დანართი № 06 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 28 აპრილის ბრძანება №13200
მომსახურების გაწევის ადგილი
შესავალი მომსახურების გაწევის ადგილის მარეგულირებელი წესები, მათ შორის შემთხვევები, როდესაც მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება განსხვავებული წესით მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლში და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის XVI3 თავში.
ნაწილი 01. ზოგადი ნაწილი მაგალითი 1. (მომსახურების გაწევის ადგილი - საშუამავლო მომსახურება /მომსახურების გადაყიდვა B2B)
პირობა:
ავსტრიაში დაფუძნებული დასაბეგრი პირი AU უკვეთავს საქართველოში დაფუძნებულ დასაბეგრ პირ GE-ს ტვირთის გადაზიდვას მარშუტით მალმიო (შვედეთი) -კიშის კუნძულები (ირანი) (ანაზღაურების თანხა - 100’000 აშშ დოლარი).
თავის მხრივ აღნიშნულ გადაზიდვის მომსახურებას GE ავალებს ასევე საქართველოში დაფუძნებულ GE1-ს, რაშიც უნაზღაურებს 90’000 აშშ დოლარს.
ვარიანტი I: GE მოქმედებს თავისი სახელით და AU-ს დავალებით და ისე ახდენს ტვირთის გადაზიდვას;
ვარიანტი II: GE მოქმედებს, როგორც შუამავალი და AU-ს სახელით და დავალებით აფორმებს კონტრაქტს GE1-თან, რაშიც იტოვებს საკომისიო ანაზღაურების სახით 10’000 აშშ დოლარს;
შეფასება:
პირველი ვარიანტის მიხედვით სსკ-ის 1601-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად GE განიხილება გადაზიდვის მომსახურების მიმღებად და ამ მომსახურების გამწევად, შესაბამისად GE1-ის მიერ GE- სთვის გაწეული მომსახურების ადგილს სსკ-ის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად წარმოადგენს (მიმღების ადგილი) საქართველო, ხოლო GE-ს მიერ AU-სთვის გაწეული მომსახურების ადგილს (ასევე მიმღების ადგილი) - ავსტრია მეორე ვარიანტის მიხედვით GE1-ის მიერ AU-სთვის მომსახურების გაწევის ადგილი სსკ-ის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით იქნება ავსტრია, ასევე GE-ს მიერ საშუამავლო მომსახურების გაწევის ადგილი ამავე ნაწილის მიხედვით ავსტრიაა.
ნაწილი 02. საშუამავლო მომსახურების გაწევა არადასაბეგრ პირზე მაგალითი 1. (შუამავლები B2C)
პირობა:
ბათუმში საზაფხულო აგარაკის მფლობელი არადასაბეგრი ფიზიკური პირი შუამავალს საკომისიო ანაზღაურების სანაცვლოდ ავალებს, რომ მან მოიძოს კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მისი პირადი ნივთების გადაზიდვას/ტრანსპორტირებას მის საკუთარ სახლში, რომელიც მდებარეობს:
ვარიანტი I: თბილისში, ან ვარიანტი II: ერევანში.
შენიშვნა: საქართველოს ტერიტორიაზე გასავლელი მანძილი შეადგენს - 400 კმ-ს, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე - 200 კმ.
შეფასება:
პირველ ვარიანტში სსკ-ის 1621 მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილების მიხედვით დაფუძნების ადგილის მიუხედავად, შუამავლის მიერ გაწეული საშუამავლო მომსახურების გაწევის ადგილი არის საქართველო რადგან საქონლის გადაზიდვის/ტრანსპორტირების მომსახურების (ძირითადი ოპერაციის) გაწევის ადგილი არის ადგილი მანძილის პროპორციულად, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა განხორციელებული;
მეორე ვარიანტში ვინაიდან სსკ-ის 1621 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით საქონლის გადაზიდვის/ტრანსპორტირების ძირითადი ოპერაცია იბეგრება საქართველოსა და სომხეთში მანძილის პროპორციულად, საშუამავლო მომსახურების გაწევის ადგილიც სსკ-ის 1621 მუხლის მე- 5 ნაწილის მიხედვით იქნება როგორც საქართველოს ისე სომხეთის ტერიტორიაზე, გადაზიდვის/ტრანსპორტირების მანძილის პროპორციულად. ანუ, საკომისიოს 2/3 ექვემდებარება საქართველოში დაბეგვრას.
ნაწილი 03. უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისის ბრძანება №19593
მაგალითი 1. (დასაწყობების და შენახვის მომსახურება) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისის ბრძანება №19593 პირობა: საქართველოში დაფუძნებულ დასაბეგრ პირს ქალაქ ფოთში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის (საქონლის) დასაწყობების და შენახვის მომსახურებისათვის. აღნიშნულ ფართებში ხორციელდება შემდეგი სახის მომსახურების გაწევა:
- ღია და დახურული სასაწყობე ფართების მეშვეობით დასაბეგრი პირი ახორციელებს ტვირთების შენახვის და მოვლის მომსახურებას, ასევე სხვა დამხმარე მომსახურებას, როგორიცაა დატვირთვა, ჩამოტვირთვა, აწონვა, დაფასოება და ა.შ.;
- საქონლის დასაწყობებისა და შენახვის მიზნით, დასაბეგრი პირი მომხმარებელს გამოუყოფს იზოლირებულ ფართებს, რომლებიც განკუთვნილია ამ მომხმარებლის მიერ ექსკლუზიური გამოყენებისათვის.
შეფასება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მიზნებისათვის, უძრავ ნივთთან დაკავშირებულ მომსახურებად მიიჩნევა საქონლის შენახვის მომსახურება, რომლის დროსაც უძრავი ქონების განსაზღვრული ნაწილი გამოყოფილია მომხმარებლის ექსკლუზიური გამოყენებისათვის. აქედან გამომდინარე:
- პირველ შემთხვევაში, დასაწყობების და შენახვის, ასევე სხვა დამხმარე მომსახურების ნაწილში, მომსახურების გაწევის ადგილი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
1621 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. ამდენად:
თუ მომსახურების მიმღები წარმოადგენს დასაბეგრ პირს, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული. ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი;თუ მომსახურების მიმღები არ არის დასაბეგრი პირი, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების გამწევი (დასაბეგრი პირი) არის დაფუძნებული, კერძოდ - საქართველო.
- იმის გათვალისწინებით, რომ მეორე შემთხვევაში, დასაბეგრი პირის მიერ გაწეული მომსახურება განიხილება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ მომსახურებად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, მომსახურების გაწევის ადგილად ნებისმიერ შემთხვევაში განიხილება უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი - ამ შემთხვევაში, საქართველო.
ნაწილი 04. ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459
მაგალითი 1. (სემინარის ჩატარება) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №35459 პირობა: დასაბეგრი პირი მოწვეული პროფესორის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე ატარებს სამეცნიერო ხასიათის სემინარს, ანაზღაურების სანაცვლოდ, ამ მიზნით შესაბამისი აღჭურვილობის მქონე დარბაზში.
ღონისძიებაზე გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური დასწრება, სადაც შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ დასწრება შეუძლიათ, როგორც დასაბეგრ, ისე არადასაბეგრ პირებს, ისე ინტერნეტის მეშვეობით - ონლაინ.
შეფასება:
ღონისძიებაზე ფიზიკური დასწრების ნაწილში მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება საქართველო, ანუ ადგილი, სადაც ეს ღონისძიება ფაქტობრივად ხორციელდება, მიუხედავად იმისა, მომსახურების მიმღებს წარმოადგენს დასაბეგრი პირი, თუ არა, სსკ-ის 1621 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, ხოლო
ონლაინ გაწეული მომსახურების ნაწილში:
თუ მომსახურების მიმღები არადასაბეგრი პირია, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება, საქართველო ანუ ადგილი, სადაც ეს ღონისძიებები ფაქტობრივად ხორციელდება, სსკ-ის 1621 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ხოლო
თუ მომსახურების მიმღები დასაბეგრი პირია, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მომსახურების მიმღები არის დაფუძნებული, ამასთანავე, თუ მომსახურების გაწევა ხორციელდება მომსახურების მიმღების ფიქსირებული დაწესებულებისთვის, რომელიც არ მდებარეობს იქ, სადაც მომსახურების მიმღებია დაფუძნებული, მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ფიქსირებული დაწესებულების მდებარეობის ადგილი, სსკ-ის 1621 მუხლის მე-3 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად.
შენიშვნა: დასაბეგრ პირზე ონლაინ გაწეულ მომსახურებასთან მიმართებაში სსკ-ის 1621 მუხლის მე-7 ნაწილი არ გამოიყენება, რადგან ადგილი არ აქვს ღონისძიებაზე შესვლის/დაშვების (ფიზიკური დასწრება) უფლების გადაცემას.