დანართი № 07 შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 28 აპრილის ბრძანება №13200
ცალკეული საქონლის მიწოდების სპეციალური სქემა
შესავალი ცალკეული საქონლის მიწოდების სპეციალური სქემა გამოიყენება მეორადი ნივთების, ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო ნივთების და ანტიკვარიატის მიწოდების ოპერაციებთან მიმართებაში, თავის მხრივ, მეორადი ნივთების ცნება განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლში. რაც შეეხება დაბეგვრის წესს, აღნიშნული რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1612 მუხლით, ხოლო სპეციალური სქემის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს ინფორმირების წესს, აგრეთვე ხელოვნების ნიმუშების, საკოლექციო და ანტიკვარული ნივთების სახეებს, რომელთა მიწოდება შესაძლებელია დაიბეგროს სპეციალური სქემის მიხედვით, განსაზღვრულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №III-193 დანართში და ამავე ინსტრუქციის XVI2 თავში.
მაგალითი 1. (მეორადი ნივთები - არადასაბეგრი პირისგან შეძენა) პირობა: დასაბეგრი პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია სპეციალური სქემით მოსარგებელე დასაბეგრი დილერების რეესტრში და შესაბამისად წარმოადგენს დასაბეგრ დილერს, არადასაბეგრი ფიზიკური პირისგან 2021 წლის მარტის თვეში ყიდულობს ექსპლუატაციაში ნამყოფ სატვირთო ავტომობილს 20’000 ლარად, რომლის რეალიზაციასაც ახდენს 22’000 ლარად 2021 წლის მაისში.
შეფასება:
აღნიშნულ ოპერაციაზე გავრცელდება სპეციალური სქემის წესები. შესაბამისად, დასაბეგრი პირი ვალდებულია არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივნისისა მაისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ სპეციალური სქემით დაბეგრილი ოპერაციების შესახებ, სადაც ასახავს სატვირთო ავტომობილის შესყიდვის და გაყიდვის ფასს, რა დროსაც:
• დღგ-ით დასაბეგრი თანხა დღგ-ის ჩათვლით (22’000-20’000) = 2’000; და
• გადასახდელი დღგ - 2’000 / 1,18 x0.18 = 305.08 ლარი
გაანგარიშებული დღგ ინფორმაციიდან ავტომატურად გადავა დეკლარაციის დასაბეგრი ოპერაციების დანართის შესაბამის გრაფაში და მონაწილეობას მიიღებს დღგ-ის გაანგარიშებაში, როგორც დარიცხული დღგ-ის თანხის ნაწილი.
მაგალითი 2. (მეორადი ნივთები - დასაბეგრი პირისგან გათავისუფლებული ოპერაციის ფარგლებში შეძენა)
პირობა:
დასაბეგრი დილერი ყიდულობს საფინანსო ინსტიტუტისგან მეორად კომპიუტერს, რომელიც ბანკის მიერ გამოიყენებოდა მხოლოდ გათავისუფლებულ ოპერაციებში, შესაბამისად ბანკის მიერ კომპიუტერის მიწოდება გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე სსკ-ის 171-ე მუხლის მე- 2 ნაწილის თანახმად.
შეფასება:
დასაბეგრი დილერი ამ კომპიუტერის რეალიზაციისას გამოიყენებს სპეციალური სქემის წესებს და მის მიერ ანგარიშგება მოხდება მაგალითი 1-ში (მეორადი ნივთები - არადასაბეგრი პირისგან შეძენა) დაფიქსირებული პროცედურების და გაანგარიშების ანალოგიურად.