ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 259. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი

კარი XII · თავი XXXVII

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
  2. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.
  3. საკონტროლო-სალარო აპარატის სახელმწიფო რეესტრის წარმოების, საკონტროლო-სალარო აპარატის ექსპლუატაციის, საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის, ავტოგასამართ სადგურებში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების დალუქვის და ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოების წესებს, აგრეთვე სალაროს ჩეკში შესატან აუცილებელ რეკვიზიტებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
  4. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება:

ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას, – საქმიანობის ამ ნაწილში; გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ცალკეული საქმიანობის განმახორციელებელი ან ცალკეული მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქმიანობის განმახორციელებელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა; გ¹) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი − ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 95³  მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ნაწილში; დ) ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრაციის ვალდებულება; ე) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; ე¹) პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი; ვ) პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით, – საქმიანობის ამ ნაწილში; ზ) მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში; თ) პირი – ამ კოდექსის 99-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში; ი) საბანკო დაწესებულება, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ი¹) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მისი აგენტი – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში; კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირები – საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6312 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6547 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

← მუხლი 258 · მუხლი 260 →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01