- საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.
- დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ითვლება, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.
- საჯარო გადაწყვეტილება (მათ შორის, გადაწყვეტილება საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ) ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
- საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან, მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით. ამ გადაწყვეტილების გამოყენება საგადასახადო ორგანოსთვის სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან.
- საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.
- საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.
- თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.
- თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.
- საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.