- დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
- დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
- დასაბეგრი პირი, რომელიც საქართველოში აწარმოებს აქციზურ საქონელს, ვალდებულია აქციზური საქონლის მიწოდებამდე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
- რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირი, თუ რეორგანიზაციის რომელიმე მხარე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირია, ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ რეორგანიზაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პარტნიორისგან/წევრისგან შენატანის სახით საქონლის/მომსახურების მიღების შემთხვევაში საწარმო/ამხანაგობა ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, მაგრამ შენატანის განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
- პირს შეუძლია დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში იგი დღგ-ის გადამხდელად განიხილება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის გათვალისწინებული ვადისა.
- ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციები, გარდა:
ა) ამ კოდექსის შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ფინანსურ ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციებისა, თუ მათი განხორციელება დასაბეგრი პირის ძირითადი საქმიანობაა; ბ) საქონლის ექსპორტის ოპერაციებისა; გ) ამ კოდექსის 172-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციებისა. 7¹. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების განსაზღვრისას ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ გაითვალისწინება.
- რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირის, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინება რეორგანიზაციის მხარეების დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, ამ მუხლით დადგენილი წესით.
- ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მოთხოვნების მიუხედავად, დასაბეგრ პირს, რომელსაც აქვს ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში, დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით) და იგი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს ამ ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა.
- დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.