- ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საწარმოდ ითვლება, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
- ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.
- ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.
- ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.
- ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
- ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.
- ამხანაგობის ზარალი, რომელიც მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.
- ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.
- ამ მუხლის მე-2 და მე-5−მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
- ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება.
საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.