დანართი №1
სსიპ – შემოსავლების სამსახური
მეთოდური მითითება
„საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“
თბილისი 2025 წელი სარჩევი
თავი I. ზოგადი დებულებები 3 მუხლი 1. რეგულირების სფერო 3 მუხლი 2. მიზანი 3 მუხლი 3. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი 3 თავი II. მეთოდური მითითების გამოყენების ძირითადი პრინციპები 3 მუხლი 4. გადასახადებისა და ჯარიმის 50 პროცენტის გადახდა 3 მუხლი 5. საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარება 5 მუხლი 6. სპეციალური შეზღუდვები და დაშვებები 5 თავი III. განცხადების მიღება და განხილვა 8 მუხლი 7. განცხადების მიღება 8 მუხლი 8. განცხადების განხილვა 8 თავი IV. შედეგების გაფორმება 10 მუხლი 9. დასკვნა 10 მუხლი 10. ბრძანება 11 მუხლი 11. შედეგების ასახვა 11 დანართი №1 ...................................................................................................................................................12
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო საქართველოს საგადასახადო კოდექსის (შემდგომში – საგადასახადო კოდექსი) 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ წინამდებარე მეთოდური მითითება (შემდგომში – მეთოდური მითითება), საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, არეგულირებს საგადასახადო შემოწმების შედეგად (მათ შორის შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტით) დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების წესს.
მუხლი 2. მიზანი მეთოდური მითითების მიზანია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების წესისა და აღნიშნულის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის მიმართ განსახორციელებელი პროცედურების ერთიანი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.
მუხლი 3. გამოყენების ვალდებულება და კონტროლი მეთოდური მითითების გამოყენება სავალდებულოა სსიპ – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის (შემდგომში – აუდიტის დეპარტამენტი) აუდიტორისათვის (შემდგომში – აუდიტორი).
- მეთოდური მითითებით ხელმძღვანელობა შეუძლია გადასახადის გადამხდელს, რომელსაც სურს, ისარგებლოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების მიზნით.
- ამ მეთოდური მითითებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვაზე კონტროლს უზრუნველყოფს აუდიტის დეპარტამენტის შესაბამისი საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი სამმართველოს უფროსი / მოადგილე.
თავი II. მეთოდური მითითების გამოყენების ძირითადი პრინციპები მუხლი 4. გადასახადებისა და ჯარიმის 50 პროცენტის გადახდა
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიზნებისთვის „გადახდა“ გულისხმობს საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების ტოლფასი თანხისა და ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ბიუჯეტში სრულად გადახდას, რა დროსაც მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე/გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება/ზედმეტობა (მაგალითები №1, №2).
- საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების ტოლფასი თანხისა და ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ბიუჯეტში სრულად გადახდა ფაქტობრივად უნდა განხორციელდეს შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (მაგალითი №3).
მაგალითი №1 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ამავე თარიღში გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხებია: ძირითადი გადასახადი – 20 000 ლარი, ჯარიმა –10 000 ლარი, საურავი – 5 000 ლარი. გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 10 ოქტომბერს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) ჩარიცხა 25 000 ლარი (ძირითადი გადასახადი – სრულად და ჯარიმა – 50%).
შეფასება და შედეგი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდეგ ბიუჯეტში გადაიხადოს შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადები სრულად, აგრეთვე, ჯარიმების თანხების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა, რა დროსაც, მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე/გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე არსებული მდგომარეობა. ამდენად, მოცემული პირობებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელმა დააკმაყოფილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული თანხების გადახდის პირობა.
მაგალითი №2 ფაქტობრივი გარემოება ფაქტობრივი გარემოება იგივეა, რაც პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღეს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, დავალიანების ნაცვლად, ფიქსირდება ზედმეტობა 50 000 ლარის ოდენობით, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მოითხოვა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების მიმართ გპაბ-ზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გათვალისწინება.
შეფასება და შედეგი მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხების ბიუჯეტში გადახდის პირობა დაკმაყოფილებული, ვინაიდან (მიუხედავად იმისა, რომ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ფიქსირდება ზედმეტობა), მიიჩნევა, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობა, თანხების ბიუჯეტში გადახდის თაობაზე, არ არის შესრულებული. მაგალითი №3 ფაქტობრივი გარემოება საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30-ე დღეს, რომელიც დაემთხვა კვირის ბოლო სამუშაო დღეს, პარასკევს, 23:59 საათზე გადასახადის გადამხდელმა ბიუჯეტის შესაბამისს ანგარიშზე გადაიხადა (საბანკო გადარიცხვის გზით) საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადები, აგრეთვე, ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხა. მოცემულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, ბიუჯეტის შესაბამისს ანგარიშზე (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) გადახდილი თანხები, აისახა (ჩაირიცხა) მათი გადახდის დღის მომდევნო სამუშაო დღეს – ორშაბათს, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
შეფასება და შედეგი ვინაიდან საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადებისა და ჯარიმის შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ამ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მიუხედავად აღნიშნული თანხის გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ასახვის თარიღისა, ჩაითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა დააკმაყოფილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობა, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში შესაბამისი თანხების ბიუჯეტში გადახდასთან დაკავშირებით.
მუხლი 5. საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების აღიარებას ახორციელებს და, როგორც წესი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (https://eservices.rs.ge) საგადასახადო ორგანოს წარუდგენს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 17¹ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ განცხადებას, რომელშიც განცხადების წარდგენის საფუძვლად მიეთითება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.
მუხლი 6. სპეციალური შეზღუდვები და დაშვებები
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიმართ (მაგალითი №4); ბ) საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემულ იმ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსის 280-ე ან/და 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეფარდებულ ჯარიმის თანხას (მაგალითი №5).
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოქმედება ვრცელდება იმ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, რომლითაც პირს:
ა) არ ერიცხება გადასახადი (მაგალითი №6); ბ) ერიცხება ან მათ შორის ერიცხება მოსაკრებელი (მაგალითი №7); გ) ერიცხება ან მათ შორის ერიცხება მიმდინარე გადასახდელები.
მაგალითი №4 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად 2024 წლის 29 ივლისს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხებია: ძირითადი გადასახადი – 20 000 ლარი, ჯარიმა 10 000 ლარი, საურავი – 5 000 ლარი. გადასახადის გადამხდელმა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე გადაიხადა (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) 25 000 ლარი (ძირითადი გადასახადი სრულად და ჯარიმა – 50%).
შეფასება და შედეგი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილი ვრცელდება მხოლოდ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული იმ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, რომლითაც გათვალისწინებული თანხებიც საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში არის აღიარებულია და არაკორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის მიმართ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის (10 000 ლარის) 50 პროცენტი არ დაექვემდებარება გაუქმებას.
მაგალითი №5 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხებია: ძირითადი გადასახადი – 10 000 ლარი, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის ჯარიმა – 20 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტის შესაბამისს ანგარიშზე (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) გადაიხადა 20 000 ლარი (ძირითადი გადასახადი – სრულად და ჯარიმა – 50%).
შეფასება და შედეგი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოქმედება არ გავრცელდება საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემულ იმ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსის 280-ე ან/და 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეფარდებულ ჯარიმის თანხას. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს ერიცხება ძირითადი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიუხედავად გადასახადის და ჯარიმის თანხის 50 პროცენტის ტოლფასი თანხის გადახდისა, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტი არ დაექვემდებარება გაუქმებას.
მაგალითი №6 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ერიცხება მხოლოდ ჯარიმა – 10 000 ლარი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) გადაიხადა 5 000 ლარი (ჯარიმის 50%).
შეფასება და შედეგი საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან. თავის მხრივ, საგადასახადო მოთხოვნა შეიძლება ერთბაშად არ მოიცავდეს გადახდას დაქვემდებარებულ ყველა კომპონენტს – გადასახადს, ჯარიმას და საურავს. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მოთხოვნით გადასახადის გადამხდელს ერიცხება მხოლოდ ჯარიმა და არ ერიცხება გადასახადი, ჯარიმის თანხის 50 პროცენტის ტოლფასი თანხის გადახდისას, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტი დაექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან სრულდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობა, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში შესაბამისი თანხების ბიუჯეტში გადახდასთან დაკავშირებით.
მაგალითი №7 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხებია: გადასახადი – 15 000 ლარი, მოსაკრებელი – 5 000 ლარი, ჯარიმა – 10 000 ლარი, საურავი – 5 000 ლარი. გადასახადის გადამხდელმა 2024 წლის 10 ოქტომბერს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე (ერთიან სახაზინო კოდზე – [ID·ee4a26]) ჩარიცხა 25 000 ლარი (გადასახადები და მოსაკრებელი – სრულად და ჯარიმა – 50%).
შეფასება და შედეგი მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტის გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების შემდეგ, ბიუჯეტში გადაიხადა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადები და მოსაკრებელი სრულად, აგრეთვე ჯარიმების თანხების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა, ჩაითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა დააკმაყოფილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული თანხების გადახდის პირობა.
თავი III. განცხადების მიღება და განხილვა
მუხლი 7. განცხადების მიღება
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული უფლებით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, მისთვის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, როგორც წესი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან (https://eservices.rs.ge) საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ ამ მეთოდური მითითების დანართი №1-ის შესაბამისად, რომელიც წარედგინება ამ მეთოდური მითითების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ განცხადებასთან ერთად.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ განცხადებას თან უნდა დაერთოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი თანხების ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
- ამ მუხლის პირველი ნაწილითა და მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები, შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის ამოქმედებამდე, საგადასახადო ორგანოს წარედგინება საერთო წესის შესაბამისად.
მუხლი 8. განცხადების განხილვა
- „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ განცხადების განხილვის ეტაპზე, აუდიტორი შეისწავლის:
ა) სრულყოფილად არის თუ არა წარმოდგენილი შესაბამისი განცხადება და წარმოდგენილია თუ არა მასზე დასართავი დოკუმენტ(ებ)ი; ბ) განცხადება წარმოდგენილია თუ არა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში სრულად არის თუ არა ბიუჯეტში გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების ტოლფასი თანხა და ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა.
- აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის ვადაა 10 (ათი) სამუშაო დღე, რომელიც აითვლება ამ განცხადების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.
- თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 (ათი) კალენდარულ დღეს, რის თაობაზეც აცნობებს გადასახადის გადამხდელს წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით (ავტორიზებულ გვერდზე ან/და განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე), რა დროსაც ჩერდება განცხადების განხილვის ვადა. ამასთან, აღნიშნული ვადის დინება განახლდება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის მომდევნო სამუშაო დღიდან (მაგალითი №8). განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, პირის მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღად ჩაითვლება განცხადების თავდაპირველად წარმოდგენის თარიღი.
- საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის თაობაზეც აცნობებს გადასახადის გადამხდელს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ განცხადების, აგრეთვე, განცხადებაზე თანდართული დოკუმენტ(ებ)ის ამ მუხლით დადგენილი წესით განხილვის შემდგომ, აუდიტორი ადგენს დასკვნას ამ მეთოდური მითითების მე-9 მუხლის შესაბამისად.
მაგალითი №8 ფაქტობრივი გარემოება 2024 წლის 30 სექტემბერს გადასახადის გადამხდელს ჩაჰბარდა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხებია: ძირითადი გადასახადი – 20 000 ლარი, ჯარიმა – 10 000 ლარი, საურავი – 5 000 ლარი. 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30-ე დღეს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ორი განცხადება: „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ და „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ მათ არ ახლდა საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგინდა ხარვეზი და გადამხდელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე, რის თაობაზეც ეცნობა გადასახადის გადამხდელს. გადასახადის გადამხდელმა მეხუთე კალენდარულ დღეს, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე, ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადახდა განხორციელებული იყო: I ვარიანტი – საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში; II ვარიანტი – საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ.
შეფასება და შედეგი საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების მიზნით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში გადაიხადოს შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადები სრულად, აგრეთვე, ჯარიმების თანხების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა, ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ განცხადებას „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“ თან უნდა დაერთოს საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადებისა და ჯარიმის 50 პროცენტის ტოლფასი თანხის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. ამდენად, მოცემული პირობებიდან გამომდინარე: I ვარიანტში, რადგანაც, გადახდა განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მიიჩნევა რომ „გადახდის“ ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა დააკმაყოფილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტი დაექვემდებარება გაუქმებას. II ვარიანტში, რადგანაც, გადახდა განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, მიიჩნევა რომ „გადახდის“ ნაწილში, გადასახადის გადამხდელმა ვერ დააკმაყოფილა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული პირობა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმის 50 პროცენტი არ დაექვემდებარება გაუქმებას.
თავი IV. შედეგების გაფორმება მუხლი 9. დასკვნა ამ მეთოდური მითითების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, აუდიტორი ადგენს დასკვნას: ა) საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების მიზანშეწონილობის თაობაზე (განცხადების დაკმაყოფილება), თუ დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და ამ მეთოდური მითითების ყველა აუცილებელ პირობას; ბ) საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების თაობაზე უარის თქმის შესახებ (განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი), თუ დადგინდა, რომ პირი ვერ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და ამ მეთოდური მითითების მოთხოვნას/მოთხოვნებს.
მუხლი 10. ბრძანება ამ მეთოდური მითითების მე-9 მუხლით გათვალისწინებული დასკვნის შედგენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
მუხლი 11. შედეგების ასახვა
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 17¹ მუხლის დებულებების გათვალისწინებით, ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე აისახება:
ა) საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხები სრულად; ბ) საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გაუქმებული ჯარიმების თანხები, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ასახვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესით, ეგზავნება ამ მეთოდური მითითების მე-10 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შესაბამის დასკვნასთან ერთად.
- საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შემთხვევაში, კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არ გამოიცემა.
გადასახადის გადამხდელის დასახელება ______________________________________ საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი ______________________________________ მისამართი ______________________________________ ელ-ფოსტა ______________________________________ ტელეფონი ______________________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“
გაცნობებთ, რომ ჩავიბარე საგადასახადო შემოწმების აქტი (№______________ / თარიღი_____), მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი ბრძანება (№______________ / თარიღი_____) და საგადასახადო მოთხოვნა (№______________ / თარიღი_____). სურვილი მაქვს, ვისარგებლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50%-ის გაუქმების შესაძლებლობით. ამ მიზნით, წინამდებარე განცხადებასთან ერთად, წარმოგიდგენთ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების სრულად და ჯარიმების 50%-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
თარიღი: ___________________ 00 გადასახადის გადამხდელის დასახელება ______________________________________ საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი ______________________________________ მისამართი ______________________________________ ელ-ფოსტა ______________________________________ ტელეფონი ______________________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა „საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტის გაუქმების შესახებ“
გაცნობებთ, რომ ჩავიბარე საგადასახადო შემოწმების აქტი (№______________ / თარიღი_____), მის საფუძველზე გამოცემული შესაბამისი ბრძანება (№______________ / თარიღი_____) და საგადასახადო მოთხოვნა (№______________ / თარიღი_____). სურვილი მაქვს, ვისარგებლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50%-ის გაუქმების შესაძლებლობით. ამ მიზნით, წინამდებარე განცხადებასთან ერთად, წარმოგიდგენთ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების სრულად და ჯარიმების 50%-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
თარიღი: ___________________ დანართი №1