- გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
ა) კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას; ბ) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში; გ) საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს; დ) ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით; ე) დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა; ვ) მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ; ზ) მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება; თ) დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა; ი) კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება; კ) არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა; ლ) კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
- გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა.
- გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.