- საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება:
ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან; ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად) 1¹ . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
- თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 1¹ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი № 5144 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ.