დანართი №4
დასაბეგრი პირები შესავალი:
- დასაბეგრი პირის განსაზღვრასთან დაკავშირებული დებულებები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 158-ე მუხლებით.
- წინამდებარე მაგალითებში გამოყენებულ, ტერმინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დასაბეგრი პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა;
ბ) ეკონომიკური საქმიანობა -
ბ.ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა;
ბ.ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;
ბ.გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით.
გ) ფიქსირებული დაწესებულება - ნებისმიერი ადგილი, რომელიც არ არის დასაბეგრი პირის დაფუძნების ადგილი, მაგრამ ხასიათდება მუდმივობის საკმარისი ხარისხით, აგრეთვე სათანადო სტრუქტურით ადამიანური და ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით, რაც აძლევს მას შესაძლებლობას გასწიოს ან მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებისთვის;
მაგალითი 1. (დასაბეგრი პირი) პირობა: ფიზიკურმა პირმა, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისად, ამ ნაწილში წარმოადგენს დასაბეგრ პირს, 2021 წლის განმავლობაში თავისი პირადი მიზნიდან გამომდინარე (ვინაიდან იგი აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას საქართველოს ფარგლებს გარეთ), გაჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლი/ბინა, კერძოდ:
აგარაკი ქალაქგარეთ - 350’000 ლარად; სოფელ ვარდისუბანში და სოფელ შრომაში (შესაბამისად დედის და მამის მხრიდან) მემკვიდრეობით მიღებული საკარმიდამო სახლები - 120’000 ლარად; ორი საცხოვრებელი ბინა - 500’000 ლარად (მათ შორის ერთი ბინა რეალიზაციამდე გაქირავებული ჰქონდა იურიდიულ პირზე). შენიშვნა: ფიზიკურ პირს აღნიშნული ქონების შეძენისას არ უსარგებლია დღგ-ის ჩათვლის უფლებით.
შეფასება:
სსკ-ის 158-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, გარდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებისა;
მოცემული მუხლის მიზნისათვის არაერთჯერადი/რეგულარული ხასიათის საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და ორგანიზებულად;
საქმიანობის არაერთჯერად/რეგულარულ საქმიანობად დაკვალიფიცირების მიზნით მნიშვნელობა ენიჭება პირის განზრახვას და არა ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების ოდენობას ან/და პერიოდს
მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლების/ბინების) რეალიზაცია, განხორციელებულია პირადი მიზნიდან გამომდინარე, და არ ატარებს სისტემატიურ და ორგანიზებულ ხასიათს (პირი არ არის დაკავებული უძრავი ქონებით ვაჭრობით) მიუხედავად იმისა, რომ რეალიზებულია 5 სახლი/ბინა, ვერ ჩაითვლება არაერთჯერად/რეგულარულ მიწოდებად.
აღნიშნულის გათვალისწინებით ხსენებულ ნაწილში ფიზიკური პირის საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების მიწოდება (მის საკუთრებაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის/ბინის მიწოდება) არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
მაგალითი 2. (იპოთეკარები) პირობა: დასაბეგრი ფიზიკური პირის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა. იმის გამო რომ სესხის მიმღებმა ვერ შეძლო დავალიანების დაფარვა, სესხის უზრუნველსაყოფად სესხის გამცემის მიერ რეალიზებულ იქნა იპოთეკით დატვირთული კომერციული ფართი 2021 წლის 20 იანვარს 250’000 ლარად, საცხოვრებელი ბინა 2021 წლის 1 თებერვალს 150’000 ლარად და საცხოვრებელი სახლი 2021 წლის 5 ოქტომბერს 120’000 ლარად.
შეფასება: განსახილველ შემთხვევაში სესხის გამცემი დასაბეგრი პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაკუთრებული აქტივების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების) მიწოდება ხორციელდება მისი ძირითადი ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე (საქონლის მიწოდება ხორციელდება რეგულარული/არაერთჯერადი საქმიანობის ფარგლებში). შესაბამისად, აღნიშნული მიწოდებები (როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი დანიშნულების უძრავი ქონების მიწოდება) განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
მაგალითი 3. (ფიქსირებული დაწესებულება) პირობა: გერმანიაში დაფუძნებული კომპანია საქართველოში ყიდის მანქანა-დანადგარებს, ამ მიზნით მას:
საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში აქვს სასაწყობე ფართი, სადაც ინახავს სარეალიზაციო პროდუქციას; თბილისში გახსნილი აქვს ოფისი (იჯარით ან საკუთრებაში) სადაც ფორმდება ყიდვა/გაყიდვის ხელშეკრულებები; დაქირავებული ყავს პერსონალი ან პირდაპირ აკონტროლებს (მოქმედებენ მისი მითითებების შესაბამისად) სხვა კომპანიის პერსონალს, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის რეალიზაციისათვის მომზადებას, რეკლამირებას, პროდუქციის შესახებ კონსულტაციას და ა.შ. შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში გერმანულ კომპანიას საქართველოში გააჩნია საკმარისი მუდმივობით დამახასიათებელი სტრუქტურა ადამიანური და ტექნიკური რესურსის თვალსაზრისით, რაც საშუალებას აძლევს მას საქართველოში დამოუკიდებლად განახორციელოს საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, ასევე მიიღოს მომსახურება და გამოიყენოს საკუთარი საჭიროებებისათვის, შესაბამისად მას წარმოეშვება ფიქსირებული დაწესებულება საქართველოში.
მაგალითი 4. (ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა) შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის ბრძანება №9390
ფიზიკურმა პირმა 2021 წელს თავისი პირადი/არაეკონომიკური მიზნიდან გამომდინარე გაყიდა უძრავი ნივთი, რომელიც მის მიერ:
ვარიანტი I: გამოიყენებოდა საცხოვრებელი დანიშნულებით ან/და ვარიანტი II: გამიზნული იყო საცხოვრებელი დანიშნულებით გამოსაყენებლად, შესაბამისად მისი შეძენისას მიმწოდებელს არ განუხორციელებია დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულ ფართს მიწოდების მომენტში საჯარო რეესტრის მონაცემებით არ გააჩნდა საცხოვრებელი ფართის სტატუსი.
შეფასება:
სსკ-ის 158-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, გარდა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდებისა; მოცემული მუხლის მიზნისათვის არაერთჯერადი/რეგულარული ხასიათის საქმიანობად განიხილება საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სისტემატურად და ორგანიზებულად; საქმიანობის არაერთჯერად/რეგულარულ საქმიანობად დაკვალიფიცირების მიზნით მნიშვნელობა ენიჭება პირის განზრახვას და არა ფაქტობრივად განხორციელებული ქმედების ოდენობას ან/და პერიოდს
მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად საჯარო რეესტრის მონაცემებისა, ვინაიდან ფაქტობრივად ფართი გამოიყენებოდა ან გამიზნული იყო საცხოვრებელი დანიშნულებით გამოსაყენებლად და მისი მიწოდება განხორციელებულია პირადი მიზნიდან გამომდინარე, მიწოდების ოპერაცია არ ჩაითვლება ეკონომიკურ საქმიანობად და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.