ელიტ აუდიტი
მთავარი › ნორმატიული ბაზა › კოდექსის მუხლები

მუხლი 181. დღგ-ის თანხის დაბრუნება

კარი VI · თავი XXVI

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი · კონსოლიდირებული ვერსია (10/06/2026 - 25/06/2026)
  1. დასაბეგრ პირს წარმოეშობა დღგ-ის თანხის დაბრუნების უფლება, თუ საანგარიშო პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელი თანხა დღგ-ის დასარიცხ თანხას აღემატება.
  2. გრანტის მიმღებ პირს, რომელმაც გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა საქონელი ან/და მომსახურება, უფლება აქვს ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისთვის/მომსახურებისთვის გადახდილი დღგ, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დღგ-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
  3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება, თუ გრანტის მიმღებმა პირმა შესაბამისი დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს წარუდგინა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
  4. ამ მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება ამ კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით.
  5. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შეძენილი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას უფლება აქვს, დაიბრუნოს ამ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა.
  6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ის თანხის დაბრუნება ხორციელდება:

ა) საქონლის უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილი სპეციალური ქვითრის საფუძველზე; ბ) თუ საქართველოს ტერიტორიიდან საქონლის გატანა ხდება მისი შეძენიდან 3 თვის განმავლობაში და შეძენილი საქონლის ღირებულება ერთი ქვითრის მიხედვით აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე).

  1. დღგ-ის თანხის დაბრუნების წესს, კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონლის უფლებამოსილი გამყიდველი, აგრეთვე იმ საქონლის ნუსხას, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილები, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

← მუხლი 180 · მუხლი 181¹ →

გჭირდებათ ამ ნორმის გამოყენება კონკრეტულ ოპერაციაზე? ელიტ აუდიტი საგადასახადო, საბუღალტრო და აუდიტორულ მომსახურებას უწევს კომპანიებს. 📞 598 21 27 01