ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაო

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაო. ეს მეთოდური…

დოკუმენტის სახე: მეთოდური მითითება — სრული ტექსტი
მუხლები: მუხლი 1 · მუხლი 2 · მუხლი 3 · მუხლი 4 · მუხლი 5 · მუხლი 6 · მუხლი 7 · მუხლი 8
დღგმოგების გადასახადიაქციზიზოგადი პრინციპისავაჭრო ობიექტიღია საწყობიარასასურსათო საქონელი

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება № 26094 2022 წლის 13 ოქტომბერი

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ N1 დანართის შესაბამისად.
  2. ამ ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითება გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისების მიმართ.
  3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლევან კაკავა სამსახურის უფროსი

დანართი N1

მეთოდური მითითება „სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“

მუხლი 1. ზოგადი პრინციპი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის, მე-8 მუხლის მე11 ნაწილის და 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგი, რომელსაც არ აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა.

მუხლი 2. სავაჭრო ობიექტი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, სავაჭრო ობიექტი არის მაღაზია (მარკეტი, სუპერმარკეტი ან ჰიპერმარკეტი), სადაც არასასურსათო საქონლის საცალო რეალიზაცია ხორციელდება „ღია საწყობის“ პრინციპით.

მუხლი 3. ღია საწყობი ყველა ჩამოთვლილი პირობის დაცვით, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, ღია საწყობი არის სავაჭრო სივრცე: ა) სადაც იდენტიფიცირებულია მომხმარებელთა შესასვლელ-გასასვლელი; ბ) სადაც გასაყიდად განკუთვნილი არასასურსათო საქონელი განთავსებულია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას - თაროებზე, დახლებსა და სხვა სათავსოებში; გ) სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ან/და მოლარე-კონსულტანტის დახმარებით ირჩევს სასურველ არასასურსათო საქონელს; დ) სადაც არასასურსათო საქონლის შეძენა-რეალიზაცია აღირიცხება შტრიხკოდებითა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და ამ აღრიცხვით, იდენტიფიცირებადია როგორც შეძენილი არასასურსათო საქონლის თვითღირებულება, ისე ამავე არასასურსათო საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა.

მუხლი 4. არასასურსათო საქონელი ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, არასასურსათო საქონელი არის ნებისმიერი პროდუქტი, გარდა: ა) სურსათი - ,,სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად; ბ) აქციზური საქონლი; გ) ღვინო; დ) მარკირებას/ნიშანდებას დაქვემდებარებული სასმელები; ე) ფარმაცევტული პროდუქტი ან/და საკვები დანამატები; საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონე სამეურნეო ოპერაციების შესახებ მეთოდური მითითება ვ) ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ან/და სამშენებლო ან/და სხვა დანიშნულების: ვ.ა) ტექნიკა; ვ.ბ) მოწყობილობა; ვ.გ) ინვენტარი; ვ.დ) ავეჯი; ვ.ე) ტექსტილი.; ზ) ტანსაცმელი ან/და ფეხსაცმელი ან/და სხვა სამოსი და შესაბამისი აქსესუარები; თ) კოსმეტიკა ან/და პარფიუმერია.

მუხლი 5. არაარსებითი დანაკარგი და მისი გამოანგარიშება

  1. ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, არაარსებითი დანაკარგი არის გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისის ჯამი, რომლის საბაზრო ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა (დღგ-ის გარეშე) ჯამის 0,5 %-ს, გარდა ამავე მეთოდური მითითების მე-6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  2. ამ მეთოდური მითითებით გათვალისწინებული არაარსებითი დანაკარგი, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის არ განიხილება დანაკლისად.

მაგალითი N1 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2022-2023 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა სურსათის, არასასურსათო საქონლის და სხვა საქონლის რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 2 000 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). მათ შორის: ● სურსათის რეალიზაციიდან - 1 000 000 ლარი (თითოეული სავაჭრო ობიექტიდან 500 000 ლარი); ● არასასურსათო საქონლის (ჰიგიენის საშუალებების) რეალიზაციიდან - 700 000 ლარი (თითოეული სავაჭრო ობიექტიდან 350 000 ლარი); ● სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) რეალიზაციიდან - 300 000 ლარი. შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ორივე სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის მაისის თვეში ერთ-ერთ მათგანში გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 5 000 ლარი. მათ შორის: ● სურსათის დანაკლისი - 2000 ლარი; ● არასასურსათო საქონლის (ჰიგიენის საშუალებების) დანაკლისი - 2 000 ლარი; ● სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) დანაკლისი - 1 000 ლარი. 2023 წლის სხვა თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა.

შეფასება და შედეგი წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის, არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშებისთვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ არასასურსათო საქონლის (განსახილველ შემთხვევაში, ჰიგიენური საშუალებების) რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი - 700 000 ლარი. ამდენად, შპს „X“-ის 2023 წლისათვის არაარსებითი დანაკარგი იქნება (700 000 * 0,5%) 35 00 ლარი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ არასასურსათო საქონლის, კერძოდ ჰიგიენური საშუალებების დანაკლისის ნაწილში. შესაბამისად, 2023 წლის მაისის თვეში დაბეგვრას დაექვემდებარება სხვა საქონლის (საყოფაცხოვრებო ტექნიკის) ნაწილში გამოვლენილი დანაკლისი (1 000 ლარი), ხოლო, რაც შეეხება სასურსათო საქონელში გამოვლენილ დანაკლისს, მის მიმართ გამოიყენება ,,სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი საქონლის (სურსათის) არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ“ მეთოდური მითითება.

  1. თუ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებაში, არ არსებობს ან არსებობს არასრული წინა კალენდარული წელი, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან პირველივე სრული კალენდარული წლის ბოლომდე, არაარსებითი დანაკარგი დგინდება ამ პერიოდის თითოეული კალენდარული თვის მიმართ ცალ-ცალკე, შემდეგი წესით:

ა) ამ პერიოდში პირველად გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის მიმართ არაარსებითი დანაკარგი არის არასასურსათო საქონლის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან ამ დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0,5% (მაგალითი N2). ბ) ამ პერიოდში მეორედ და ყოველ შემდგომ ჯერზე გამოვლენილი დანაკლისის შემთხვევაში, დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის მიმართ არაარსებითი დანაკარგი არის არასასურსათო საქონლის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან ამ დანაკლისის გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით, გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0,5%, იმ პირობით, რომ აღნიშნული თანხა უნდა შემცირდეს წინა კალენდარულ თვეებში გამოყენებული არაარსებითი დანაკარგებით (მაგალითი N3).

მაგალითი N2 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი არასრულად მოიცავს 2022 წელს (პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 01.06.2022-ში) და სრულად მოიცავს 2023 წელს. ამასთან, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის ნოემბრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 2 000 ლარი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის პირველად გამოვლენის კალენდარული თვის ჩათვლით (ნოემბერი/2022), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 600 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე).

შეფასება და შედეგი 2022 წლის ნოემბრის თვის არაარსებითი დანაკარგი იქნება (600 000 * 0,5 %) 3 000 ლარი, შესაბამისად, ამ თვეში არ წარმოიშობა დასაბეგრი დანაკლისი, ამასთან, პირი უფლებამოსილია 2022 წლის ნოემბრის თვის არაარსებითი დანაკარგის გამოუყენებელი ნაწილი, (3 000 - 2 000) 1 000 ლარი გამოიყენოს შემდგომ პერიოდებში.

მაგალითი N3 ფაქტობრივი გარემოება ფაქტობრივი გარემოება იგივეა, რაც მე-2 მაგალითში და ამასთან: ● შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში მე-2-ჯერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის იანვრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 5 000 ლარი. ● გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის მე2-ჯერ გამოვლენის თვის ჩათვლით (იანვარი/2023), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო ჭურჭლის) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 1 000 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). შეფასება და შედეგი 2023 წლის იანვრის თვის არაარსებითი დანაკარგი იქნება ((1 000 000 * 0,5%) - 2 000) 3 000 ლარი. შესაბამისად, ამავე თვეში დაბეგვრას დაექვემდებარება არაარსებით დანაკარგზე მეტი ოდენობით არსებული დანაკლისი (5000 - 3 000) 2 000 ლარი.

მუხლი 6. გადაანგარიშება

  1. არაარსებითი დანაკარგი ექვემდებარება გადაანგარიშებას, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი, არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამი (დღგ-ის გარეშე) არსებითად განსხვავდება წინა სრული კალენდარული წლის ანალოგიური მონაცემისაგან. კერძოდ, შესაბამისი თანხა (ბრუნვა) წინა წელთან შედარებით:

ა) თუ გაიზარდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაბეგრილი დანაკლისები ექვემდებარება იმავე კალენდარული თვეების დეკლარაციების დაზუსტების გზით შემცირებას, რომლებშიც მოხდა მათი ასახვა (დაბეგვრა); ბ) თუ შემცირდა 10%-ით ან მეტით, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში დაუბეგრავი დანაკლისები ექვემდებარება ამავე წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის შესაბამის დეკლარაციებში ასახვას (დაბეგვრას).

მაგალითი N4 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2022-2023 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (ქიმიისა და სარეცხი საშუალებების) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 500 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის მაისის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ქიმიისა და სარეცხი საშუალებების) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 10 000 ლარი. 2023 წლის სხვა თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა შპს „X“-ის 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 2 100 000 ლარი (დღგ-ის გარეშე)

შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2023 წლის მაისში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი, (10 000 - (1 500 000 0,5%)) 2 500 ლარი არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის მაისში გამოვლენილი არაარსებითი დანაკარგის ზღვარი (1 500 000 0,5%) 7 500 ლარი, 2 500 ლარით ნაკლებია, ვიდრე ამავე პერიოდის დანაკლისი (10 000 ლარი). ამასთან, ვინაიდან 2023 წლის შედეგებით სახეზეა რეალიზაციის მოცულობის არსებითი ზრდა (40 პროცენტი) და გადაანგარიშებას დაქვემდებარებული არაარსებითი დანაკარგის ზღვარი შეადგენს (2 100 000 * 0,5%) 10 500 ლარს, არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 2023 წლის დასრულების შემდეგ, 2023 წლის მაისის თვის დეკლარაცი(ებ)ის დაზუსტების გზით, სრულად შეამციროს დაბეგრილი დანაკლისი (2 500 ლარი).

მაგალითი N5 ფაქტობრივი გარემოება პირობები იგივეა რაც მე-4 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ შპს „X“-ის 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 575 000 ლარი (დღგ-ის გარეშე).

შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2023 წლის მაისში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი, (10 000 - (1 500 000 0,5%)) 2 500 ლარი არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის არაარსებითი დანაკარგის ზღვარი (1 500 000 0,5%), 7 500 ლარი, 2 500 ლარით ნაკლებია ვიდრე ამავე პერიოდის დანაკლისი (10 000 ლარი). ამასთან, ვინაიდან 2023 წლის შედეგებით სახეზეა რეალიზაციის მოცულობის არაარსებითი ზრდა (5 პროცენტი), არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უფლება არ აქვს 375 ლარით ((1 575 000 * 0,5%) – 7 500) შეამციროს ამავე წლის მაისის თვეში დაბეგრილი დანაკლისი (2 500 ლარი).

მაგალითი N6 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2022-2023 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (ქიმიისა და სარეცხი საშუალებების) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 000 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის მაისის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (ქიმიისა და სარეცხი საშუალებების) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 12 000 ლარი. 2023 წლის სხვა თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა. შპს „X“-ის 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 850 000 ლარი (დღგ-ის გარეშე).

შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2023 წლის მაისში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი, (12 000 - (1 000 000 0,5%)) 7 000 ლარი არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის არაარსებითი დანაკარგის ზღვარი (1 000 000 0,5%), 5 000 ლარი, 7 000 ლარით ნაკლებია ვიდრე ამავე პერიოდის დანაკლისი (12 000 ლარი). ამასთან, ვინაიდან 2023 წლის შედეგებით სახეზეა რეალიზაციის მოცულობის არსებითი შემცირება (15 პროცენტი), არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დეკლარაციებში ასახვის გზით, დამატებით დაბეგროს ამავე წლის მაისის თვეში არაარსებით დანაკარგად განხილული თანხის ნაწილი (5 000 - (850 000 * 0,5%)) 750 ლარი.

მაგალითი N7 ფაქტობრივი გარემოება პირობები იგივეა რაც მე-6 მაგალითში იმ განსხვავებით, რომ შპს „X“-ის 2023 წლის შემოსავალმა შეადგინა 950 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2023 წლის მაისში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი, (12 000 - (1 000 000 0,5%)) 7 000 ლარი არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, 2022 წლის შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის არაარსებითი დანაკარგის ზღვარი, (1 000 000 0,5%) 5 000 ლარი, 7 000 ლარით ნაკლებია ვიდრე ამავე პერიოდის დანაკლისი (12 000 ლარი). ამასთან, ვინაიდან, 2023 წლის შედეგებით სახეზეა რეალიზაციის მოცულობის არაარსებითი შემცირება (5 პროცენტი), არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელი არ არის ვალდებული დამატებით დაბეგროს ამავე წლის მაისის თვეში არაარსებით დანაკარგად განხილული თანხის ნაწილი (5 000 - (950 000 * 0,5%) 250 ლარი.

  1. ახლად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს როგორც პირველი არასრული კალენდარული წლის ბოლოს (მაგალითი N8), ისე პირველი სრული კალენდარული წლის ბოლოს (მაგალითი N9) გადაიანგარიშოს არაარსებითი დანაკარგები.

მაგალითი N8 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი არასრულად მოიცავს 2022 წელს (პირი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 01.06.2022-ში). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2022 წლის ოქტომბრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 12 000 ლარი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის პირველად გამოვლენის თვის ჩათვლით (ოქტომბერი/2022), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 1 000 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის 2022 არასრული წლის რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა (დღგ-ის გარეშე) შეადგინა 1 500 000 ლარი. შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2022 წლის ოქტომბერში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი (12 000 - (1 000 000 0,5%)) 7 000 ლარი, არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას. ამასთან, ვინაიდან არასრული 2022 წლის არაარსებითი დანაკარგის ზღვარი არის 7 500 ლარი (1 500 000 0,5%), არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 2022 წლის დასრულების შემდეგ, ამავე წლის ოქტომბრის თვის დეკლარაცი(ებ)ის დაზუსტების გზით, დამატებით (7 500 - 5 000) 2 500 ლარით შეამციროს დაბეგრილი დანაკლისი 7 000 ლარი.

მაგალითი N9 ფაქტობრივი გარემოება ფაქტობრივი გარემოება იგივეა, რაც მე-8 მაგალითში და ამასთან: ● შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ სავაჭრო ობიექტებში მე-2-ჯერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის თებერვლის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), ჯამში 10 000 ლარი. ● გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) დანაკლისის მე2-ჯერ გამოვლენის თვის ჩათვლით (თებერვალი/2023), გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 1 800 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). ● გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) პირველივე სრული კალენდარული წლის ბოლომდე (დეკემბერი/2023) გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამმა 2 500 000 ლარი შეადგინა (დღგ-ის გარეშე). შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2023 წლის თებერვალში გამოვლენილი დანაკლისის ნაწილი (10 000 - [(1 800 000 * 0,5%) - 7 500]) 8 500 ლარი არ ჩაითვლება, როგორც არაარსებითი დანაკარგი და შესაბამისად, იგი დაექვემდებარება ამავე თვეში დაბეგვრას. ამასთან, ახლად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, პირველივე სრული კალენდარული წლის შედეგებიდან გამომდინარე, მე-2-ჯერ გადაიანგარიშოს არაარსებითი დანაკარგები. ამ მიზნით: პირველ რიგში გამოითვლება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) პირველივე სრული კალენდარული წლის ბოლომდე (დეკემბერი/2023) პერიოდში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის (2 500 000 ლარის) 0,5%, როგორც ამავე პერიოდის არაარსებითი დანაკარგი, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 12 500 ლარს. 12 500 ლარს, როგორც არაარსებითი დანაკარგის მაქსიმუმს, გამოაკლდება გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თვიდან (ივნისი/2022) მის შემდგომ პერიოდებში გამოვლენილი დანაკლისების ჯამი, 22 000 ლარი, მათ შორის: ● 2022 წლის ოქტომბერში გამოვლენილი დანაკლისი - 12 000 ლარი; ● 2023 წლის თებერვალში გამოვლენილი დანაკლისი - 10 000 ლარი. შედეგად, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლენილი დანაკლისის ჯამი (22 000 ლარი) აღემატება ამავე პერიოდში რეალიზებული არასასურსათო საქონლის (საკანცელარიო ნივთების, სათამაშოების, კერამიკული და პლასტმასის სუვენირების) სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამის 0.5%-ს (12 500), ამ შემთხვევაში, უნდა დაიბეგროს მხოლოდ ამ თანხებს შორის სხვაობა (9 500 ლარი). ამასთან, ვინაიდან განსახილველი მაგალითის მიხედვით, წინა პერიოდში, კერძოდ 2022 წლის ოქტომბრის თვეში და 2023 წლის თებერვლის თვეში, უკვე დაიბეგრა ჯამში (4 500 + 8 500) 13 000 ლარი (ანუ, რადგან ჯამში პირმა ისარგებლა მხოლოდ 9 000 ლარის ლიმიტით), არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია 2023 წლის დასრულების შემდეგ, 2023 წლის თებერვლის თვის დეკლარაცი(ებ)ის დაზუსტების გზით, დამატებით ისარგებლოს 3 500 ლარის ლიმიტით და ამ თანხით შეიმციროს ამავე (თებერვლის) თვეში დაბეგრილი დანაკლისი 8 500 ლარი

მუხლი 7. სპეციალური წესი

  1. არაარსებით დანაკარგს უთანაბრდება კალენდარული წლის ბოლოს გადაანგარიშების შედეგად შემცირებას დაქვემდებარებული დაბეგრილი დანაკლისი.
  2. თუ გადასახადის გადამხდელს სურს, რომ საქონლის საბითუმო რეალიზაცია მოახდინოს იმავე ტერიტორიიდან (შენობა-ნაგებობიდან), სადაც განთავსებულია „ღია საწყობი“, აღნიშნული რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის „ღია საწყობში“ შეტანის გარეშე.
  3. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოიყენება იმ არასასურსათო საქონლის დანაკლისის მიმართ, რომლის ქურდობის ან/და უკანონო მოხმარების განმახორციელებელი პირი არ არის იდენტიფიცირებული.
  4. წინამდებარე მეთოდური მითითება არ გამოიყენება: ა) თუ განხორციელდა არაარსებითი დანაკარგის ფარგლებში შესაბამისი ზიანის/კომპენსაციის ვინმესთვის დაკისრება; ბ) თუ არსებობს დანაკლისის გამომრიცხავი სხვა მტკიცებულება. 5. თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებულ არასასურსათო საქონელს, თითოეულ დანაკლისში არაარსებით დანაკარგად პირველ რიგში ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის დანაკლისი. ამასთან, წლიური გადაანგარიშების შემთხვევაში, აღნიშნული რიგითობა შენარჩუნდება კვლავ თითოეული დანაკლისის მიმართ (მაგალითი N10).

მაგალითი N10 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2022-2023 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებების, მათ შორის, საბავშვო საფენების) რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2022 წლის შემოსავალმა შეადგინა 2 000 000 ლარი (დღგ-ის გარეშე), ხოლო 2023 წლის შემოსავალმა 2 700 000 ლარი (დღგ-ის გარეშე) შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ ორივე სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის მაისის თვეში, ერთ-ერთ მათგანში გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით, ჯამში 12 000 ლარი. მათ შორის: ● დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებების) დანაკლისი 9 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). ● დღგ-ისგან გათავისუფლებული არასასურსათო საქონლის (საბავშვო საფენების) დანაკლისი 3 000 ლარი. ამასთან, ამავე (2023) წლის აგვისტოს თვეში, ერთ-ერთ ობიექტში კვლავ გამოვლინდა დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით, ჯამში 3 000 ლარი. მათ შორის: ● დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის (ჰიგიენური საშუალებების) დანაკლისი 2 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). ● დღგ-ისგან გათავისუფლებული არასასურსათო საქონლის (საბავშვო საფენების) დანაკლისი 1 000 ლარი. 2023 წლის დანარჩენ თვეებში დანაკლისი არ გამოვლენილა.

შეფასება და შედეგი წინამდებარე მეთოდური მითითების მიზნებისთვის, თუ გამოვლენილი დანაკლისი მოიცავს როგორც დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის დანაკლისს, ისე დღგისგან გათავისუფლებული არასასურსათო საქონლის დანაკლისს, არაარსებითი დანაკარგის ოდენობად პირველ რიგში ჩაითვლება დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის დანაკლისი. განსახილველ მაგალითში შპს „X“-ის 2023 წლის არაარსებითი დანაკარგი იქნება (2 000 000 0,5%) 10 000 ლარი. შესაბამისად, 2023 წლის მაისის თვეში გამოვლენილი 12 000 ლარის დანაკლისიდან მხოლოდ (12 000 - 10 000) 2 000 ლარი: ● აისახება დღგ-ის დეკლარაციის გათავისუფლებული ბრუნვის შესაბამის გრაფაში/გრაფებში და არ დაიბეგრება. ● აისახება მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში და დაიბეგრება. რაც შეეხება 2023 წლის აგვისტოს თვეს, 3 000 ლარის დანაკლისიდან: ● 2 000 ლარი აისახება დღგ-ის დეკლარაციის დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის გრაფაში და დაიბეგრება, ხოლო 1 000 ლარი აისახება დღგ-ის დეკლარაციის გათავისუფლებული ბრუნვის შესაბამის გრაფაში/გრაფებში და არ დაიბეგრება. ● 3 000 ლარივე სულად აისახება მოგების გადასახადის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში და დაიბეგრება. ამასთან, ვინაიდან 2023 წლის შედეგებით სახეზეა რეალიზაციის მოცულობის არსებითი ზრდა (35 პროცენტი) და გადაანგარიშებას დაქვემდებარებული არაარსებითი დანაკარგის ზღვარი შეადგენს (2 700 000 0,5%) 13 500 ლარს, არაარსებითი დანაკარგის გადაანგარიშების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 2023 წლის დასრულების შემდეგ, (13 500 - 10 000) 3 500 ლარით შეიმციროს 2023 წელში დაბეგრილი დანაკლისები. კერძოდ, 3 500 ლარიდან 2 000 ლარით სრულად შეიმციროს 2023 წლის მაისის თვის დანაკლისი (2 000 ლარი), ხოლო დარჩენილი (3 500 - 2 000) 1 500 ლარით - ნაწილობრივ შეიმციროს 2023 წლის აგვისტოს თვის დანაკლისი (3 000 ლარი). ამასთან, არაარსებით დანაკარგში დღგ-ით დასაბეგრი არასასურსათო საქონლის დანაკლისის რიგით პირველი ასახვის უპირატესობა შენარჩუნდება კვლავ თითოეული დანაკლისის მიმართ, კერძოდ: ● 2023 წლის მაისის თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების გზით, გათავისუფლებული ბრუნვის შესაბამისი გრაფა/გრაფები შემცირდება 2 000 ლარით. ● 2023 წლის მაისის თვის მოგების დეკლარაციის დაზუსტების გზით, სრულად შემცირდება დაბეგრილი დანაკლისი (2 000 ლარი). ● 2023 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტების გზით, ნაწილობრივ, 1 500 ლარით შემცირდება დასაბეგრი ბრუნვის შესაბამის გრაფა/გრაფებში ასახული და დაბეგრილი დანაკლისი (2 000 ლარი), ხოლო დღგ-ის დეკლარაციის გათავისუფლებული ბრუნვის შესაბამის გრაფაში/გრაფებში ასახული დანაკლისი 1 000 ლარი უცვლელად დარჩება. ● 2023 წლის აგვისტოს თვის მოგების დეკლარაციის დაზუსტების გზით, ნაწილობრივ, 1 500 ლარით შემცირდება დაბეგრილი დანაკლისი (3 000 ლარი)

  1. წინამდებარე მეთოდური მითითება გამოიყენება 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისების მიმართ (მაგალითი N11).

მაგალითი N11 ფაქტობრივი გარემოება შპს „X“-ის საგადასახადო რეგისტრაციის პერიოდი სრულად მოიცავს 2021-2022 წლებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებიდან საწარმო ახორციელებდა არასასურსათო საქონლის რეალიზაციას „ღია საწყობის“ პრინციპით. მოცემულ პირობებში, შპს „X“-ის 2021 წლის შემოსავალმა შეადგინა 1 000 000 ლარი (დღგ-ის გარეშე). შპს „X“-ის ან/და საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2021 წლის ოქტომბრის თვეში გამოვლინდა არასასურსათო საქონლის დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით (დღგ-ის გარეშე), 3 000 ლარი, ხოლო 2022 წლის მაისის თვეში - 5 000 ლარი (დღგ-ის გარეშე).

შეფასება და შედეგი არაარსებითი დანაკარგის გამოანგარიშების მიზნით, 2022 წლის მაისის თვის არაარსებითი დანაკარგი იქნება (1 000 000 * 0.5%) 5 000 ლარი, ამასთან, პირი უფლებამოსილია აღნიშნული ზღვარი გამოიყენოს მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრიდან გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისის (5 000 ლარის) მიმართ. შესაბამისად, 2022 წლის 1 იანვრამდე, კერძოდ, 2021 წლის ოქტომბრის თვეში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის დანაკლისი, 3 000 ლარი დაექვემდებარება ამავე თვეში (ოქტომბერი/2021) დაბეგვრას.

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01