დანართი №09 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459
საქონლის მიწოდება
შესავალი
საქონლის მიწოდების ცნება, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილული ცალკეული ოპერაციები, და ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით.
მაგალითი 1. (ბონუსების დაბეგვრა) პირობა შეთანხმების თანახმად მიმწოდებელი დასაბეგრი პირი „A“ (საბითუმო მიმწოდებელი) მიწოდებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ პროდუქციაზე მყიდველ ასევე დასაბეგრ პირ „B“-ს (დისტრიბუტორი) სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას, თუ B-ს მხრიდან ამ პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მაჩვენებელი მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას, ან თუ B-ს მხრიდან განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები (მაგ. A-ს პროდუქციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება და ა.შ.) A-ს პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით.
A-ს მიერ B-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 118’000 ლარზე, ხოლო თუ B - დააკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასდაკლების პირობებს:
ფასდაკლებულ თანხას 23’600 ლარს A „ბონუსის სახით“ ურიცხავს B-ს ანგარიშზე, ან აღნიშნული თანხით იმცირებს მოთხოვნას B-ს მიმართ;
ვარიანტი I: A - ს მიერ ფასდაკლებულ თანხასთან მიმართებაში გამოიწერება კორექტირების ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ბონუსის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში 20’000 ლარით შემცირებულია დასაბეგრი ოპერაციის თანხა, შესაბამისად B-სთვის 3’600 ლარით - ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.
ვარიანტი II: მხარეების მიერ B-ს აქტივობები - პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით დაკვალიფიცირებულია მომსახურების გაწევად A-ს მიმართ და ბონუსის თანხის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანაგრიშო პერიოდში/პერიოდებში B-ს მიერ A-ს მიმართ გამოწერილია მომსახურების გაწევის დამადასტურებლად ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე დასაბეგრი ოპერაციის თანხა შეადგენს 20’000 ლარს, ხოლო დარიცხული დღგ-ის თანხა 3’600 ლარს.
შეფასება
სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.
სსკ-ის 1601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირზე ანაზღაურების სანაცვლოდ რეალიზაციის მიზნით საქონლის გადაცემა, მიუხედავად იმისა ამ პირზე გადადის თუ არა ამ საქონლის საკუთრების უფლება, განიხილება საქონლის მიწოდებად და არა საქონლის მიმღების მიერ მიმწოდებლისთვის მომსახურების გაწევად, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, B-ს მიერ მიღებული საქონლის რეალიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს A-ს მიერ B-სთვის საქონლის მიწოდების ოპერაციის შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად თუ ამ ქმედებისათვის A ანაზღაურებს თანხას, ან იმცირებს მოთხოვნას, აღნიშნული წარმოადგენს ანაზღაურების შემცირებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
პირველ ვარიანტში მხარეების ქმედება მართლზომიერია;
მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%- ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება.
მაგალითი 2. (მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები). შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №31922
ფაქტობრივი გარემოება
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა სამშენებლო კომპანიამ „A“ საწარმოსთან (მყიდველთან) გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე. საცხოვრებელი ბინა „A“ საწარმოს უნდა ჩააბაროს ექსპლუატაციაში შესვლის მდგომარეობაში, რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 118 000 ლარია.
2022 წლის 8 თებერვალს მშენებარე საცხოვრებელ ბინაზე „A“ საწარმოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა მარეგისტრირებულ ორგანოში.
„A“ საწარმოს მიერ, საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) ღირებულების ნაწილი 70 800 ლარი ავანსის სახით (ღირებულების 60%), ანაზღაურებულ იქნა იმავე (თებერვლის) თვეში. დარჩენილი ნაწილის (47 200 ლარის) გადახდა უნდა განხორციელდეს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.2023 წლის სექტემბრის თვეში საცხოვრებელი ბინა (მშენებარე) „A“ საწარმოს მიერ გაიყიდა „B“ საწარმოზე 147 500 ლარად, მ.შ დღგ-22 500 ლარი. ამასთან, სამშენებლო კომპანიისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის - 47 200 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა „B“ საწარმოს. შესაბამისად, „A“ საწარმომ „B“ საწარმოსაგან მიიღო 100 300 ლარი (147 500 ლარი – 47 200 ლარი). საცხოვრებელ ბინაზე (მშენებარე) საწარმოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა მარეგისტრირებულ ორგანოში.
2023 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ბინა შევიდა ექსპლუატაციაში და შეთანხმებისამებრ „B“ საწარმოს მიერ დაიფარა „A“ საწარმოს სამშენებლო კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულების დარჩენილი თანხა - 47 200 ლარი.
მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები: საქართველოს საგადასახადო კოდექსის:
- 160-ე მუხლის:
პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.
-163-ე მუხლის: პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.
შეფასება:
2022 წლის თებერვალში - სამშენებლო კომპანიის მიერ საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) საკუთრების უფლების გადაცემის (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) საანგარიშო პერიოდში:
- სამშენებლო კომპანიის მიერ დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) ღირებულების ანაზღაურებული ნაწილი - 60 000 ლარი (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, აღნიშნულ მიწოდებაზე მას უფლება აქვს გამოწეროს ავანსის საფ-ი დღგ-ის თანხით - 10 800 ლარი.
- „A“ საწარმოს უფლება აქვს დადგენილი წესით ჩაითვალოს სამშენებლო კომპანიის მიერ გამოწერილი ავანსის საფ-ით კუთვნილი დღგ - 10 800 ლარი. 2023 წლის სექტემბერში - „B“ საწარმოსათვის საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) საკუთრების უფლების გადაცემის (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) საანგარიშო პერიოდში:
- „A“ საწარმოს მიერ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება „B“ საწარმოსათვის საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) მიწოდების თანხა (დღგ-ის გარეშე) 125 000 ლარი, შესაბამისად აღნიშნულ მიწოდებაზე მას უფლება აქვს გამოწეროს საფ-ი დღგ-ის თანხით - 22 500 ლარი (125 000 ლარის
18%).
- B“ საწარმოს უფლება აქვს დადგენილი წესით ჩაითვალოს აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი საფ-ით კუთვნილი დღგ - 22 500 ლარი.
2023 წლის დეკემბერში - საცხოვრებელი ბინის ექსპლუატაციაში შესვლის საანგარიშო პერიოდში:
- სამშენებლო კომპანიის მიერ „A“ საწარმოსთან მიმართებით გამოწერილი იქნება მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 118 000 ლარზე დღგ-ის ჩათვლით, რომლის განაშთვაც მოხდება თებერვლის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით.
- „A“ საწარმოს უფლება აქვს სამშენებლო კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურის საფუძველზე დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ - 7 200 ლარი (18 000 ლარი – 10 800 ლარი).
მაგალითი №3 (საგარანტიო ვალდებულება) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 12 თებერვლის ბრძანება №2681
პირობა:
დასაბეგრი პირი A წარმოადგენს დასაბეგრი პირი B-ს მიერ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის საცალო მიმწოდებელს საქართველოს ტერიტორიაზე. მათ შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებელი - დასაბეგრი პირი B-ს გარანტია.
A-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დასაბეგრ პირ C-სთან კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებაზე, იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩნდება წუნი.
A-ს მიერ მომხმარებელზე მიწოდებულია პერსონალური კომპიუტერი 5900 ლარად, რომელსაც აღმოაჩნდა წუნი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გავრცელდა გარანტიის პირობები და კომპიუტერი დაექვემდებარა:
ვარიანტი I: შეკეთებას, რომელიც განახორციელა C-მ 1180 ლარად (შეიცვალა დედაპლატა);
ვარიანტი II: ახალი კომპიუტერით ჩანაცვლებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
ორივე ვარიანტში გარანტიის ფარგლებში გაწეული ხარჯები აანაზღაურა მწარმოებელმა - B-მ.
შეფასება:
A-ს მიერ მომხმარებელზე პერსონალური კომპიუტერის მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით (დღგ-900 ლარი);
პირველ ვარიანტში C-ს მიერ A-ზე გაწეულია კომპიუტერის შეკეთების მომსახურება, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (დღგ - 180 ლარი). A უფლებამოსილია განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა 180 ლარის ოდენობით.
მეორე ვარიანტში მომხმარებელზე რეალიზებული წუნდებული კომპიუტერის ახალი კომპიუტერით ჩანაცვლება არ წარმოადგენს დამატებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან აღნიშნული მიწოდება გამომდინარეობს საგარანტიო ვალდებულებიდან და მისი ღირებულება ასახულია მომხმარებელზე წუნდებული კომპიუტერის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში.
ნაწილი 02. საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974
შესავალი
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის
1.1. 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით, განიხილება საქონლის მიწოდების ოპერაციად. მოცემულ შემთხვევაში, თუ ადგილი არ აქვს თანხის სრულად ან ნაწილობრივ წინდაწინ ანაზღაურებას, აღნიშნული ოპერაცია, სსკ-ის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით იბეგრება საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, ამ საქონლის ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით, გარდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხისა.
შენიშვნა: „იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულება გამოსყიდვის პირობით“ გულისხმობს, რომ მოვლენათა ნორმალური განვითარების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მიმღებზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისიწნებული გადასახდელების სრული გადახდის, ან დამატებით ამ საქონლის ნარჩენი ღირებულების (რომელიც როგორც წესი ატარებს უმნიშვნელო/სიმბოლურ ხასიათს) გადახდის შემთხვევაში;
გამოსყიდვის პირობად ასევე განიხილება:
თუ იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დამოკიდებულია მოიჯარის ნებაზე ან/და მის მიერ დამატებით პირობის შესრულებაზე და ამ უფლების გამოყენება მოიჯარისთვის წარმოადგენს ეკონომიკური თვალსაზრისით ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებას;
თუ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული საქონლის საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი და ეკონომიკური სარგებელი გადაცემულია საქონლის მიმღებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახდელების მიმდინარე ღირებულება პრაქტიკულად იდენტურია გადაცემის მომენტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ფასის.
1.2. 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;
ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.
ამდენად, თუ სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად ან სხვა მიზეზით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლება მიმღებს არ გადაეცემა (საქონელი უბრუნდება მიმწოდებელს), სახეზე იქნება საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოება, რა დროსაც, განსახილველი ოპერაცია დაკვალიფირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების დრო იქნება კორექტირების გარემოების დადგომის (ხელშეკრულების შეწყვეტის) მომენტი.
- გამოყენებული ტერმინები:
წინამდებარე დანართში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თებერვლის №18/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესითა“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, კერძოდ:
ა) ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, ამავე კოდექსის 576-ე - 5808 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების დაცვით;
ბ) ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი - არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ლიზინგის გამცემის მიერ და წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების, შენარჩუნების, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადაცემასთან ან ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ხოლო ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის გარეშე თავად განახორციელებდა ლიზინგის საგნის შეძენას ან/და რომელთა გადახდაც მოსალოდნელია ლიზინგის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
გ) სალიზინგო საზღაური არის ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს.
დ) ლიზინგის რესტრუქტურიზაცია არის ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით;
ე) ლიზინგის დაფინანსების თანხა არის ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე;
- ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არის ლიზინგის მიმღების მიერ გამცემისათვის ან გამცემის სახელით მოქმედი სხვა პირისათვის გადახდილი ან გადასახდელი ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების ჯამი;
მაგალითი №01 (უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974 პირობა: ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0)
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).
მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით, მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 + 15 000)=100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (აღნიშნული ხარჯები მოიცავს: პროცენტს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დაზღვევას - 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადაფორმების ხარჯს - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვა მნიშვნელოვან გადასახდელებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად - ჯამში 7 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი).
შეფასება:
მოცემულ მაგალითში, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ამწეს შესყიდვის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯი, ანუ ის თანხა რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებს მოუწევდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე თავად განახორციელებდა აღნიშნული ამწის შეძენას.
კერძოდ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და და 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის (100 000 x 3,1) = 310 000 ლარი, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - ანუ 62 000 ლარი, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, რადგან წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.
მაგალითი №02 (უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974 პირობა: ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენდა 3.0).
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
ამავე ხელშეკრულების თანახმად, მომხმარებელმა ამავე წლის 1 მარტს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) A-ს ავანსის სახით ჩაურიცხა ლიზინგის საგნის შესყიდვის ღირებულების ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).
მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 +15 000 ) = 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები - 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
შეფასება:
მოცემულ მაგალითში A ვალდებულია მიღებული ავანსი, მარტის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება ოპერაციის (ავანსის გადახდის) დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად, კერძოდ დასაბეგრი თანხა იქნება (50 000 x 3.2)/1.18 = 135 593 ლარი, ხოლო ივნისის საანგარიშო პერიოდში A, ასევე ვალდებულია ლიზინგის საგნის მომხმარებელზე ფაქტობრივი გადაცემა დაბეგროს დღგ-ით, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს (68 000x3.1)/1,18=178 644 ლარი.
მაგალითი №03 (ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974
პირობა: ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის პირველ იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთნ დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0)
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.
აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1). იმ მომენტში, როდესაც მყიდველს გადახდილი ჰქონდა თანხა 55 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (მათ შორის, დღგ-ით დასაბეგრი თანხა 40’000$+დღგ-7’200$, ხოლო სარგებელი - 8’000$), ვეღარ შეძლო დარჩენილი ნაწილის გადახდა.
ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადახდილი თანხების გრაფიკი:
გადახდის თარიღი აქტივის ღირებულება (ძირი) სალიზინგო სარგებელი ვალუტის გაცვლითი კურსი აქტოვის ღირებულება გადახდის დღისათვის არსებული კურსით 01.06.2022 23’600 4’000 3.1 73’160 01.01.2023 23’600 4’000 2.9 68’440 ჯამი: 47’200 8’000
141’600
ზემოაღნიშნული საფუძვლით 2023 წლის 1 სექტემბერს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) სალიზინგო კომპანიამ შეწყვიტა კონტრაქტი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქტივი უკან დაიბრუნა 2023 წლის 1 ოქტომბერს.
შეფასება:
მოცემულ მაგალითში ადგილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას (ოპერაციამ შეიცვალა სახე), შესაბამისად კორექტირების გარემოების დადგომის მომენტში (ხელშეკრულების შეწყვეტისას) საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად (საქონლის დროებით სარგებლობაში გადაცემა), ხოლო მიღებული ანაზღაურება (სალიზინგო სარგებლის გამოკლებით) - მომსახურების გაწევიდან მიღებულ შემოსავლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში A ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა 190 000 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 310 000 ლარსა და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 120 000 ლარს შორის (მიღებული 47 200$-ის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ვალუტის გაცვლითი კურსების შესაბამისად. (23’600x3.1 + 23’600x2.9)/1.18)).
მაგალითი №04 (გამოსყიდვის პირობა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974 პირობა: მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს ამ ავტომობილის შესყიდვის უფლებას მიმღების მიერ.
ხელშეკრულება დადებულია 6 წლის ვადით, რომლის განმავლობაშიც მიმღები ვალდებულია ლიზინგის საზღაურის სახით წინდაწინ განსაზღვრული გრაფიკით დაფაროს ჯამში 200’000 ლარი, საიდანაც ლიზინგის დაფინანსების თანხა შეადგენს 177’000 ლარს, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 23’000 ლარს.
სატვირთოს გადაცემის მომენტში აღნიშნული/მსგავსი სატვირთო ავტომობილის საბაზრო ფასი არსებითად არ განსხვავდება ლიზინგის დაფინანსების ჯამური თანხისაგან.
2028 წლის 1 თებერვალს - ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე სატვირთო ავტომობილი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა და ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული გადასახდელები სალიზინგო სარგებლის გარეშე არსებითად უთანაბრდება ლიზინგით გაცემული ნივთის ეკონომიკური მომსახურების ვადას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ღირებულებას გადაცემის მომენტში, სახეზეა სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ოპერაცია, რა დროსაც: 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ლიზინგის გამცემის მიერ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ლიზინგის დაფინანსების თანხა დღგ-ის გარეშე 150’000 ლარი, ხოლო
2028 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდების ოპერაცია ფორმალურად დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად და გამომდინარე იქედან, რომ საქონლის უკან დაბრუნებისას დამატებით თანხის ანაზღაურება ან დაბრუნება არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულება არცერთ მხარეს არ წარმოეშვება.
მაგალითი №05 (სადაზღვევო შემთხვევა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №30974 პირობა: მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამოსყიდვის პირობას.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენს 177 000 ლარს, რომელიც უნდა დაიფაროს წინდაწინ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით 5 წლის განმავლობაში.
წელი გადახდის ვადები გადასახდელი თანხები წლიური გადასახდელი
1 2022 01.03 2022 01.06 2022 01.09 2022 01.12 8’850 8’850 8’850 8’850
35’400
2 2023 01.03 2023 01.06 2023 01.09 2023 01.12 8’850 8’850 8’850 8’850
35’400
3 2024 01.03 2024 01.06 2024 01.09 2024 01.12 8’850 8’850 8’850 8’850
35’400
4 2025 01.03 2025 01.06 2025 01.09 2025 01.12 8’850 8’850 8’850 8’850
35’400
5 2026 01.03 2026 01.06 8’850 8’850
35’400
2026 01.09 2026 01.12 8’850 8’850
ჯამი:
177’000
2024 წლის სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომობილი დაზიანდა, რის გამოც დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამ პერიოდისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა (8 850x11)= 97 350 ლარს.
დაზიანებული ავტომობილი შეფასებული იქნა 20 000 ლარად და გადაეცა სადაზღვევო კომპანიას, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე კომპენსაციის სახით მიმწოდებელზე გადახდილ იქნა 80 000 ლარი, მათ შორის დაზიანებული სატვირთოს ანაზღაურების თანხა 20 000 ლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 60 000 ლარი.
შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ადგილი აქვს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას და საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა 67 500 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 150 000 ლარსა (177 000 / 1,18) და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 82 500 ლარს შორის (97 350 / 1,18).
ასევე, მიმწოდებლის მიერ ავტომობილის სადაზღვევო კომპანიისთვის გადაცემის ოპერაცია განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება მიღებული მთლიანი კომპენსაციის თანხიდან გადაცემის მომენტისათვის დაზიანებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე (20000/1,18)=16’950 ლარი. ხოლო დანარჩენი 60 000 ლარი წარმოადგენს ზარალის კომპენსაციას, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება რადგან არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში მიღებულ ანაზღაურებას.
მაგალითი №6 ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 12 იანვრის ბრძანება №207
პირობა:
2022 წლის იანვრის თვეში დადებული ლიზინგის ხელშეკრულებით კომპანია A-მ სატვირთო ავტომობილი ლიზინგით გადასცა დასაბეგრ პირ B-ს.
A-მ საქონლის ლიზინგით გადაცემა სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა დღგ-ით დასაბეგრ საქონლის მიწოდების ოპერაციად.
ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ავტომობილის ღირებულებამ სალიზინგო სარგებლის გარეშე შეადგინა 141’600 ლარი, (მათ შორის დღგ 21’600 ლარი), რაზეც A-მ B-ს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და იანვრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით 120’000 ლარი დაბეგრა დღგ-თ, ხოლო B-მ დადგენილი წესით განახორციელა 21’600 ლარის დღგ-ის ჩათვლა.
2022 წლის სექტემბრის თვეში, მაშინ, როდესაც B-ს სალიზინგო სარგებლის გარეშე გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 35’400 ლარს, A-ს თანხმობით, ლიზინგის ხელშეკრულებაში B-ს ჩაენაცვლა დასაბეგრი პირი X, ისე რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
შეფასება:
გამომდინარე, იქედან, რომ A-სა და B-ს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებაში განხორციელდა მიმღები მხარის ჩანაცვლება, რომლის მიხედვითაც საქონლის მიმწოდებელი დარჩა იგივე (A), ხოლო საქონლის მიმღებს წარმოადგენს X-ი, სსკ-ის 179-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 733 მუხლის თანახმად ადგილი აქვს საქონლის დაბრუნებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას, რა დროსაც კორექტირებას ექვემდებარება B-ს, მიერ A-ს მიმართ ხელშეკრულების ცვლილების მომენტში არსებული დავალიანება (სალიზინგო სარგებლის გარეშე), შესაბამისად A ვალდებულია B-ს გამოუწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 35’400 ლარზე (მათ შორის დღგ 5’400 ლარი), და ამავე თანხის მიხედვით X-ს გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით.