დანართი №08 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 ივნისის ბრძანება №19593
მომსახურების გაწევა
შესავალი
მომსახურების გაწევის ცნება, ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად განხილული ცალკეული ოპერაციები, და ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლით.
მაგალითი 1. (მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით)
პირობა:
ტაქსების კომპანიის დამფუძნებლის მეუღლე უსასყიდლოდ სარგებლობს ამ კომპანიის ტაქსის მომსახურებით, კერძოდ, ერთ-ერთი ტაქსი მას ემსახურება სახლიდან სამსახურში და პირიქით, ტრანსპორტირებით ერთი თვის განმავლობაში (22 სამუშაო დღე). ამ დროს, მოცემული დავალების შესრულებისათვის 1 დღის განმავლობაში:
ჯამური მანძილი შეადგენს 30 კილომეტრს; ტრანსპორტირების სტანდარტული ფასია 32 ლარი დღგ-ის გარეშე; საჭირო დრო შეადგენს საშუალოდ 1,5 საათს; ავტომობილის ხარჯი შეადგენს 0,4 ლარს 1 კმ-ზე; ტაქსის მძღოლის ანაზღაურება შეადგენს საათში 15 ლარს.
შეფასება:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 164-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, ხოლო დასაბეგრი თანხა არის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯის ღირებულება.
მოცემულ შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება ავტომობილსა და მძღოლის ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯების ჯამით, რაც შეადგენს:
22 x (30 x 0.4 + 15 x 1.5) = 759 ლარი.
მაგალითი 2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ფინანსური აქტივის (წილის) რეალიზაცია აუქციონის წესით შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 13 დეკემბრის ბრძანება №31922
პირობა: ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულ ფიზიკურ პირს წარმოეშვა ფულადი ვალდებულება, რომლის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, ხორციელდება შპს A-ს კაპიტალში, მისი კუთვნილი 30%-იანი წილის რეალიზაცია აუქციონის წესით.
შეფასება: სსკ-ის 1611 მუხლის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია (მიწოდება) იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (საქონლის მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი; სსკ-ის 1601 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. მომსახურების გაწევად ასევე განიხილება არამატერიალური ქონების გადაცემა. სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს კაპიტალში წილები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებად/ოპერაციად განიხილება კაპიტალში წილის შეძენასთან, მიმოქცევასთან ან/და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა. წილი, რომელიც წარმოშობს სამეწარმეო საზოგადოებაში დივიდენდის მიღების უფლებას, არის ფინანსური ინსტრუმენტი, ხოლო მისი რეალიზაციის მიმართ გამოიყენება ფინანსური ოპერაციის მარეგულირებელი ნორმა, კერძოდ, სსკ-ის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, კაპიტალში წილების შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან დაკავშირებული ოპერაციები მიეკუთვნება ფინანსურ ოპერაციას. ამდენად, წილი არ განიხილება როგორც საქონელი და მისი აუქციონის წესით რეალიზაციის შემთხვევაზე არ გავრცელდება სსკ-ს სსკ-ის 1611 მუხლით გათვალისწინებული ნორმა. ამასთან, სსკ-ის 171-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფინანსური ოპერაციები/ფინანსური მომსახურება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე.