შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N 11601 21 მაისი 2024
საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს „საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება თანდართული რედაქციით.
- ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა სამსახურის უფროსი
საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ
მეთოდური მითითება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
- ,,საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითება (შემდგომ - მეთოდური მითითება) განსაზღვრავს:
- საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად მიჩნევის, ასეთი შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრისა და საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესებს და პირობებს.
- საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროს განსაზღვრისას გამოყენებულია შემდეგი სამართლებრივი აქტები:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (შემდგომ - კოდექსი); ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; გ) „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N633 ბრძანება; დ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება; ე) ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებები
მუხლი 2. ტერმინების განმარტება ამ მეთოდურ მითითებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტვირთის გადაზიდვის მომსახურება - საზღვაო , სახმელეთო ან საჰაერო ტრანსპორტით ტვირთის გადატანა, გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად; ბ) სატრანსპორტო ექსპედიცია - ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია; გ) ტვირთი – გადამზიდველის მიერ გადასატანი ან გადატანილი ყოველგვარი მატერიალური ქონება; დ) ექსპედიტორი – პირი, რომელიც ეწევა ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას (სატრანსპორტო ექსპედიციას); ე) საერთაშორისო გადაზიდვა – კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 3. შემოსავლის წყაროს განსაზღვრა
- საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოსა და უცხო ქვეყნებს შორის საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებული შემოსავალი.
- ექსპედიტორის მიერ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ორგანიზებით (ექსპედიციით) მიღებული შემოსავალი ასევე ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ მიზნით, მხედველობაში მიიღება შემკვეთსა და ექსპედიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტვირთის გაგზავნის ან დანიშნულების ადგილი საქართველოა.
მაგალითი 1. ექსპედიტორმა ორგანიზება უნდა გაუკეთოს რეზიდენტი საწარმოს (შემკვეთის) ტვირთის ჩამოტანას სტამბოლიდან თბილისში. ექსპედიტორის მომსახურების ღირებულება (საკომპენსაციო თანხა) შეადგენს 10 000 ლარს (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით), რომელიც მოიცავს ტვირთის გადაზიდვის და გადაზიდვებთან დაკავშირებულ ხარჯებს. ვარიანტი „ა“. ექსპედიტორი არარეზიდენტი პირია, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება. ვარიანტი „ბ“. ექსპედიტორი რეზიდენტი პირია, ან არარეზიდენტი პირია, რომელმაც საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განახორციელა მომსახურება. მოცემულ პირობებში: კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, სტამბოლიდან თბილისში ტვირთის გადაზიდვა, ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსპედიტორის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები იბეგრება 10 %-ით. „ ა“ ვარიანტში: არარეზიდენტი ექსპედიტორის მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს რეზიდენტი საწარმო დააკავებს გადახდის წყაროსთან და 1000 ლარს (10 000X10%) გადაიხდის ბიუჯეტში. „ბ“ ვარიანტში: ექსპედიტორი შემოსავალში აიღებს შემკვეთის მიერ მისთვის გადახდილ საკომპენსაციო თანხას - 10 000 ლარს. ამასთან, მოგების გადასახადით დაიბეგრება კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის წარმოშობისას.
მაგალითი 2. რეზიდენტმა საწარმომ (შემკვეთი), ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს E-ს, გადაზიდვის მარშრუტია ალმათი - თბილისი. გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 2 000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). ვარიანტი „ა“: რეზიდენტმა ექსპედიტორმა საწარმომ E-მ თავის მხრივ, ალმათიდან თბილისში ტვირთის გადაზიდვის მომსახურება დაუკვეთა არარეზიდენტ საწარმო R-ს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 1 800 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). ვარიანტი „ბ“: რეზიდენტმა ექსპედიტორმა საწარმომ E-მ ალმათიდან ბაქომდე ტვირთის გადაზიდვა დაუკვეთა არარეზიდენტ კომპანია R-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 1 000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით), ხოლო ბაქოდან თბილისში არარეზიდენტ საწარმოს AZ-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 700 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). მოცემულ პირობებში: კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი ექსპედიტორი საწარმო E-ს მიერ ალმათიდან თბილისში ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვის ორგანიზებით (ექსპედიციით) მიღებული შემოსავალი ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. ორივე ვარიანტში: რეზიდენტი ექსპედიტორი საწარმო E შემოსავალში ასახავს 2000 ლარს. ამასთან, მოგების გადასახადით დაიბეგრება კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის წარმოშობისას . „ა“ ვარიანტში: ალმათიდან თბილისში არარეზიდენტ საწარმო R-ის მიერ ტვირთის გადაზიდვა, კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ჩაითვლება საერთაშორისო გადაზიდვად; ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ალმათიდან თბილისში ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის არარეზიდენტ საწარმო R-ისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს 180 ლარს (1800*10%) რეზიდენტი ექსპედიტორი დააკავებს გადახდის წყაროსთან და გადაიხდის ბიუჯეტში. „ბ“ ვარიანტში: ალმათიდან ბაქომდე არარეზიდენტი საწარმო R-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების პუნქტები მდებარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ; ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მის მიერ აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. ბაქოდან თბილისში არარეზიდენტი საწარმო AZ-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. შესაბამისად, კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტი საწარმო AZ-ის მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს 70 ლარს (700*10%) რეზიდენტი ექსპედიტორი საწარმო E დააკავებს გადახდის წყაროსთან და გადაიხდის ბიუჯეტში. მაგალითი 3. რეზიდენტმა საწარმომ (შემკვეთი), ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა არარეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს E-ს, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება. გადაზიდვის მარშრუტია ალმათი - თბილისი. გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 2 000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). ვარიანტი „ა“ არარეზიდენტმა ექსპედიტორმა E-მ თავის მხრივ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება დაუკვეთა არარეზიდენტ საწარმოს R-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), რომელმაც განახორციელა ტვირთის ჩამოტანა ალმათიდან თბილისში. გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 1 800 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). ვარიანტი „ბ“ არარეზიდენტმა ექსპედიტორმა E-მ ალმათიდან ბაქომდე ტვირთის გადაზიდვა დაუკვეთა არარეზიდენტ კომპანია R-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 1 000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით), ხოლო ბაქოდან თბილისში - რეზიდენტ საწარმოს B-ს, გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 700 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). მოცემულ პირობებში: არარეზიდენტი ექსპედიტორი E-ს მიერ ალმათიდან თბილისში ტვირთის გადაზიდვა, კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ჩაითვლება საერთაშორისო გადაზიდვად, ხოლო ექსპედიტორის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, კოდექსის 104- ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები იბეგრება 10 %-ით. ორივე ვარიანტში: არარეზიდენტი ექსპედიტორი E-ს მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს 200 ლარს (2000*10%) რეზიდენტი საწარმო (შემკვეთი) დააკავებს გადახდის წყაროსთან და გადაიხდის ბიუჯეტში. ამასთან: „ა“ ვარიანტში: ალმათიდან თბილისში არარეზიდენტი საწარმო R-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. მის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტ ექსპედიტორ E-ს საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, იგი არ წარმოადგენს საგადასახადო აგენტს და არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება. „ბ“ ვარიანტში: ალმათიდან ბაქომდე არარეზიდენტი საწარმო R-ის მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების პუნქტები მდებარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. ბაქოდან თბილისში რეზიდენტი საწარმო B-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. მის მიერ მიღებული შემოსავალი მოგების გადასახადით დაიბეგრება კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის წარმოშობისას. მაგალითი 4. არარეზიდენტი, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება, საექსპედიტორო მომსახურებას უწევს რეზიდენტ საწარმოს. მარშრუტი არის სტამბოლი – ბაქო (საქართველოს გავლით). გადაზიდვას დაქვემდებარებული ტვირთი იმყოფება ტრანზიტის საბაჟო პროცედურაში. მოცემულ პირობებში: კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია არ მიეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების პუნქტები მდებარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციით მიღებული შემოსავალი არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან. შედეგი: ექსპედიტორის საკომპენსაციო თანხა არ წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს და არ დაიბეგრება გადახდის წყაროსთან.
მაგალითი 5. რეზიდენტმა საწარმომ (შემკვეთი), ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა რეზიდენტ ექსპედიტორ საწარმოს, გადაზიდვის მარშუტია სტამბოლი – ბაქო (საქართველოს გავლით). გადაზიდვას დაქვემდებარებული ტვირთი იმყოფება ტრანზიტის საბაჟო პროცედურაში. გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 2000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). რეზიდენტმა ექსპედიტორმა საწარმომ სტამბოლიდან თბილისამდე ტვირთის გადაზიდვა დაუკვეთა არარეზიდენტ კომპანია R-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 1000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით), ხოლო თბილისიდან ბაქომდე - არარეზიდენტ საწარმოს AZ-ს (საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება), გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 700 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). მოცემულ პირობებში: რეზიდენტი ექსპედიტორი საწარმოს სტამბოლიდან ბაქომდე ტვირთის გადაზიდვის მომსახურება კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად არ მიეკუთვნება საერთაშორისო გადაზიდვას, ვინაიდან ტრანსპორტირების დაწყების და დამთავრების პუნქტები მდებარეობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. მან შემოსავალში უნდა აიღოს შემკვეთის მიერ მისთვის გადახდილი საკომპენსაციო თანხა - 2000 ლარი. ამასთან, მოგების გადასახადით დაიბეგრება კოდექსის 97-ე მუხლით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის წარმოშობისას. სტამბოლიდან თბილისამდე, არარეზიდენტი საწარმო R-ის მიერ, ასევე თბილისიდან ბაქომდე არარეზიდენტი საწარმოს AZ-ის მიერ ტვირთის გადაზიდვა, კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, ჩაითვლება საერთაშორისო გადაზიდვად, ხოლო მათ მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები იბეგრება 10 %-ით. შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის არარეზიდენტი საწარმოს R-ისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს 100 ლარს (1000*10%) და არარეზიდენტი საწარმო AZ-ისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს 70 ლარს (700*10%), რეზიდენტი ექსპედიტორი საწარმო დააკავებს გადახდის წყაროსთან და გადაიხდის ბიუჯეტში
მუხლი 4. არარეზიდენტის მიერ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებით სარგებლობა თუ არარეზიდენტი პირის ხელშემკვრელ სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებობს შეთანხმება შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ, უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება ამ ხელშეკრულებას და არარეზიდენტ პირს უფლება აქვს, რეზიდენტობის ცნობის წარდგენის შემთხვევაში, ისარგებლოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათით.
მაგალითი 6. რეზიდენტმა საწარმომ (შემკვეთი) რუმინეთიდან თბილისამდე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება დაუკვეთა არარეზიდენტ კომპანიას (რუმინეთის რეზიდენტს), რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება. გადაზიდვის საკომპენსაციო ღირებულება 2 000 ლარია (საშემოსავლო/მოგების გადასახადის ჩათვლით). ვარიანტი „ა“ : არარეზიდენტმა კომპანიამ შემკვეთს წარუდგინა რეზიდენტობის ცნობა. ვარიანტი „ბ“ : არარეზიდენტმა კომპანიამ შემკვეთს ვერ წარუდგინა რეზიდენტობის ცნობა. მოცემულ პირობებში: კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის შესაბამისად, რუმინეთიდან თბილისში ტვირთის გადაზიდვა, ითვლება საერთაშორისო გადაზიდვად. კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ექსპედიტორის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად. კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები იბეგრება 10 %-ით. „საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ კონვენციის“ თანახმად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით „ა“ ვარიანტში: შემკვეთი აღარ დააკავებს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადს, გადაუხდის არარეზიდენტ კომპანიას 2000 ლარს და მომავალი წლის 1 აპრილამდე წარადგენს ფორმა №1 „საგადასახადო აგენტის ინფორმაცია არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე“; „ბ“ ვარიანტში: არარეზიდენტი ექსპედიტორის მიერ გაწეული საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის 10%-ს რეზიდენტი საწარმო დააკავებს გადახდის წყაროსთან და 200 ლარს (2 000X10%) გადაიხდის ბიუჯეტში.
მუხლი 5. არარეზიდენტის მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში სატრანსპორტო მომსახურებით მიღებულ შემოსავალზე გადახდილი გადასახადის გადაანგარიშება
- კოდექსის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არარეზიდენტს, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის საქართველოს წყაროდან იღებს შემოსავლებს და ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დეკლარაცია („გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის დანართი №II-09 ან №II-04 ) დაკავებული გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში:
ა) არარეზიდენტის დასაბეგრი შემოსავალი/მოგება განისაზღვრება, როგორც სხვაობა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებულ გამოსაქვით თანხებს შორის; ბ) არარეზიდენტის მიერ გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს კოდექსის 134- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ, გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხას.
- არარეზიდენტს მისთვის დაკავებული გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების უფლება წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინა საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე