიფიცირდება.

რაშია საკითხი

გამყიდველი კომპანია, რომლის საქმიანობის საგანია ინვესტიციები და უძრავი ქონების განვითარება, ყიდის ორი შვილობილი საწარმოს 100%-იან წილს. თითოეული ამ საწარმოს ერთადერთი აქტივი მიწის ნაკვეთია მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით. მყიდველი არაურთიერთდამოკიდებული პირია — სამშენებლო-დეველოპერული ჯგუფის წევრი, რომელსაც აქვს რესურსი და ცოდნა ობიექტების ასაშენებლად და გასაყიდად.

გარიგება ეტაპობრივია: გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გრაფიკით — მყიდველი საფასურს ტრანშებად, წინასწარ იხდის, ხოლო წილზე საკუთრება მხოლოდ სრული ანაზღაურების შემდეგ გადადის. ერთ-ერთი საწარმოს შემთხვევაში კი გაყიდვის წინაპირობაა, რომ გამყიდველმა ჯერ საკუთარი, პირდაპირ თავის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეიტანოს ამ საწარმოს კაპიტალში.

სამი კითხვა დგება: იბეგრება თუ არა წილის მიწოდება დღგ-ით; თუ იბეგრება — რა თანხიდან და როდის; და იბეგრება თუ არა კაპიტალში აქტივის შეტანა.

რას ამბობს კანონი

წილის გაყიდვა ჩვეულებრივ დღგ-ს არ იწვევს. კაპიტალში წილის მიწოდებასთან დაკავშირებული ოპერაცია ფინანსურ ოპერაციად განიხილება:

სსკ მუხლი 15, ნაწილი 2, ქვეპუნქტი „დ“ (რედ. 10.06.2026): ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება „კაპიტალში წილის, აქციის, ობლიგაციის, სერტიფიკატის, თამასუქისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან ან/და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები“.

ფინანსური ოპერაცია კი დღგ-ისგან გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე — სსკ მუხლი 171, ნაწილი 1, ქვეპუნქტი „ა“.

მაგრამ ფორმა შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს:

სსკ მუხლი 73, ნაწილი 9, ქვეპუნქტი „ბ“: საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს „სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს“.

და აქ მოქმედებს ის ნორმა, რომელსაც პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ივიწყებენ:

სსკ მუხლი 160, ნაწილი 6: მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის/ნაგებობის ერთობლივად მიწოდება შენობის/ნაგებობის მიწოდებად განიხილება.

ეს ორი ნორმა ერთად მუშაობს. მიწის ნაკვეთის მიწოდება დამოუკიდებლად დღგ-ისგან გათავისუფლებულია (სსკ 171.1.გ), მაგრამ როცა მიწა შენობასთან ერთად მიდის, ოპერაცია მთლიანად შენობის მიწოდებად ითვლება — და გათავისუფლება აღარ ვრცელდება.

რას ამბობს პრაქტიკა

ორგანოს პასუხი ცალსახა იყო: ვინაიდან ორივე საწარმოს ერთადერთი აქტივი შესაბამისი მიწის ნაკვეთია მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, ხოლო მყიდველის რეალური მიზანი სწორედ ამ ქონების საკუთრებაში მიღება და განვითარებაა, წილის 100%-ის რეალიზაციის ფორმა მხედველობაში არ მიიღება (73.9.ბ) — ოპერაცია დაბეგვრის მიზნებისთვის კვალიფიცირდება უძრავი ქონების მიწოდებად და იბეგრება დღგ-ით, როგორც ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება (159.1.ა).

აქ ორი ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი და ორივე დასამახსოვრებელია:

პირველი — „ერთადერთი აქტივი“. როცა საწარმოს ბალანსზე უძრავი ქონების გარდა არსებითად არაფერია, წილი ეკონომიკურად თავად ქონების ეკვივალენტია. თუ საწარმოს გააჩნია რეალური საოპერაციო საქმიანობა, თანამშრომლები, კონტრაქტები, სხვა აქტივები — სურათი სხვაა და რეკვალიფიკაციის საფუძველი სუსტდება.

მეორე — მყიდველის რეალური მიზანი. ორგანომ იმსჯელა არა მხოლოდ ფორმაზე, არამედ იმაზე, რას აპირებდა მყიდველი: შეძენის შემდეგ ის საწარმოებს საკუთარ თავთან შეერწყმოდა, რის შედეგადაც ქონება პირდაპირ მის საკუთრებაში გადავიდოდა შემდგომი მშენებლობისა და რეალიზაციისთვის. ეს ჩანაფიქრი თავად გახდა რეკვალიფიკაციის ერთ-ერთი მტკიცებულება.

მნიშვნელოვანია, რომ ნებართვების შენარჩუნების ლეგიტიმური მოტივი ორგანომ არ უარყო — მაგრამ არც ის ჩათვალა საკმარისად. კომერციული მიზეზი გარიგების ფორმას ხსნის, საგადასახადო შედეგს კი არ ცვლის.

როდის ერიცხება დღგ ეტაპობრივი გადახდისას

დასაბეგრი თანხა ზოგადი წესით განისაზღვრება — მიწოდების სანაცვლოდ მიღებული ან მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე (სსკ 164.1).

დროსთან დაკავშირებით კი გადამწყვეტია, რომ საფასური წინასწარ, გრაფიკით იხდება. სსკ 163.2-ის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია მიწოდებამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ იხდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით. იგივე წესი დეტალურადაა გაწერილი ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების ინსტრუქციის მუხლ 48¹-ში.

ანუ დღგ არ ელოდება წილზე საკუთრების გადასვლას — თითოეული ტრანში დღგ-ს თავის თვეში წარმოშობს. ინსტრუქციის 48¹.2 ამას ოთხ პირობას უკავშირებს: ანაზღაურების მიღების მომენტში განსაზღვრული უნდა იყოს მისაწოდებელი ობიექტი, მისი რაოდენობა, ღირებულება და ის, დასაბეგრია თუ გათავისუფლებული ეს ოპერაცია. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში გრაფიკით ეს ოთხივე პირობა, როგორც წესი, სახეზეა.

თუ წინასწარი გადახდა არ ხდება, მოქმედებს სხვა წესი — უძრავი ნივთის მიწოდებისას დღგ ერიცხება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო თუ რეგისტრაცია პირობის დადგომაზეა დამოკიდებული — ამ პირობის დადგომისას (სსკ 163.6.ბ).

კაპიტალში აქტივის შეტანა — აქ დღგ არ არის

გარიგების მესამე ელემენტი — გამყიდველის მიერ საკუთარი მიწის ნაკვეთის შვილობილი საწარმოს კაპიტალში შეტანა — სრულიად სხვაგვარად წყდება:

სსკ მუხლი 160, ნაწილი 7, ქვეპუნქტი „ბ“: საქონლის მიწოდებად არ განიხილება საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში აქტივის შეტანა.

№996 ბრძანების ინსტრუქციის მუხლი 50² ამას აზუსტებს: კაპიტალში აქტივის შეტანად ითვლება მომავალი ან მოქმედი პარტნიორის მიერ წილის შეძენის ან მისი ღირებულების გაზრდის სანაცვლოდ საწარმოს საკუთრებაში ქონების გადაცემა, რომელიც ამ საწარმოს ბალანსში აისახება.

დღგ, შესაბამისად, არ ერიცხება. არც მოგების გადასახადი იკვეთება ამ ეტაპზე — რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრის ობიექტი განაწილებული მოგებაა (სსკ 97.1.ა), ხოლო კაპიტალში შეტანისას განაწილება არ ხდება.

მყიდველის მხარე — დღგ იკარგება თუ არა

ეს კითხვა გამყიდველს პირველივე მოლაპარაკებაზე დაესმება. პასუხი: არა. იმავე გარიგებაზე მყიდველისთვის ცალკე გაცემულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ თუ მყიდველის მიზანი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაა — ქონების განვითარება და შემდგომი რეალიზაცია ან ოპერირება — მას დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს ზოგადი წესით (სსკ 174–176), დასაბეგრი ოპერაციების დაწყებამდეც კი, მათ შორის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

ეს პრაქტიკული არგუმენტია მოლაპარაკებაში: დარიცხული დღგ მყიდველისთვის ხარჯი არ არის, თუ ის დღგ-ის გადამხდელია და ქონებას დასაბეგრ საქმიანობაში იყენებს. ფასზე შეთანხმებისას სწორედ ეს უნდა იყოს ამოსავალი.

პრაქტიკული დასკვნა

ჯერ საწარმოს ბალანსს დახედე, მერე ხელშეკრულების ფორმას. თუ გასაყიდი კომპანიის ერთადერთი ან ძირითადი აქტივი უძრავი ქონებაა, წილის გაყიდვაზე დღგ-ის რისკი რეალურია — ფორმა დაცვას არ იძლევა.

შეამოწმე, შენობაა თუ შიშველი მიწა. მიწის ნაკვეთის მიწოდება გათავისუფლებულია (171.1.გ), მაგრამ მასზე დამაგრებულ შენობასთან ერთად მიწოდება უკვე შენობის მიწოდებაა (160.6) — და იბეგრება.

ეტაპობრივი გადახდისას დღგ ტრანშებს მიჰყვება, არა საკუთრების გადასვლას (163.2 და №996-ის მუხ. 48¹). ფულადი ნაკადის გეგმაში ეს ადრევე ჩადე.

დღგ ფასში წინასწარ შეათანხმე. ხელშეკრულებაში ჩაწერე, ფასი დღგ-ის ჩათვლითაა თუ გარეშე — რეკვალიფიკაციისას ეს კითხვა უკვე გვიან დგება.

კაპიტალში აქტივის შეტანა უსაფრთხო ინსტრუმენტია — არც დღგ, არც მოგების გადასახადი (160.7.ბ; 97.1). სტრუქტურირებისას ეს ცალკე გზაა.

ეჭვის შემთხვევაში წინასწარი პოზიციის დაფიქსირება ჯობია დარიცხვას. მსხვილ გარიგებაზე 18% ბევრად ძვირია, ვიდრე წინასწარი მომზადება.

რისკები

ყველაზე ხშირი შეცდომა — ვარაუდი, რომ „წილის გაყიდვა ფინანსური ოპერაციაა და დღგ არ ერიცხება“. ეს წესი მართალია მანამ, სანამ საწარმო რეალურ ბიზნესს წარმოადგენს. როცა საწარმო მხოლოდ ქონების „გარსია“, 73.9.ბ ამ ლოგიკას შლის.

მეორე შეცდომა — დღგ-ის დარიცხვის გადავადება საკუთრების რეგისტრაციამდე, მაშინ როცა ფული უკვე ტრანშებად შემოდის. ამ დროს ვალდებულება უკვე წარმოშობილია და შემდგომში დარიცხვას საურავიც დაემატება.

მესამე — ვარაუდი, რომ თუ საწარმოზე ნებართვებია გაცემული, ეს თავისთავად ამართლებს წილის ფორმას. კომერციული მიზეზი გარიგების ლოგიკას ხსნის, მაგრამ საგადასახადო კვალიფიკაციას არ ცვლის.

ნებართვა გაქვს, ორგანიზატორი კი არ ხარ: სად გადის ხაზი აზარტულ ინდუსტრიაში და რას ცვლის ის გადასახადებში
აზარტული ინდუსტრია ბუღალტრის თვალში ხშირად ერთ დიდ ბლოკად გამოიყურება: „სათამაშო ბიზნესია, ესე იგი სპეციალური წესებით იბეგრება“. პრაქტიკა კი სულ სხვას გვიჩვენებს. ამ ინდუსტრიაში მუშაობს კომპანიების მთელი ჯაჭვი — სტუდიები, პლატფორმების დისტრიბუტორები, პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებლები — და მათი უმეტესობა თამაშობის ორგანიზატორი არ არის. ეს კი ცვლის სამივე მთავარ გადასახადს: მოგებას, დღგ-ს და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი გარემოება: ბევრ ასეთ კომპანიას აქვს ნებართვა — აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის მუხ. 24, პ. 37²). სწორედ ეს ქმნის მთავარ ილუზიას: ნებართვის მფლობელს ჰგონია, რომ ავტომატურად ხვდება სათამაშო ბიზნესის სპეციალურ რეჟიმში. არა — ნებართვა მას რეგულირებულ სუბიექტად ხდის, თამაშობის ორგანიზატორად კი არა.

ქვემოთ სამი რეალური ქეისია, რომლებზეც შემოსავლების სამსახურმა პოზიცია დააფიქსირა. სამივეში პასუხი ერთსა და იმავე კითხვაზე დგას: ვინ იღებს ფსონს და ვინ გასცემს მოგებას.

ჯერ ხაზი: სად მთავრდება „ორგანიზატორი“

საგადასახადო კოდექსი სპეციალურ დაბეგვრის ობიექტს სუბიექტზე კრავს, არა ინდუსტრიაზე:

სსკ, მუხლი 97, ნაწილი 9¹: „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში აღნიშნული საქმიანობის ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“

ვინ არის ორგანიზატორი, კოდექსი თავად არ განმარტავს — ტერმინი დარგობრივი კანონიდან აიღება. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მუხ. 3-ის „პ“ ქვეპუნქტით თამაშობის ორგანიზატორი ნებართვის მფლობელია — მოწყობის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზების ან (2026 წლის 3 ივლისიდან) საერთაშორისო ორგანიზების ნებართვისა.

მის გვერდით კანონს სულ სხვა სუბიექტი ჰყავს: თამაშების მიმწოდებელი (მუხ. 3, „ძ“) — პირი, რომელიც მუხ. 3-ის „ც“ ქვეპუნქტის მიხედვით არსებით პროდუქციას ან მომსახურებას აწვდის თამაშობის ორგანიზატორს ან/და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ პირს.

გამყოფი ხაზი ფაქტობრივია და მარტივად შესამოწმებელი: იღებ თუ არა ფსონს მოთამაშისგან, კისრულობ თუ არა რისკს და გასცემ თუ არა მოგებას. თუ სამივეზე პასუხი უარყოფითია, სსკ 97.9¹ შენზე არ ვრცელდება და რჩება ზოგადი, „ესტონური“ რეჟიმი — სსკ 97.1.

რას ამბობს პრაქტიკა: სამი ქეისი, სამი შედეგი

1. ლაივ-სტუდია, რომელიც უცხოელ ორგანიზატორს ემსახურება

ქართულ კომპანიას აქვს თამაშების მიწოდების ნებართვა და დახურული ლაივ-სტუდია: მაგიდები, დილერები, კამერები, სერვერები. სტუდიაში მოთამაშეები არ შედიან — იქიდან მხოლოდ ტრანსლაცია მიდის უცხოეთში დაფუძნებულ ორგანიზატორთან, რომელიც თამაშობებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აწყობს. ფსონს იღებს ორგანიზატორი, რისკს იღებს ორგანიზატორი, მოგებას გასცემს ორგანიზატორი; დილერი მისი სახელით და მისი ხარჯით მოქმედებს.

მოგება: კომპანია მიმწოდებელია, არა ორგანიზატორი — სპეციალური ობიექტი არ ვრცელდება და დაბეგვრა ხდება სსკ 97.1-ით.

დღგ: აქ ყველაზე საინტერესო ნაწილია. სსკ 162¹.2-ით მომსახურების მიმღები (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) ყოველთვის დასაბეგრ პირად ითვლება, ხოლო 162¹.3.„ა“-ით გაწევის ადგილი მიმღების დაფუძნების ადგილია. მიმღები უცხოეთშია და საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება არ აქვს — ე.ი. ოპერაცია საქართველოში გაწეულად არ ითვლება და დღგ არ ერიცხება.

და ახლა ის, რაც ყველაზე ხშირად ეშლებათ: ეს გათავისუფლება არ არის. სსკ 175.2.„ა“ დამოუკიდებელ საფუძველს იძლევა ჩათვლისთვის, როცა შენაძენი „საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის“ გამოიყენება. სტუდიის აღჭურვილობაზე, ინტერნეტზე, იჯარაზე გადახდილი დღგ სრულად იჭრება.

2. თამაშების ლიცენზიების დისტრიბუცია ქართულ ორგანიზატორებზე

მეორე კომპანია არარეზიდენტებისგან იღებს ონლაინ თამაშების ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებას და ამ ლიცენზიებს საქართველოში რეგისტრირებულ სათამაშო კომპანიებს აწვდის. კითხვა: ხომ არ ხვდება ეს დღგ-ის შეღავათში?

სსკ, მუხლი 171, ნაწილი 1, ქვეპუნქტი „ბ“: გათავისუფლებულია „ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა".

პასუხი უარყოფითია და დასაბუთება მეთოდურად ღირებულია. ორგანომ ჯერ შეღავათის მიზანი დაადგინა: მუხ. 170-ის შეღავათებისგან განსხვავებით, 171.1.„ბ“ დარგის წახალისებას არ ისახავს — ის პრაქტიკული საჭიროებით შემოვიდა, რადგან ამ ოპერაციებზე დღგ-ის დასაბეგრი ბაზის გამოანგარიშება ტექნიკურად რთულია. სწორედ ამ მიზნით უნდა შემოიფარგლოს მისი არეალი: შეღავათი ფარავს მხოლოდ ორგანიზატორი → მოთამაშე ღერძს, სადაც მოთამაშე დებს ფსონს და ორგანიზატორი კისრულობს მოგების გადახდას. მიმწოდებელი → ორგანიზატორი ღერძი (B2B) შეღავათში არ ჯდება.

ლიცენზია არამატერიალური ქონებაა, მისი გადაცემა სსკ 160¹.1.„ა“-ით მომსახურების გაწევაა, ხოლო სსკ 159.1.„ბ“-ით ეს დასაბეგრი ოპერაციაა — ოპერაცია დღგ-ით იბეგრება.

და ეს გადამხდელისთვის კარგი ამბავია. სსკ 169.2-ით 171-ე მუხლის შეღავათი ჩათვლის უფლების გარეშეა — მისი გავრცელება კომპანიას უკვე მიღებულ ჩათვლებს დაუყენებდა ეჭვქვეშ. B2B ჯაჭვში დარიცხული დღგ კი ნეიტრალურია.

3. სოციალური კაზინო: ნებართვაც კი არ სჭირდება

მესამე კომპანია ონლაინ სოციალურ კაზინოს გეგმავს: მომხმარებელი პირობით მონეტებს ყიდულობს, თამაშობს ემოციისთვის, მაგრამ არც შეძენილი ფუნქციონალი და არც მოგება უკან ფულში ვერ კონვერტირდება — ეს პირდაპირ წერია მომხმარებელთან შეთანხმებაში.

დარგობრივი კანონის მუხ. 3-ის „ა“ ქვეპუნქტით აზარტულ თამაშობას ორი კუმულაციური ნიშანი აქვს: შედეგი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. მეორე ნიშნის მოხსნა საკმარისია — სიმულატორები აზარტულ თამაშობად აღარ ითვლება. შაში, ჭადრაკი და ნარდი კი კანონის მუხ. 4-ით ისედაც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას (შემთხვევითობის ელემენტი არ არის, მიზანი უნარის ტესტირებაა). შედეგი: მუხ. 5.1-ის სანებართვო ვალდებულება არ წარმოიშობა და, რაკი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი სწორედ ნებართვით რეგულირებულ საქმიანობას მიჰყვება („სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მუხ. 3.1), მოსაკრებელიც არ ჩნდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამავე პროექტში ლაივ-სტუდიაც შედიოდა — იგივე, რაც პირველ ქეისში. და პასუხი სხვა იყო: ნებართვა არ სჭირდება. ორი დამოუკიდებელი საყრდენით: პლატფორმა თამაშობის ორგანიზებას არ გულისხმობს, ამიტომ სტრიმი მუხ. 3-ის „წ“ ქვეპუნქტის არსებით პროდუქციად არ იქმნება; და დამატებით — სტრიმი არც ორგანიზატორს და არც საზღვარგარეთ მყოფ პირს არ მიეწოდება, ე.ი. მუხ. 3 „ც“-ის მიწოდების ნიშანიც არ სრულდება.

გამოიტანე დასკვნა: ერთი და იგივე პროდუქტი — ლაივ-სტრიმი, სადაც დილერი რეალური კაზინოს იდენტურად ატარებს თამაშს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვის მიეწოდება.

რა შეიცვალა 2026 წლის 3 ივლისიდან

2026 წლის 25 ივნისის ორმა კანონმა (№1822-Vმს-XIმპ და №1825-Vმს-XIმპ, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე — 3 ივლისიდან) ინდუსტრიაში ახალი ნებართვის კატეგორია შემოიტანა: სისტემურ-ელექტრონული ფორმით საერთაშორისო ორგანიზება — თამაშობა, სადაც მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაშვებული არ არის.

ორი შედეგი, რომელიც ბუღალტერმა უნდა იცოდეს:

„ორგანიზატორის“ განმარტება გაფართოვდა — მუხ. 3-ის „პ“ ქვეპუნქტში ახლა საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის მფლობელიც შედის.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან ეს ნებართვები ამოღებულია — მოსაკრებლის კანონის მუხ. 3.1 ახლა პირდაპირ გამორიცხავს სამივე საერთაშორისო ნებართვის მფლობელს (და იმ ონლაინ ნებართვის მფლობელებს, რომელთა ნებართვაც სამორინის ან სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე არ არის მიღებული).

ხაზი გადაიწია, ტესტი კი უცვლელი დარჩა: ფსონი და მოგება.

პრაქტიკული დასკვნა

ორშაბათს, სანამ დეკლარაციას შეავსებ, გაიარე ოთხი კითხვა:

იღებ ფსონს მოთამაშისგან? თუ არა — სსკ 97.9¹ არ გეხება, მოქმედებს 97.1.

ვის აწვდი პროდუქტს? ორგანიზატორს ან უცხოეთში მყოფ პირს — ეს თამაშების მიწოდებაა და ნებართვას მოითხოვს; საკუთარ, არასაზარტულ პლატფორმას — არა.

სად არის დაფუძნებული მიმღები? უცხოეთში და საქართველოში ფიქსირებული დაწესებულების გარეშე — დღგ არ ერიცხება (162¹.3.„ა“), მაგრამ ჩათვლა რჩება (175.2.„ა“). დარწმუნდი, რომ ეს დაშვება ყოველ კლიენტზე ცალკე მოწმდება.

დღგ-ის შეღავათს ითხოვ თუ გერიდება? 171.1.„ბ“ ჩათვლის უფლების გარეშეა (169.2). B2B ჯაჭვში დაბეგვრა ხშირად უფრო მომგებიანია, ვიდრე შეღავათი.

რისკები

ფიქსირებული დაწესებულება. მთელი დღგ-ის კონსტრუქცია ერთ დაშვებაზე დგას — უცხოელ მიმღებს საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება არ აქვს. თუ კონკრეტულ კლიენტს ასეთი აღმოაჩნდა, გაწევის ადგილი საქართველო ხდება და დღგ დაერიცხება.

მოდელის ცვლილება. როგორც კი კომპანია დაიწყებს ფსონის მიღებას ან მოგების გაცემას, ავტომატურად გადადის სსკ 97.9¹-ის რეჟიმში. B2C ელემენტის გაჩენა — პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა მოთამაშესთან — მთელ კვალიფიკაციას ცვლის.

უკუკონვერტაციის ნებისმიერი არხი. სოციალური კაზინოს დასკვნა მთლიანად ეყრდნობა იმას, რომ მოგება ფულში ვერ გადაიცვლება. გვერდითი გამოტანის არხი — მეორეული ბაზარი, ჩუქების ფუნქცია, პარტნიორთან გადაცვლა — დასკვნას ანულებს.

რედაქციის სისწრაფე. სათამაშო ბიზნესის რეგულირება ხშირად იცვლება: მხოლოდ 2026 წლის ივლისში ორი კანონი ამოქმედდა. ყოველი დასკვნის წინ შეამოწმე ნორმის მოქმედი რედაქცია.

უცხოელ დამკვეთს ინვოისი გამოუწერე — დღგ ერიცხება თუ არა? მომსახურების ადგილის სამი ტესტი
ქართული კომპანია მომსახურებას უწევს უცხოელ დამკვეთს და ინვოისს 18%-ის გარეშე გამოწერს. ჩვეულებრივი პრაქტიკაა — მაგრამ ეს არ არის წესი. დღგ-ის მიზნებისთვის მნიშვნელობა აქვს არა იმას, ვინ არის დამკვეთი უცხოელი, არამედ იმას, სად ითვლება ეს მომსახურება გაწეულად სსკ 162¹ მუხლის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის სამი რეალური ქეისის ერთად წაკითხვა აჩვენებს, რომ ერთი და იმავე კითხვაზე პასუხი სამ სხვადასხვა ადგილას იშლება: ვინ არის ნამდვილი მიმღები, დასაბეგრი პირია თუ არა და პაკეტშია მომსახურება თუ ცალკე. სამივე შემთხვევაში დამკვეთი უცხოელი იყო — და სამივეჯერ სხვადასხვა შედეგი დადგა.

რაშია საკითხი

დღგ არ ერიცხება იმიტომ, რომ ფული საზღვარგარეთიდან შემოვიდა. დღგ არ ერიცხება მხოლოდ იმიტომ, რომ მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულად არ ითვლება — ანუ სსკ 159.1.„ბ"-ის ერთ-ერთი ელემენტი აკლია. სწორედ ამ ერთი ელემენტის შემოწმებას ეთმობა მთელი 162¹ მუხლი.

რას ამბობს კანონი

სსკ მუხლი 159, ნაწილი 1, ქვეპუნქტი „ბ": დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: … დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

სსკ მუხლი 162¹, ნაწილი 3: ა) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არის დასაბეგრი პირი… ბ) მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი.

ორი ზოგადი წესია და მათ შორის გამყოფი ხაზი ერთია: მიმღები დასაბეგრი პირია თუ არა. თუ დასაბეგრია — ადგილი მიმღებთანაა (და უცხოელი დამკვეთის შემთხვევაში დღგ არ ერიცხება). თუ არადასაბეგრია — ადგილი გამწევთანაა, ანუ საქართველოში, და დღგ ერიცხება.

აქვე მთავარი ხაფანგი: სსკ 162¹.2-ის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა. ანუ უცხოური კომპანია „დასაბეგრია" მაშინაც, თუ თავის ქვეყანაში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. საზღვარი გადის არა რეგისტრაციაზე, არამედ იმაზე, გვყავს თუ არა მეორე მხარეს კერძო პირი.

რას ამბობს პრაქტიკა

ტესტი 1: ვინ არის ნამდვილი მიმღები — და არა ვინ იხდის

საკონსულტაციო კომპანია წლების განმავლობაში ეხმარებოდა უცხოურ საფინანსო ინსტიტუტს საქართველოში პოტენციური მსესხებლების მოძიებასა და შეფასებაში. ერთ პროექტში ანაზღაურება მოვიდა არა ინსტიტუტისგან, არამედ ქართული ფინანსური ინსტიტუტისგან — იმ პირისგან, რომელთანაც კომპანიას ხელშეკრულება საერთოდ არ ჰქონია.

ორგანომ მიმღები სამართლებრივი ურთიერთობით დაადგინა, არა გადახდის წყაროთი: სინალაგმატური ურთიერთობა (ორმხრივი უფლება-მოვალეობა) არსებობდა მხოლოდ უცხოურ ინსტიტუტთან, ინვოისებშიც მიმღებად ის იყო მითითებული, ხოლო გადამხდელი მხოლოდ ხარჯის ამნაზღაურებელი აღმოჩნდა. შედეგი: მიმღები უცხოეთშია დაფუძნებული → 162¹.3.„ა" → მომსახურება საქართველოში გაწეულად არ ითვლება → დღგ არ ერიცხება.

რას ნიშნავს ეს ბუღალტრისთვის: გადახდის დავალება მიმღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის. საქმეს წყვეტს ხელშეკრულება, ინვოისი და ის, ვის წინაშეც გაქვთ ვალდებულება. თუ ეს სამი ერთმანეთს არ ემთხვევა, დოკუმენტაცია სასწრაფოდ გასასწორებელია — შემოწმებისას სწორედ აქ იწყება კითხვები.

ტესტი 2: მომსახურების ტიპის სია მხოლოდ ერთ შემთხვევაში მუშაობს

ქართული კომპანია არარეზიდენტ დამკვეთს უწევდა მერჩენდაიზინგს — სავაჭრო წერტილებში პროდუქტის განთავსებას და მარაგის კონტროლს. სამუშაო არ მოითხოვდა სპეციალურ კვალიფიკაციას, მხარეები ურთიერთდამოკიდებულნი არ იყვნენ.

პასუხი ორ პერიოდზე სხვადასხვაა და სწორედ ეს არის ამ ქეისის ღირებულება. 2021 წლის რეფორმამდე მოქმედი სსკ 166.1.„დ.ბ" ადგილს მიმღებთან გადაიტანდა მხოლოდ ჩამოთვლილი მომსახურებისთვის — „საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო და სხვა მსგავსი". მერჩენდაიზინგი ამ კატეგორიაში ვერ ჩაჯდა, ამიტომ ირთვებოდა ნაშთური წესი (166.1.„ე") — გამწევის საქმიანობის ადგილი, ანუ საქართველო. დღგ ერიცხებოდა.

2021 წლიდან ლოგიკა შებრუნდა: ზოგადი წესი უკვე მიმღების ადგილია (162¹.3.„ა"), ხოლო ტიპების ჩამონათვალი — საკონსულტაციო, სარეკლამო, საბუღალტრო, პერსონალით უზრუნველყოფა და დანარჩენი — 162¹.14-შია გადატანილი და მხოლოდ არადასაბეგრი პირისთვის გაწეულ მომსახურებაზე ვრცელდება. დამკვეთი დასაბეგრი პირია და საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება არ აქვს → მომსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ ითვლება გაწეულად.

რას ნიშნავს ეს ბუღალტრისთვის: კითხვა „ჩემი მომსახურება იმ სიაშია თუ არა" დღეს B2B-ზე პასუხს არ ცვლის. სია მაშინ ამუშავდება, როცა მეორე მხარეს კერძო პირი დგას. სამაგიეროდ B2B-ზე ცალკე უნდა შემოწმდეს 162¹.3.„ა"-ის მეორე წინადადება: თუ მომსახურება უცხოელი დამკვეთის ფიქსირებულ დაწესებულებას (157.„გ") ეწევა და ის საქართველოშია, ადგილი უკან ბრუნდება — დღგ ერიცხება.

ტესტი 3: პაკეტში თუ ცალკე — და სად სარგებლობენ ფაქტობრივად

ტუროპერატორი საკუთარი სახელით ყიდიდა პაკეტებს, რომლებშიც შედიოდა განთავსება, კვება, ტრანსფერი, ექსკურსია, სავიზო მხარდაჭერა, ტესტირების ორგანიზება და სამოგზაურო დაზღვევა — ხან ერთად, ხან ცალ-ცალკე.

ორგანომ პაკეტი ერთიანად არ შეაფასა. თითოეული კომპონენტი ცალკე გაატარა ადგილის ტესტში: განთავსება — უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურებაა და ადგილი ქონების მდებარეობაა (162¹.4, №996-ის ინსტრ. მუხ. 66⁶); კვება — ფაქტობრივი განხორციელების ადგილი (162¹.11); მგზავრის ტრანსპორტირება — გავლილი მანძილის პროპორციულად (162¹.9). დანარჩენი კომპონენტები კი ორ სცენარად გაიყო:

პაკეტში გაერთიანებული დამხმარე მომსახურება მიჰყვება ძირითადის ბედს — სსკ 159.2-ის მიხედვით დამხმარე ხასიათის ოპერაცია ძირითადის ნაწილად განიხილება. გამყვან ტურზე, სადაც ფაქტობრივი სარგებლობა საზღვარგარეთაა, ცალკე ირთვება №996-ის ინსტრუქციის მუხლი 66⁵: თუ 162¹.3 ან 162¹.12–14 ტურისტულ მომსახურებას საქართველოში მოაქცევდა, მაგრამ მისით ფაქტობრივი სარგებლობა ქვეყნის გარეთ ხდება, მომსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულად ითვლება.

ცალკე გაყიდული იგივე მომსახურება ზოგად წესს უბრუნდება. ფიზიკურ პირზე (არადასაბეგრი) გაყიდვისას ეს 162¹.3.„ბ"-ია — გამწევის დაფუძნების ადგილი, ანუ საქართველო, დღგ-ით.

შემომყვან ტურზე ცალკე კითხვაა 172.4.„პ"-ის შეღავათი (გათავისუფლება ჩათვლის უფლებით). ის მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ტუროპერატორი უცხოელ ტურისტს ორგანიზებულად შემოიყვანს და მიაწვდის ტურისტულ პროდუქტს, ეს კი 157.„ც"-ის მიხედვით არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობაა. ერთი კომპონენტი — თუნდაც ორგანიზებულად შემოყვანილ ტურისტს — შეღავათს არ ხსნის.

აქვე ორი გვერდითი შენიშვნა, რომელიც პრაქტიკაში ერევა: სამედიცინო შეღავათი (170.1.„ა"/„ბ") იმ პირს ეკუთვნის, ვისაც სამედიცინო საქმიანობის უფლება აქვს — ორგანიზატორი ავტომატურად არ ისესხებს მას; ხოლო აგენტის რეჟიმში გაყიდულ პოლისზე ოპერატორი მზღვეველი არ არის და მისი საკუთარი (საშუამავლო) მომსახურება პოლისისგან დამოუკიდებლად ფასდება.

პრაქტიკული დასკვნა

ორშაბათს, სანამ უცხოელ დამკვეთს ინვოისს 18%-ის გარეშე გამოწერთ, ოთხი კითხვა:

ვინ არის მიმღები ხელშეკრულებით — და არა ვინ იხდის. თუ გადამხდელი და კონტრაქტორი სხვადასხვა პირია, ინვოისში მიმღები კონტრაქტორი უნდა ეწეროს.

მიმღები დასაბეგრი პირია? 162¹.2-ით ეს ყველა პირია, გარდა არამეწარმე ფიზიკურისა. კერძო პირზე გაყიდვა ადგილს საქართველოში აბრუნებს.

დამკვეთს საქართველოში ფიქსირებული დაწესებულება ხომ არ აქვს, რომელსაც ეს მომსახურება ეწევა (157.„გ")? თუ აქვს — დღგ ერიცხება.

სპეციალური წესი ხომ არ ჭრის ზოგადს — უძრავი ნივთი (162¹.4), კვება (162¹.11), მგზავრის ტრანსპორტირება (162¹.9). ეს წესები ზოგადზე მაღლა დგას.

და ბოლოს — ჩათვლა არ იკარგება. სსკ 175.2.„ა"-ის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისთვის შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლის უფლება რჩება, თუმცა თავად ოპერაცია დასაბეგრი არ არის. სარკისებური მხარეც გახსოვდეთ: როცა ქართული კომპანია ყიდულობს მომსახურებას არარეზიდენტისგან და ადგილი საქართველოა, ირთვება უკუდაბეგვრა (161.1.„ა").

რისკები

გადამხდელის მიმღებად ჩათვლა. ყველაზე ხშირი შეცდომა — ინვოისი იმაზე იწერება, ვინც ფულს რიცხავს. ეს ადგილს და, შესაბამისად, დღგ-ის რეჟიმს ცვლის.

ძველი ლოგიკით მუშაობა. 2021-მდე კითხვა იყო „მომსახურება სიაშია?". დღეს B2B-ზე ეს კითხვა უკვე პასუხს არ განსაზღვრავს.

პაკეტის ერთიანად შეფასება. ერთი ინვოისი ერთ დღგ-ურ რეჟიმს არ ნიშნავს — კომპონენტები ცალკე უნდა გაიაროს ტესტი.

„ტურისტული პროდუქტის" არასწორად დათვლა. ერთკომპონენტიანი მიწოდება 172.4.„პ"-ის შეღავათს არ იძლევა.

ფიქსირებული დაწესებულების იგნორირება. უცხოელი დამკვეთის ქართული ოფისი ან ფილიალი მთელ სქემას აბრუნებს დღგ-ში.

უცხოელ დამკვეთთან მუშაობთ და გინდათ, დღგ სწორად დაიდოს? დაგვიკავშირდით: 598 21 27 01 · eaudit.ge