შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N 33543 29.12.2022
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ“ მეთოდური მითითება თანდართული რედაქციით.
- დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრს უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული მეთოდური მითითების შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
- ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა სამსახურის უფროსი
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ მეთოდური მითითება
მუხლი 1. რეგულირების სფერო
- ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს შესახებ” მეთოდური მითითება (შემდგომ - მეთოდური მითითება) განმარტავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს საქმიანობის წესებს, მათ შორის, ნებადართული და აკრძალული საქმიანობის, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ამ სტატუსის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებებსა და უფლებებს.
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს (შემდგომ − თიზ-ის საწარმო) საქმიანობა რეგულირდება შემდეგი სამართლებრივი აქტებით:
ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი (შემდგომ - კოდექსი); ბ) ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) საქართველოს საბაჟო კოდექსი; დ) ,,მომსახურებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის N463 დადგენილება; ე) ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის N131 დადგენილება“; ვ) „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის გადახდილი ხელფასის დაბეგვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N291 დადგენილება; ზ) ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქცია.
მუხლი 2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს ცნება
- „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები.
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. მისი შექმნა შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და იქმნება:
ა) საქართველოს მთავრობის ინიციატივით; ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის – ორგანიზატორის მოთხოვნით.
- თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო შეიძლება იყოს ნებისმიერი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.
- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსში რეგისტრირებული, ისე უცხოური საწარმოები) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.
- თიზ-ის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება.
- ორგანიზატორი ან/და ადმინისტრატორი არ წარმოადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს და რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3. თიზ-ის საწარმოს მოგების გადასახადი
- კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად:
ა) თიზ-ის საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია: ა.ა) განაწილებული მოგება; ა.ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის; ა.გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა; ა.დ) კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი. ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოს, რომელიც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებს ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით.
- კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით.
მაგალითი 1: არარეზიდენტი საწარმო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოსათვის ნებადართულ საქმიანობას (პარფიუმერული ნაწარმის წარმოებას) ახორციელებს ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. არარეზიდენტი საწარმოს მუდმივმა დაწესებულებამ მისი საქმიანობიდან მიღებული მოგება ფულადი სახით გადაურიცხა არარეზიდენტ საწარმოს. შეფასება: კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს განაწილებული მოგება. კოდექსის 981 მუხლის მე-3 ნაწილით, არარეზიდენტი საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის განაწილებულ მოგებად ითვლება ამ მუდმივი დაწესებულების საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან არარეზიდენტი საწარმოსათვის ფულადი ან არაფულადი ფორმით განხორციელებული განაცემი (არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანა). ამავე ნაწილის შესაბამისად, მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ დამოუკიდებელ საწარმოს. კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით. მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათის გავრცელების მიზნებისთვის, არსებითია, რომ თიზ-ის საწარმო ნებადართულ საქმიანობას ახორციელებდეს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და ახდენდეს იმ მოგების განაწილებას, რომელიც მიღებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან, შესაბამისად, თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიული ზონის გარეთ საქმიანობაზე ვერ გავრცელდება დადგენილი შეღავათი. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმის გათვალისწინებით, რომ არარეზიდენტი საწარმო მუდმივი დაწესებულების მეშვეობით თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახორციელებს თიზ-ის საწარმოსათვის ნებადართულ საქმიანობას, არარეზიდენტი საწარმოს მიერ მისი მუდმივი დაწესებულებისთვის მიკუთვნებული მოგების გატანაზე გავრცელდება კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადში დადგენილი შეღავათი.
- კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის (გარდა საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისა) გასაწევი მომსახურების სახეები, რომელიც გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ჩაითვლება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში განხორციელებულ ნებადართულ საქმიანობად.
მაგალითი 2: თიზ-ის საწარმომ სარეკლამო მომსახურება გაუწია არარეზიდენტ საწარმოს და აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული მოგება დივიდენდის სახით გაანაწილა დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე. შეფასება: კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება. კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შეღავათი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მომსახურებაზე, რომელიც განსაზღვრული იქნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ არის განსაზღვრული თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის გასაწევი მომსახურების სახეების და შესაბამისად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, თიზ-ის საწარმოს მიერ არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევა არ უნდა იქნეს განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი.
- საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის.
- საქართველოს საბაჟო კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილით დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისა.
მაგალითი 3: თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასაწყობებს შეძენილ საქონელს თიზ-ის ტერიტორიაზე და შემდეგ ახორციელებს აღნიშნული საქონლის რეალიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეფასება: იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით თავისუფალ ზონაში ნებადართულად შესაძლებელია მიჩნეულ იქნას მაგალითად, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ნებადართული საქონლის შეტანა, შენახვა და ამავე საქონლის გატანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან, მათ შორის, რაიმე სახის გადამუშავების ან საწარმოო პროცესის გავლის გარეშე, შესაბამისად, თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის შეტანა, შენახვა და ამავე საქონლის გატანა ზონიდან, განხილულ იქნება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე გავრცელდება მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი.
მაგალითი 4: თიზ-ის საწარმო ახორციელებს საქონლის შეძენას საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემდგომ მის რეალიზაციას ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ისე, რომ საქონელი არ ექცევა თავისუფალი ზონის პროცედურაში. შეფასება: კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება. თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევის გარეშე უცხოური საქონლის შეძენა და მიწოდება საგადასახადო შეღავათის მიზნებისთვის, მითითებული მუხლიდან გამომდინარე, არ მიიჩნევა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. განსახილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ თიზ-ის საწარმო არ ახორციელებს თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონლის მოქცევას, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანას და ამავე საქონლის გატანას ზონიდან, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა ვერ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად და ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე ვერ გავრცელდება მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი.
- თიზ-ის საწარმო მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოში წარადგენს ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბერის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის NII-086 დანართის მიხედვით.
- მოგების გადასახადში კოდექსის 99-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული მოგების განაწილება/გაწეული ხარჯი/განხორცილებული განაცემი მიეთითება დეკლარაციის 22-ე სტრიქონში.
მუხლი 4. აკრძალვები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსთვის
- ,,თავისუფალი ინდუსტრული ზონების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.
- კოდექსის 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:
ა) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა: ა.ა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა; ა.ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა; ა.გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.
- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 ოქტომბრის N463 დადგენილებით დამტკიცებულ მომსახურებებს, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსი) არ ეკრძალება თიზ-ის საწარმოს, წარმოადგენს:
ა) ავტოტექნიკური მომსახურება; ბ) სწრაფი კვების მომსახურება; გ) საფოსტო მომსახურება; დ) სამედიცინო მომსახურება; ე) სარეკლამო მომსახურება; ვ) ლაბორატორიული მომსახურება; ზ) საპროექტო, დიზაინერული მომსახურება; თ) საექსპედიტორო მომსახურება; ი) სახანძრო მომსახურება; კ) ექსპერტიზის მომსახურება; ლ) დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება; მ)ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება; ნ)ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება; ო) სალიზინგო მომსახურება; პ) ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.
- თიზ-ის საწარმოს მიერ საქმიანობის წესის დარღვევა წარმოადგენს მოგების გადასახადში შეღავათის დაკარგვის საფუძველს. კერძოდ, თიზ-ის საწარმოს მიერ ისეთი საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილებაზე, რომელიც არ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, ასევე ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეულ ხარჯებზე/განხორციელებულ განაცემებზე არ გავრცელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი.
მუხლი 5. თიზ-ის საწარმოს მიერ საქონლის მიწოდება და საქონლის შეძენა
- კოდექსის 25-ე მუხლის მე-2- მე-4 ნაწილების შესაბამისად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის) 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
- საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
- საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება ამ საქონლის საბაზრო ფასი.
- კოდექსის 25-ე მუხლით დადგენილი 4%-იანი დაბეგვრის რეჟიმის არსებობის პირობებში თიზ-ის საწარმოს არ ეკრძალება საქონლის შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან, ასევე, საქონლის მიწოდება საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის.
- თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან საქონლის შეძენისას თიზ-ის საწარმოს აქვს მის მიერ შეძენილი საქონლის საბაზრო ღირებულების დაბეგვრის ვალდებულება, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის საქონლის მიწოდებისას დაბეგვრის მიზნებისთვის გაითვალისწინება საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავალი, საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასი.
მაგალითი 5: თიზ-ის საწარმომ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირისაგან, რომელიც არ წარმოადგენს თიზ-ის საწარმოს, შეიძინა საქონელი. შეფასება: კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის 4 პროცენტი არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებლობის პირდაპირ მოთხოვნას წარმოადგენს თიზ-ის საწარმომ დაბეგროს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ მისთვის მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება. ამასთან, კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თიზ-ის საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ მისთვის მიწოდებულ საქონელზე საბაზრო ფასის გამოყენება 4%-იანი გადასახადის მიზნებისთვის წარმოადგენს კოდექსით დადგენილ ვალდებულებას და არა უფლებას. გადასახადი განსაზღვრულ უნდა იქნას საქონლის საბაზრო ფასიდან. ამასთან, თიზ-ის საწარმო ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს მის მიერ განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე გადასახადის გაანგარიშება ინსტრუქციის NII-091 დანართის ფორმით, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6. თიზ-ის საწარმოდან მიღებული შემოსავლების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
- ცალკეულ შემთხვევებში თიზ-ის საწარმოდან მიღებული შემოსავლები ექვემდებარება შემოსავლის მიმღები პირის მიერ დაბეგვრას, ხოლო რიგ შემთხვევებში ასეთი შემოსავლები არც შემოსავლის მიმღები პირის მიერ არ იბეგრება. კერძოდ:
ა) კოდექსის 130-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ დივიდენდის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება;
მაგალითი 6: პირობები იგივეა რაც მე-3 მუხლის მე-4 მაგალითში. შეფასება: იმის გათვალისწინებით, რომ თიზ-ის საწარმოს მიერ განხორციელებული საქმიანობა ვერ იქნება განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად, ასეთი საქმიანობიდან მიღებული მოგებიდან გადახდილი დივიდენდი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესით. ბ) კოდექსის 131-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თიზ-ის საწარმოდან მიღებული პროცენტი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და ამ პროცენტის მიმღები პირის მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.
- კოდექსის 154-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თიზ-ის საწარმოს საქართველოს რეზიდენტი დაქირავებულისათვის ხელფასის გადახდისას არ ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N291 დადგენილებით რეგულირდება თიზ-ის საწარმოს მიერ დაქირავებული საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესი. ხოლო თიზ-ის საწარმოს მიერ დაქირავებული საქართველოს არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის ხელფასის სახით განაცემის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
- თიზ-ის საწარმოში საქართველოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე (ხელფასზე) საშემოსავლო გადასახადის გადახდა ევალება დაქირავებულს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთანავე, იგი ვალდებულია, ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ინსტრუქციის N II-04 დანართის ფორმით.
- თიზ-ის საწარმოს შეუძლია, დაქირავებულის თანხმობით, დადგენილი წესით ნებაყოფლობით შეასრულოს გადასახადის გამოანგარიშების, დაკავებისა და ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებები. მან საგადასახადო აგენტის ფუნქციების დაკისრების შესახებ წინდაწინ უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, ამ ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის მის მიმართ არ გამოიყენება კოდექსის XL თავით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები, მათ შორის, საგადასახადო სანქციები.
ასეთ შემთხვევაში, საგადასახადო პასუხისმგებლობის სუბიექტად ითვლება დაქირავებული, რომლის მაგივრადაც თიზ-ის საწარმომ შეასრულა საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება.
მაგალითი 7: თიზ-ის საწარმომ გასცა ხელფასი საწარმოში დაქირავებით მომუშავე როგორც საქართველოს რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე. შეფასება: კოდექსის 154-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 ივნისის N291 დადგენილების შესაბამისად: ა) თიზ-ის საწარმო ვალდებულია საწარმოში დაქირავებით მომუშავე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემულ ხელფასთან მიმართებით შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია - გადახდის წყაროსთან დააკავოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შესაბამისი გადასახადი და არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის NII-06 დანართის ფორმით; ბ) თიზ-ის საწარმოში დაქირავებით მომუშავე რეზიდენტი ფიზიკური პირი ვალდებულია თიზ-ის საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებულ შემოსავალთან (ხელფასთან) მიმართებაში თავად შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება - გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ინსტრუქციის N II-04 დანართის ფორმით.
მაგალითი 8: არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა მომსახურება გაუწია თიზ-ის საწარმოს. არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს. შეფასება: კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კოდექსის 104-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა განაკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებს. ამასთან, კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში თიზ-ის საწარმოს ევალება შეასრულოს საგადასახადო აგენტის ფუნქცია - გადახდის წყაროსთან დააკავოს და ბიუჯეტში გადარიცხოს შესაბამისი გადასახადი და არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დეკლარაცია განხორციელებული განაცემების დაბეგვრასთან დაკავშირებით ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის N II-06 დანართის ფორმით.
მუხლი 7. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ქონების გადასახადი
- კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება.
- საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უძრავ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გადაცემული უძრავი ქონება გამოიყენება უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობაში ან/და უმაღლეს საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გასაწევად.
- კოდექსის მე-200 მუხლის მიხედვით, ქონებას მიეკუთვნება დასაბეგრი ქონება და მიწა.
მაგალითი 9: ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულმა საწარმომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შერჩეულ 2000 მ2 მიწის ნაკვეთზე ააშენა და წარმოებაში გაუშვა ავტომანქანების მექანიკური კომპონენტების საწარმო, რომლის შემადგენლობაშია საამქრო, საწყობი, ოფისი და სასადილო. შეფასება: თიზ-ის საწარმო ქონების გადასახადში ისარგებლებს შეღავათით, კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მაგალითი 10: ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორმა ქუთაისის თიზისათვის განკუთვნილ 230 000 კვ.მ ტერიტორიაზე ააშენა შენობა-ნაგებობები და აღჭურვა შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებით. შეფასება: თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი ქონების გადასახადში (დასაბეგრი ქონება და მიწა) ისარგებლებს შეღავათით, კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მაგალითი 11: ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორმა თიზ-ის საწარმოს იჯარით გადასცა ამ ინდუსტრიულ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობა მასზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთთან ერთად. შეფასება: ორგანიზატორი აღნიშნულ ქონებაზე და მიწის ნაკვეთზე ვერ ისარგებლებს შეღავათით ქონების გადასახადში, კოსექსის 206-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.